
აშშ-ის კონგრესმა კენჭისყრაზე გაიტანა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მკვეთრ გამკაცრებას, რუსულ საქონელზე 500-პროცენტიანი ბაჟის დაწესებასა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების, მათ შორის ლენდ-ლიზის პროგრამის გაგრძელებას ითვალისწინებს. წინასწარი ინფორმაციით, კენჭისყრა შეიძლება უკვე ამ კვირაში გაიმართოს.
ანალიტიკოსთა ნაწილი ამ ყველაფერს უკრაინის ომსა და ჩიხში შესულ მოლაპარაკებებს უკავშირებს. მათი შეფასებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამ გზით ეცდება კრემლზე ზემოქმედების მოხდენას, რათა უკრაინის საკითხში დათმობაზე წასვლა აიძულოს. თუმცა, ჯერჯერობით თავად პრეზიდენტ ტრამპს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით თავისი პოზიცია არ დაუფიქსირებია.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 3 ივნისს დასაშვებად სცნო კანონპროექტის კენჭისყრაზე გადატა. ამ გადაწყვეტილების მისაღებად მინიმუმ 218 ხმა იყო საჭირო და კონგრესშიც ზუსტად ეს რაოდენობა შეგროვდა, 204 კი წინააღმდეგი იყო.
ეს კანონის მხარდამჭერებს საშუალებას აძლევს წარმომადგენელთა პალატის სპიკერისა და პროფილური კომიტეტების გვერდის ავლით გაიტანონ კანონპროექტი კენჭისყრაზე. მისი ერთ-ერთი თანაავტორი, დემოკრატი კონგრესმენი გრეგორი მიქსი იმედოვნებს, რომ კენჭისყრა უკვე ამ კვირაში გაიმართება.
კანონპროექტი რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს, მათ შორის, შეზღუდვების დაწესებას ქვეყნის პირველი პირების, სამხედროების, უმსხვილესი რუსული ბანკებისა და ენერგეტიკული კომპანიების მიმართ. გარდა ამისა, კონგრესმენები გამოდიან ინიციატივით, რუსულ საქონელზე 500-პროცენტიანი ტარიფები დაწესდეს და აიკრძალოს ნებისმიერი იმ ნავთობპროდუქტის მიწოდება, რომელიც რუსული ნედლეულისგანაა დამზადებული.
რუსულ გამოცემები წერენ, რომ ეს კანონპროექტი რაიმე სერიოზულ ცვლილებებს არ გამოიწვევს, რადგანაც აშშ-სა და რუსეთს შორის ვაჭრობა ისედაც ისტორიულ მინიმუმზეა. თუმცა, შეიძლება თავად აშშ-ს შეუქმნას პრობლემები. რუსეთი მსოფლიოში გამდიდრებული ურანის უმსხვილესი მიმწოდებელია (განსაკუთრებით აშშ-ის ატომური ელექტროსადგურებისთვის) და ასეთი ბაჟი ამერიკაში ელექტროენერგიის კოლოსალურ გაძვირებას გამოიწვევს.
- ახალი კანონპროექტით, 2026 და 2027 წლებში უკრაინისათვის 300-300 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარება გამოყოფა, ლენდ-ლიზის პროგრამის 2028 წლამდე გაგრძელება.
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში შესულია პუნქტი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის შესახებაც. კერძოდ, შემოთავაზებულია კიევისთვის 2026 და 2027 წლებში 300-300 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა, ასევე უკრაინისთვის ლენდ-ლიზის პროგრამის 2028 წლამდე გაგრძელება, რაც იარაღისა და სხვა სახის დახმარების გამარტივებული პროცედურით მიწოდებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ თავის დროზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ, თუმცა აღნიშნა, რომ მათი დაწესება არ სურს. ნოემბერში ამერიკის ლიდერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი უახლოეს მომავალში რუსეთის მიმართ „ძალიან მძლავრ" სანქციებს აამოქმედებდა. მაშინვე მან უკრაინას თეთრი სახლის სამშვიდობო გეგმაზე გადაწყვეტილების მისაღებად დედლაინი განუსაზღვრა და ვარაუდი გამოთქვა, რომ კიევი „ძალიან მოკლე ვადებში" დაკარგავდა დონბასის დარჩენილ ნაწილებს.
თებერვალში აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო მთელი რიგი ანტირუსული სანქციების მოქმედების ვადა ოფიციალურად გაახანგრძლივა. საუბარია 2014, 2018 და 2022 წლებში მიღებულ შეზღუდვებზე. დოკუმენტის თანახმად, ყველა ეს სანქცია ძალაში 2026 წლის 6 მარტის შემდეგაც რჩება.