"თუ მრეწველობა და სამეურნეო დარგები არ განვითარდა, ვერავითარ ზრდაზე ვერ ვისაუბრებთ“
თამარ ვეფხვაძე
04.06.2026

2026 წლის პირველ კვარტალში, ბიზნეს სექტორში საშუალო თვიური ხელფასი 2 335 ლარამდე გაიზარდა, ხოლო სექტორის ბრუნვის მოცულობა - 62 მილიარდ ლარამდე. თუმცა, „საქსტატის“ ინფორმაციას დეტალურად თუ გავეცნობით, აღმოვაჩენთ, რომ სინამდვილეში, ხელფასიც და ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობაც მომსახურების ზრდის ხარჯზე გაიზარდა და არა - რეალური ეკონომიკის (მეორნეობების, მრეწველობის) განვითარების კვალდაკვალ. სწორედ ამ საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას სტატისტიკოსები და ეკონომისტები, რომლებიც აცხადებენ, რომ წინსვლა თუ არ აისახა ხალხის კეთილდღეობაზე, ვერავითარ ზრდაზე ვერ ვილაპარაკებთ. 

„საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.7%-ით გაიზარდა და 62 მილიარდი ლარი შეადგინა. ამ პერიოდში, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი, ანუ 36.8% მოდიოდა ხელოვნების, გართობისა და დასვენების დარგზე, მეორე ადგილს იკავებდა ვაჭრობა (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) - 31.4%-იანი წილით, შემდეგ მოდიოდა დამამუშავებელი მრეწველობა - 7.4%-იანი წილით, მშენებლობა - 4.5%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 4.5%-იანი წილით, ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4.4%იანი წილით, ხოლო 10.9% დანარჩენ დარგებზე განაწილდა.

ვინაიდან ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა ხელოვნების, გართობის, დასვენების, ვაჭრობის და ტრანსპორტის ხარჯზე გაიზარდა, ეს ნიშნავს, რომ ვითარდება მომსახურები სფეროს. მათი წილი ბიზნესის ბრუნვის სექტორში 75%-მდეა. არადა, ქვეყანაში ეკონომიკის რეალური სექტორი უნდა განვითარდეს, რათა ეკონომიკური კეთილდღეობა ხალხზე აისახოს და სამუშაო ადგილებიც შეიქმნას. 

სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ „რეზონანსთან“ საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ აქცენტს ბრუნვაზე არ უნდა ვაკეთებდეთ, რადგან უფრო რეალურ სურათს იძლევა პროდუქციის გამოშვება. 

„ამ შემთხვევაში, პროპორციები განსხვავებული იქნებოდა, რადგან პროდუქციის გამოშვებაში ვაჭრობასა და რეალურ სექტორს უკავია შედარებით მაღალი წილი. ბიზნეს სექტორის ბრუნვის მაჩვენებელი კი ბევრს არაფერს გვეუბნება. თუ მიაქციეთ ყურადღება, მართალია, ბრუნვა 62 მილიარდია, მაგრამ თითქმის სამჯერ ნაკლებია პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი - 23 მილიარდი ლარის ოდენობით. ამიტომაც სჯობს, აქცენტი გავაკეთოთ პროდუქციის გამოშვებაზე და არა - ბრუნვაზე. 

კი, ბატონო, ხელოვნებას და გართობა-დასვენებას კი უჭირავს დიდი წილი, მაგრამ თუ პროდუქციის გამოშვებას მივაქცევთ ყურადღებას, იქ დამამუშავებელი მრეწველობაა პირველ ადგილზე, შემდეგ მოდის ვაჭრობა და მშენებლობა, ანუ სადაც რეალურად იქმნება პროდუქცია ან ისეთი მომსახურება გაიწევა (ვაჭრობის სფერო), რაც საზოგადოებრივი ინტერესების დასაკმაყოფილებლად აუცილებლობას წარმოადგენს“, - განუცხადა „რეზონანსს“ სოსო არჩვაძემ.  

მისი თქმით, მნიშნელოვანია კიდევ ერთი გარემოება, რომლის მიხედვითაც, ბიზნეს სექტორის ბრუნვაში თბილისის წილი უფრო მაღალია. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი არის დედაქალაქი. 

„ერთი მხრივ, ეს კარგია, მაგრამ მეორე მხრივ, ანუ ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით, გარკვეულ რისკებსაც შეიცავს. ჩვენ გვინდა დარგობრივი და სივრცობრივი განვითარება და სწორედ ამას უნდა მიექცეს მეტი ყურადღება. ვგულისხმობ იმას, რომ მეტი ინვესტიცია უნდა წავიდეს რეგიონებში, რათა იქ სამუშაო ადგილები შეიქმნას. 

სამწუხაროდ, თბილისი თავკომბალას დაემსგავსა მოსახლეობის რაოდენობისა და დასაქმების მაჩვენებლების მიხედვით. სახელმწიფოებრივი განვითარებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, პირველ რიგში, უდიდესი მნიშვნელობა აქვს რეგიონების სიმეტრიულ განვითარებას, რათა ადგილზე სამუშაო ადგილის შოვნა ისეთივე ხელმისაწვდომი იყოს, როგორც დედაქალაქში“, - აღნიშნა სოსო არჩვაძემ. 

იგივე პოზიციაზეა ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი, რომელმაც „რეზონანსს“ განუცხადა, რომ ეკონომიკაში არსებობს კატეგორია - საგადასახდელო ბალანსი. ეს ნიშნავს, რა რაოდენობის მყარად კონვერტირებადი ვალუტა შემოდის და გადის. 

„მთავარი კატეგორია სწორედ ეს საგადასახდელო ბალანსია. ჩვენი ლარით ხომ ვერც ერთ სხვა ქვეყანასთან ვერ ვივაჭრებთ, შესაბამისად, მყარად კონვერტირებადი ვალუტაა მნიშვნელოვანი საგარეო ვაჭრობასა და ქვეყნის სიმდიდრეშიც. როდესაც ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩვენ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან ძალიან დიდი წილია იმპორტის და უცხოურ პროდუქციას ვყიდულობთ ვალუტით. 

მეორე საკითხია, რომ შეიძლება, ძალიან დიდი ექსპორტიორი ქვეყანა არ ვიყოთ, მაგრამ მთელი ბაზარი ხელში გვეჭიროს. ქვეყნის მოსახლეობა ადგილობრივი წარმოების პროდუქტებს უნდა ყიდულობდნენ, მაგრამ ასე არ ხდება. მთავარი არის წარმოება, როგორც ქვეყნის შიგნით, შიდა ბაზრისთვის, ასევე ქვეყნის გარე ბაზრისთვისაც. ეს არის ფუნდამენტი, რაც ქმნის ეროვნულ კეთილდღეობას და სიმდიდრეს“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას სიმონიშვილმა.  

მისი აზრით, ხელოვნებისა და გართობა-დასვენების, ანუ მომსახურების სეგმენტის ზრდით, ახალი სიმდიდრე არ იქმნება. ამიტომ აუცილებელია ეკონომიკის რეალური სექტორის - წარმოების განვითარება. 

„ამის პარალელურად უნდა შევამოწმოთ, გაიზარდა თუ შემცირდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტ-იმპორტი და ვნახავთ, რომ ექსპორტი შემცირდა, მაგრამ იმპორტი გაიზარდა. როდესაც წარმოებას არ ეხება საქმე, მაგრამ საუბარია მომსახურების სფეროში ხელფასების ზრდაზე, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის შიგნით გადანაწილდა კეთილდღეობა, ანუ მომსახურების სფეროში თუ გაიზარდა ხელფასი, ესე იგი, სხვა სფეროში შემცირდებოდა. თუ ზრდა არ აისახა მთელი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობაზე, თუ არ აისახა საგადასახდელო ბალანსის გაუმჯობესებაზე, ვერავითარ ზრდაზე ვერ ვილაპარაკებთ“, - განუცხადა „რეზონანსს“ სოსო სიმონიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×