
უსამართლობა გრძელდება, როცა ამბობენ, რომ უკრაინისა და მოლდოვის მიმართ მოლაპარაკებები გაიხსნება და საქართველოს მიმართ – არა, ცუდია, როცა ქვეყანას უსამართლოდ ექცევიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ლიდერი იყო.
„რაღაც ახალი ტენდენცია წამოვიდა. ხვდებიან, რომ მთელი ქართველი მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა ნიშნავს, რომ შედეგს ვერ მიაღწევენ და ევრობიუროკრატიის მიმართ უკმაყოფილება კიდევ შეიძლება გაიზარდოს. ამიტომ ახლა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს ალაპარაკებენ, რომ თურმე ისინი ევროკავშირს მიმართავენ, რომ სადამსჯელო ღონისძიებები მხოლოდ ხელისუფლების მიმართ გაატარონ და ქართველ ხალხს არ შეეხონ. ვიღაცას უნდა, ასეთ სისულელეებზე პოლიტიკური ქულები დაიწეროს, მაგრამ ფაქტია, რომ ევრობიუროკრატია მთელ ქართველ ხალხს ერჩის, როცა ასეთ ნაბიჯებს დგამს. საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ლიდერი იყო. თავად აქვეყნებდნენ შედეგებს, რომ კანდიდატებს შორის ლიდერები ვიყავით. შემდეგ, როცა დასკვნებს ან რეზოლუციებს იღებდნენ, მასში საპირისპირო შედეგები შეჰქონდათ. უსამართლობა გრძელდება, როცა ამბობენ, რომ უკრაინისა და მოლდოვის მიმართ მოლაპარაკებები გაიხსნება და საქართველოს მიმართ – არა. ცუდია, როცა ქვეყანას უსამართლოდ ექცევიან“, – განაცხადა შარმანაშვილმა.