
ბებია, რომლის შვილიშვილიც საზმაუს ეთერში სიმღერის დროს დაეცა, მიმართვას ავრცელებს და ანკას მეგობრების მშობლებს მიმართავს.
როგორც ნინო კუხალეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, “როგორც მოსალოდნელი იყო, მთავარი საკითხის ნაცვლად ყურადღების გადატანის მცდელობაც დაიწყო, იყო ზარები ანკას დედასთან სხვა ბავშვების მშობლებისგან.“
მისი თქმით, ამას დაემატა კომენტარები, მიწერ - მოწერა, სადაც ამბობდნენ, რომ ამბავი საჯაროდ არ უნდა გახმაურებულიყო და საჭირო იყო საკითხის „შიგნით“ მოგვარება.
"როგორც მოსალოდნელი იყო, მთავარი საკითხის ნაცვლად ყურადღების გადატანის მცდელობაც დაიწყო. იყო ზარები ანკას დედასთან სხვა ბავშვების მშობლებისგან - გონივრულიც და არაგონივრულიც. ამას დაემატა კომენტარები, მიწერ - მოწერა, რომელთა შინაარსიც ერთიდაიგივეა (შენახული მაქვს): ეს ამბავი საჯაროდ არ უნდა გახმაურებულიყო, რომ საჭირო იყო საკითხის „შიგნით“ მოგვარება, რომ საზოგადოება სხვა ბავშვებს დააზიანებდა და ყველას ერთნაირი ფსიქიკა არ აქვს.
თავს ვალდებულად ვთვლი, ამ ფაქტებს გამოვეხმაურო, ეს იქნება ანკას მეგობრების მშობლებისადმი მიმართვა. იმედი მაქვს, ეს ამ თემაზე ჩემი ბოლო საჯარო წერილი იქნება. მიუხედავად, იმისა რომ ჩემს პირველ წერილში ვეცადე ნათლად დამეფიქსირებინა ჩემი პოზიცია ყველა საკითხთან მიმართებაში, მათ შორის იქ მყოფ ბავშვებთან მიმართებაში, კიდევ ერთხელ განვმარტო.
უპირველეს ყოვლისა, მადლობა იმ მშობლებს, რომლებმაც მომხდარი გონივრულად გაიაზრეს და ანკას დედას მდგომარეობა შეუმსუბუქეს. ამ შემთხვევით მხოლოდ ანკა არ დაზარალებულა. იმ წუთებში სცენაზე მდგომი ყველა ბავშვი დაზარალდა. ამის დასტურია მათი პირველი რეაქციები. ეს არ გამომპარვია. ბავშვები დაიბნენ. მათ სახეებზე იკითხებოდა შიში და გაურკვევლობა. დარწმუნებული ვარ, მათი ბუნებრივი ადამიანური რეაქცია იქნებოდა გაჩერება და თანატოლისთვის დახმარების გაწევა, რომ არა უფროსების მინიშნება - გააგრძელეთ.
ანკას დედის გადმოცემით ვიცი, ტელევიზიიდან გამოსული ბავშვები, რომლებიც უშუალოდ ანკას გვერდით იდგნენ და შეესწრნენ მის წაქცევას, ტიროდნენ და ამბობდნენ, რომ ანკა ცუდად გახდა. მათგან გაიგო დედამ შვილის ამბავი.
ბავშვებმა საკუთარი თვალით ნახეს, როგორ დაეცა მათ გვერდით ბავშვი და როგორ გაგრძელდა ყველაფერი ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. მათ ძალიან მძიმე გაკვეთილი მიიღეს: რომ ზოგჯერ რაღაც შეიძლება ადამიანზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს; რომ ეს რაღაც შეიძლება ბავშვის უსაფრთხოებაზე წინ დადგეს; რომ დაწყებული საქმე უნდა გააგრძელო მაშინაც კი, როცა შენს გვერდით ვიღაცას დახმარება სჭირდება.
და სწორედ ეს არის ის, რაზეც ყველა უნდა დავფიქრდეთ.
ბავშვები უფროსებისგან სწავლობენ. ისინი აკვირდებიან არა იმას, რასაც ვეუბნებით, არამედ იმას, რასაც ვაკეთებთ. თუ ასეთ დროს უფროსები გაჩუმდებიან, გაამართლებენ მომხდარს ან შეეცდებიან პასუხისმგებლობის გადატანას, ბავშვებიც სწორედ ამას ისწავლიან.
არავის ვუსურვებ, რომ საკუთარი შვილი ან შვილიშვილი მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდეს. მაგრამ თუ დღეს არ ვიტყვით, რომ ეს არასწორი იყო, ხვალ იგივე შეიძლება სხვა ბავშვს დაემართოს.
საჯაროდ საუბარი ყოველთვის ვინმეს დასჯას არ ნიშნავს. ზოგჯერ ეს არის მცდელობა, ერთი მტკივნეული შემთხვევა საერთო გაკვეთილად ვაქციოთ. დუმილი პრობლემას არ აგვარებს. დუმილი მხოლოდ მისი გამეორების ალბათობას ზრდის.
მესმის მშობლების შიშიც. ბუნებრივია, არც ერთ მშობელს არ უნდა, რომ მის შვილს საზოგადოების მხრიდან უხეში შეფასებები შეეხოს. მაგრამ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ბავშვები და უფროსები.
ბავშვები არ არიან დამნაშავეები. არც ის ბავშვები, რომლებმაც სიმღერა გააგრძელეს. ისინი იმ რეაგირებას მიჰყვნენ, რასაც უფროსებისგან იღებდნენ. პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც იმ მომენტში უნდა შეეჩერებინათ პროცესი, შეეფასებინათ საფრთხე და ბავშვის უსაფრთხოება ყველაფერზე წინ დაეყენებინათ.
ამიტომ დღეს მშობლების ყველაზე დიდი ამოცანა ერთმანეთის დაცვა კი არა, შვილების დახმარებაა. უნდა დაველაპარაკოთ მათ იმაზე, რაც მოხდა. უნდა გამოვუტყდეთ, რომ ეს იყო უფროსების შეცდომა. ავუხსნათ, თუ მათ გვერდით ვინმე ცუდად გახდება, დახმარების გაწევა უპირველესია. უნდა ვასწავლოთ, რომ თანაგრძნობა სისუსტე არ არის და რომ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტაში, პირდაპირი ეთერი, წარმატებული გამოსვლა თუ სხვისი მოლოდინების გამართლება.
ჩემი გადმოსახედიდან, იმ ადამიანებმა, რომლებმაც შეცდომა დაუშვეს და ბავშვებს ასეთი მძიმე გაკვეთილი აჩვენეს, ბოდიში სწორედ ბავშვებს უნდა მოუხადონ.
შეიძლება ამ ამბავმა ბევრი ტკივილი მოიტანა, მაგრამ თუ მისგან სწორ დასკვნას გამოვიტანთ, ის ბავშვებისთვის მნიშვნელოვან გაკვეთილად იქცევა.
მე არ მინდა, ბავშვებმა ამ შემთხვევიდან ისწავლონ, რომ უნდა გააგრძელონ სიმღერა მაშინ, როცა მათ გვერდით ბავშვი იატაკზე წევს და დახმარება სჭირდება.
მე მინდა, მათ ისწავლონ, რომ ასეთ დროს უნდა გაჩერდნენ, შეამჩნიონ, მიუახლოვდნენ და დაეხმარონ. და ავუხსნათ, რომ ეს არ არის დისციპლინის დარღვევა - ეს გმირობის ტოლფასია.
ჩვენი მთავარი მიზანი მხოლოდ პროფესიონალების გაზრდა კი არ არის. ჩვენ ადამიანები უნდა გავზარდოთ.
ბავშვების სიყვარულით დავიწყე ამ სივრცეში ამ თემაზე საუბარი და მათი სიყვარულითვე ვამთავრებ: გონივრულად გვიყვარდეს ბავშვები და გავუფრთხილდეთ მათ",- წერს ბებია.
კადრებმა, სადაც ჩანს, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში 10 წლის გოგონა დაეცა, ხოლო მის დასახმარებლად რეაგირება რამდენიმე წუთის განმავლობაში არავის მოუხდენია, საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია.
ინციდენტი 9 ივნისს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დღის გადაცემაში მოხდა, როცა "პირველ არხზე" "სიმღერის აკადემიის" წევრები იყვნენ მიწვეულები.