
"მარცხით გაწბილებული კრემლის ამოცანაა, რომ ჯილდოდ წაიღოს საქართველო" - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა და შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ "თუ ევროკავშირის მომავალ წევრებს არ ექნებათ იგივე ხმის უფლება, როგორიც აქვთ მოქმედ წევრებს, ამგვარი კავშირის წევრობისკენ სწრაფვა არ არის ის, რაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში წერია".
პაპუაშვილი EU-ს წინააღმდეგ - "ამგვარი კავშირის წევრობისკენ სწრაფვა არ არის ის, რაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში წერია
გრიგოლ გეგელიას თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადება სრული სიცრუეა.
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი განმარტავს, რომ ევროპული კომისიის ინიციატივის მიზანია შესაძლებელი გახდეს ეტაპობრივი ინტეგრაცია და საბოლოოდ სრულყოფილი გაწევრიანება.
გრიგოლ გეგელია აღნიშნავს, რომ სინამდვილეში ასეთი მოდელის დამკვიდრება ამარტივებს უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირიში.
დღეს აშკარა გახდა, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვა და მისი მარიონეტული რეჟიმი გადავიდა სპეც-ოპერაციის ახალ ფაზაში. რუსეთის ახალი დაკვეთა, როგორც ჩანს, არის რომ საქართველოს ფორმალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე იქნას გაუქმებული უახლოეს მომავალში.
ბოლო დროს რუსული ინტერესი დამარცხდა სომხეთში, უნგრეთში, მოლდოვასა და უკრაინაში. მარცხით გაწბილებული კრემლის ამოცანა ახლა არის, რომ ჯილდოდ წაიღოს საქართველო და მას ამაში მხარს უბამს საოკუპაციო რეჟიმი.
პარლამენტის სპიკერის განცხადება, რომლის თანახმად თურმე ევროკავშირი აპირებს სახელმწიფოები დაყოს პირველხარისხოვან და მეორეხარისხოვან სახელმწიფოებად, არის მორიგი ცრუ-პროპაგანდისტული თავდასხმა ევროკავშირზე. პაპუაშვილის განცხადება არის სრული სიცრუე.
სინამდვილეში, ევროპული კომისია მსჯელობს იმაზე თუ როგორ შექმნას დამცავი მექანიზმები და გარდამავალი პერიოდის წევრობის მოდელი, რაც ემსახურება ევროპული კავშირის გაძლიერებას და ახალი წევრების შემატებით შექმნილი შესაძლო რისკების დაზღვევას. სხვანაირად თუ ვიტყვით, ამ ინიციატივის მიზანია შესაძლებელი გახდეს ეტაპობრივი ინტეგრაცია და საბოლოოდ სრულყოფილი გაწევრიანება.
ქოცური პროპაგანდა საქმეს ისე წარმოაჩენს, თითქოს ევროკავშირის მიზანი იყოს სახელმწიფოების კლასიფიკაცია უპირატეს და ნაკლებად მნიშვნელოვან სახელმწიფოებად. ესეც არის ტყუილი. სინამდვილეში, ასეთი მოდელის დამკვიდრება - თუ ეს საერთოდ მოხდა - ამარტივებს უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს ინტეგრაციას, რადგან ეს მოდელი პასუხობს იმ შიშებსა და სკეპტიციზმს, რაც რიგ სახელმწიფოებს გააჩნია ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. მარტივად თუ ვიტყვით: ამ მოდელის დანერგვის შემთხვევაში, საქართველო უფრო მალე და უმტკივნეულოდ შეძლებს ევროკავშირში გაწევრიანებას.
და აი სწორედ ეს აშინებს რუსულ საოკუპაციო რეჟიმს და მის სპიკერ პაპუაშვილს. ნებისმიერი ნორმალური პრო-ქართული და პრო-ევროპული რეჟიმი მიესალმებოდა ევროკომისარ მარტა კოსის ინიციატივას. მაგრამ, ცხადია რეჟიმი რომელიც არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს იქცევა საპირისპიროდ.
ნაცვლად იმისა, რომ მმართველი გუნდი დგამდეს ნაბიჯებს ევროპისკენ, ჩვენი ქვეყანა იღებდეს მილიარდობით დაფინანსებას რასაც იღებს მოლდოვა და უკრაინა, ნაცვლად იმისა რომ ყველა ნაბიჯი ემსახურებოდეს მეტი კეთილდღეობის, მშვიდობის და განვითარების ინტერესებს, ამ რეჟიმის პირობებში ოფიციალურად გაგვასწრო უკრაინამ და მოლდოვამ, რომლებმაც დაიწყეს გაწევრიანებაზე მოლაპარაკება, ამით საბოლოოდ დამთავრდა ასოცირებული ტრიო, რადგანაც ჩვენი ქვეყანა იქცა მაჩანჩალად და ვხედავთ რომ საქართველო უკან მოიტანა არამარტო ტრიოს ორმა ქვეყანამ არამედ სომხეთმაც კი რომელიც ყველა პარამეტრით ჩამორჩებოდა ჩვენს ქვეყანას," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.