
უკრაინა ომის დასრულების წინადადებით გამოდის - პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუს კოლეგას შეხვედრას სთავაზობს, თუმცა, არა მოსკოვსა და კიევში, არამედ ვლადიმერ პუტინს ისეთ ქვეყნებზე მიუთითებს, რომლებიც მასპინძლობენ ლიდერებს ომისა და მშვიდობის საკითხების მოსაგვარებლად, მათ შორის ასახელებს შვეიცარიას, თურქეთს, არაბული სამყაროს ქვეყნებს.
ზელენსკის ღია წერილს კრემლიდან ეხმიანებიან და უკრაინის პრეზიდენტს "მოსკოვში ეპატიჟებიან", თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს წერილი თავად პუტინს ჯერ არ განუხილავს.
"უკრაინა ჩვენსა და თქვენს შორის ომის დასრულების წინადადებით გამოდის. შეხვედრას გთავაზობთ.
ყველამ გაიგონა თქვენი წარმომადგენლები ღიმილით როგორ ამბობდნენ, რომ მოსკოვში უნდა ჩავიდე, მაგრამ 26 წლის შემდეგ თქვენს დედაქალაქში უკრაინის ლიდერს არაფერი ესაქმება, ისევე, როგორც რუსეთის ლიდერს კიევში.
არის ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად მასპინძლობენ ლიდერებს ომისა და მშვიდობის საკითხების მოსაგვარებლად. შვეიცარია, თურქეთი, არაბული სამყაროს ქვეყნები - ბევრს შეუძლია და სურს ასეთი შეხვედრის მასპინძლობა.
ლიდერები წყვეტენ საკვანძო საკითხებს - ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება.
გთავაზობთ შეხვედრის კონკრეტული თარიღის ჩანიშვნას", - წერს ზელენსკი.
- ზელენსკი:"ყველამ გაიგონა თქვენი წარმომადგენლები ღიმილით როგორ ამბობდნენ, რომ მოსკოვში უნდა ჩავიდე, მაგრამ 26 წლის შემდეგ თქვენს დედაქალაქში უკრაინის ლიდერს არაფერი ესაქმება, ისევე, როგორც რუსეთის ლიდერს კიევში"
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი წერილში საუბრობს ომის დასრულების საკითხის მოლაპარაკებებში სხვა აქტორების მონაწილეობაზე, ერთ-ერთ პირობად კი ევროპელების მონაწილეობას ასახელებს. ზელენსკი ხაზს უსვამს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფნის საჭიროებაზე პროცესში.
"გავიგეთ ალასკაში როგორ დადეთ პირობა უკრაინასთან და ევროპასთან დაკავშირებით რაღაც საკითხების მოგვარებაზე. მაგრამ, როგორც ხედავთ, უკრაინული და ევროპული საკითხები ანკორიჯში არ წყდება.
სხვა გარკვეულ მონაწილეებს შეეძლებათ ჩვენს შორის დაწყებული ორმხრივი მოლაპარაკებებისადმი შეერთება.
ვინაიდან ომი ევროპაში მიმდინარეობს, და ჩვენ უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება და თქვენ თქვენთვის გინდათ უსაფრთხოების გარანტიები, ლოგიკურია იმათი მოწვევა, ვისაც ნამდვილად შეუძლია გარანტორის როლის შესრულება.
ჩვენ გვჯერა, რომ ევროპის მონაწილეობა საჭიროა - მათი, ვისაც ნამდვილად აქვს ვითარებაზე გავლენის შესაძლებლობა.
ჩვენ გვჯერა, რომ აშშ უნდა იყოს პროცესში, და ამას შეუძლია მსოფლიოს ჩვენს ნაწილში უსაფრთხოების ახალი კონფიგურაციის განსაზღვრა", - ნათქვამია ზელენსკის წერილში.
უკრაინის პრეზიდენტი წერილში აღნიშნავს, რომ თუ ვლადიმერ პუტინი არ მივა იდეამდე, რომ ომის დასრულების დროა, უკრაინა ბრძოლას გააგრძელებს არსებობისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინს გაცილებით რთული ბრძოლა მოუწევს, არა რუსეთის, არამედ პერსონალური არსებობისთვის.
ზელენსკი ხაზს უსვამს, რომ ეს მუქარა არ არის, არამედ ფაქტი რუსეთის ისტორიიდან.
"გვჭირდება იმის განსაზღვრა, თუ როგორი მომავალი იქნება უკრაინელებისა და რუსების მომავალი თაობებისთვის. თუ თქვენ პერსონალურად თქვენ აზრებში არ მიხვალთ იმ იდეამდე, რომ ამ ომის დასრულების დროა, უკრაინა გააგრძელებს თავისი არსებობისთვის ბრძოლას. გვეყოლება ისინი, ვინც მხარს დაგვიჭერს. მაგრამ ასევე მოგიწევთ გაცილებით უფრო რთული ბრძოლა თქვენი არსებობისთვის - არა რუსეთის, არამედ პირადად თქვენი. და ეს მუქარა არაა ჩემგან ან უკრაინისგან. ეს რუსეთის ისტორიის ფაქტებია, რომლებიც კარგად იცით: რუსეთი იღლება, ცვლილებები ხდება", - ნათქვამია ზელენსკის წერილში.
რას პასუხობენ კრემლიდან წერილს
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ზელენსკის ღია წერილს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ვლადიმერ პუტინს ჯერ შესაძლებლობა არ ჰქონია წაეკითხა - თუ მას შეხვედრა სურს, ნებისმიერ მომენტში შეუძლია მოსკოვში ჩამოსვლა".
"კი, ვნახეთ. მან [ზელენსკიმ] ის იმ დროს გამოაქვეყნა, როდესაც პრეზიდენტს ღონისძიება ჰქონდა. პრეზიდენტს ჯერ შესაძლებლობა არ ჰქონია ის წაეკითხა.
მე მქონდა შესაძლებლობა. ამას შევატყობინებთ პრეზიდენტს მას შემდეგ, რაც უზბეკეთის პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ნაწილი დასრულდება", - განაცხადა პესკოვმა.
- პესკოვი: "პრეზიდენტს ჯერ შესაძლებლობა არ ჰქონია წერილი წაეკითხა"
მისი თქმით, თუ ზელენსკის პუტინთან შეხვედრა სურს, მას "ნებისმიერ მომენტში" შეუძლია მოსკოვში ჩასვლა.
აშშ-ს პოზიცია
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა შესანიშნავი იქნება.
„მიხარია, რომ შესაძლოა შეხვედრაზე საუბრობდნენ. ვფიქრობ, შესანიშნავი იქნება, თუ შეხვდებიან", - განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს.
ამასთან, მისი თქმით, ორივე მხარე კომპრომისზე უნდა წავიდეს.
„ორივე კომპრომისზე წავა, მე ეს კომპრომისები შევთავაზე და იცით, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ბევრი რამ გავაკეთეთ", - აღნიშნა ტრამპმა.
ღია წერილის მნიშვნელობა
სამხედრო და პოლიტიკური ექსპერტები ამ ნაბიჯს რამდენიმე კუთხით აფასებენ - დიპლომატიური მანევრი და პასუხისმგებლობის გადატანა.
ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს წერილი არის უკრაინის მხრიდან ჭკვიანური ტაქტიკური სვლა, რათა საერთაშორისო ასპარეზზე, განსაკუთრებით აშშ-ის ადმინისტრაციისა და დასავლეთის თვალში აჩვენოს, რომ უკრაინა მზად არის კონსტრუქციული მშვიდობისთვის, ხოლო რუსეთი - არა. თუ პუტინი შეხვედრაზე უარს იტყვის (რაც მოსალოდნელია), ომის გაგრძელებაზე სრული პასუხისმგებლობა მას დაეკისრება.
მეორე, ეს არის ძალის პოზიციიდან საუბარი. ექსპერტები ყურადღებას აქცევენ იმას, რომ წერილი არ არის დაწერილი სუსტი მხარის პოზიციიდან. ზელენსკიმ მასში ხაზი გაუსვა უკრაინის გაზრდილ სამხედრო პოტენციალს, კერძოდ, სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე განხორციელებულ დრონების თავდასხმებს (1000 კილომეტრზე მეტ მანძილზე). ანალიტიკოსების აზრით, უკრაინა ცდილობს პუტინს დაანახოს, რომ ომის გაჭიანურება რუსეთის შიდა უსაფრთხოებას და ეკონომიკას სულ უფრო მეტად დააზიანებს.
გარდა ამისა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ვაშინგტონის ყურადღება ბოლო დროს ირანთან კონფლიქტზეა გადატანილი. ზელენსკიმ წერილში პირდაპირ თქვა, რომ უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ იჯდეს და ელოდოს, როდის მოიცლის ამერიკა ევროპისთვის.
ანალიტიკოსების შეფასებით, შეხვედრა თეორიულად შესაძლებელია, თუმცა პრაქტიკულად ნაკლებად სავარაუდოა. მათი აზრით, პუტინი არ დათანხმდება ნეიტრალურ ზონაში შეხვედრასა და ცეცხლის შეწყვეტას უკრაინის პირობებით, ხოლო ზელენსკი არ ჩავა მოსკოვში კაპიტულაციისთვის.
ექსპერტთა შეფასებით, წერილი უფრო მეტად პოლიტიკური და სტრატეგიული გზავნილია, ვიდრე უახლოეს დღეებში რეალური მოლაპარაკებების დაწყების გარანტი.