
2 ივნისს, საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ, ზურაბ წერეთლის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, იტალიის ეროვნული დღის აღმნიშვნელი საზეიმო მიღება გაიმართა.ღონისძიებას სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოების, კულტურის სფეროს, აკადემიური წრეების, მედიის წარმომადგენლები, მეწარმეები, საქართველოში მცხოვრები იტალიელები ესწრებოდნენ.
იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ ანტუონომ სტუმრებისადმი სიტყვით მიმართვისას იტალიასა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე ისაუბრა.
„დღეს იტალია რესპუბლიკის დაბადების 80 წლისთავს აღნიშნავს - იმ რესპუბლიკის, რომელიც ჩვენი კონსტიტუციის მთავარ პრინციპებს თავისუფლებას, დემოკრატიას, მშვიდობას, შრომას და თანასწორობას ეფუძნება. სწორედ ამ ფასეულობებითაა შთაგონებული ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული კავშირები, რომლებიც ინტენსიური კულტურული, დიპლომატიური და ეკონომიკური გაცვლებით გამოირჩევა", - აღნიშნა ელჩმა.
მისი განცხადებით, ეს დღე ამ ღირებულებების მნიშვნელობის ხაზგასმის და საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავების აღნიშვნის მომენტია და იმავდროულად, იტალიური ცხოვრების სტილის და კრეატიულობის წარმოჩენის შესაძლებლობაცაა.
„ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები სწრაფ პროგრესს განიცდის. ვულოცავ იტალიელ ხალხს მათ ეროვნულ დღესასწაულს", - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ.
საზეიმო მიღებაზე მისულ მრავალრიცხოვან სტუმრებს უამრავი სიურპრიზი დახვდათ. შესრულდა იტალიისა და საქართველოს ეროვნული ჰიმნები, რომლებიც იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენით დაჯილდოებულმა მეცოსოპრანომ ნინო სურგულაძემ შეასრულა. დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ, იტალიური სამზარეულოს ცნობილი კერძები დაეგემოვნებინათ. ადგილზევე მოეწყო გამოფენა „სვანეთი - დროისა და სივრცის ფარდობითი თამაში". იგი ეძღვნება ქალაქ ბიელაში დაბადებულ იტალიელ ალპინისტსა და ფოტოგრაფს ვიტორიო სელას, რომელმაც მე-19 საუკუნის საქართველოს მთიანი რეგიონების ამსახველი ფასდაუდებელი მემკვიდრეობა დაგვიტოვა.
გამოფენის ავტორი ქართველი ალპინისტი და ფოტოგრაფი ნიკა ლებანიძეა, რომელმაც 130 წელზე მეტი ხნის შემდეგ ვიტორიო სელას მარსრუტი გაიმეორა და შექმნა ფოტოები, რომლებზეც აღბეჭდილია, თუ როგორ შეცვალა დრომ მთები და პეიზაჟები. გამოფენა წერეთლის სახელობის მუზეუმში 20 ივლისამდე გაგრძელდება.
ვასო კაპანაძე