
თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის პროცესი მიმდინარეობს. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, რომელსაც კანცელარიის შენობის გადაწვის მცდელობის გამო ტერორიზმს ედავებიან, განაჩენს თვის ბოლომდე გამოუტანენ. პროცესები ფორსირებულად მიმდინარეობს.
დღეს ბრალდებას დასაკითხად მიყვანილი ჰყავს ექსპერტები, რომლებმაც სამედიცინო და ქიმიური ექსპერტიზები ჩაატარეს. სხდომას ესწრება ალეკო ელისაშვილი.
„ექსპერტები დაიკითხებიან, რომლებმაც ჩაატარეს ექსპერტიზა, ადასტურებენ იმას, რომ 110 ლარიანი ზიანი იყო მიყენებული ჯამში მატერიალური კუთხით. ხოლო მთავარ დანაშაულის იარაღზე, რომელზეც ამბობენ, რომ ტერაქტი უნდა განხორციელებულიყო სანთებელათი, მასზე არ არის გამოვლენილი ბრალდებულის არც ბიოლოგიური და არც სხვა რაიმე კვალი და კავშირი. შესაბამისად, ექსპერტების დაკითხვის დროს ამ გარემოებებზე გავამახვილებთ ყურადღებას.
საქმე განიხილება უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა არის, რომ სანთებელაზე ელისაშვილის კავშირი ჩატარებული საექსპერტო კვლევებით არ დადასტურდა“, - განაცხადა ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა სხდომის დაწყებამდე.
ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.