თამთა ჩაჩანიძე
01.06.2026

საჯარო სივრცესა და სოციალურ ქსელებში გამოხატული სიძულვილის ენა და შეურაცხმყოფელი კამპანიები კანონით დასჯადი ხდება. ფუნქციონირება დაიწყო შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ, რომელიც თავად მოახდენს ფაქტების მონიტორინგს და შემთხვევებს გამოავლენს.

ჯერჯერობით ბუნდოვანია ზუსტად რა ჩაითვლება "სიძულვილის ენად", "შეურაცხმყოფელ კომუნიკაციად" და "ღირსების შელახვად". სწორედ ესაა ერთ-ერთი მთავარი სადავო საკითხი.

"ოცნების" ოპონენტების შეფასებით, შესაძლოა პოლიტიკური კრიტიკის მკვეთრი შეზღუდვის რისკის ქვეშ დააყენოს საზოგადოება. მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ დეპარტამენტის შექმნის მიზანი შეურაცხყოფისა და ძალადობის წამქეზებელი კომუნიკაციის წინააღმდეგ ბრძოლაა.

სამმართველო დააკვირდება საჯარო სივრცეში გავრცელებულ განცხადებებს, პოსტებს, კომენტარებს, ვიდეოებსა და სხვა საჯარო აქტივობებს, რომელშიც შეიძლება იკვეთებოდეს სიძულვილის ენა, შუღლის გაღვივება, ადამიანის ღირსების შელახვა, შეურაცხმყოფელი კამპანიები, აგრესიული რიტორიკა და ა.შ.

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსად თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა, ის პროფესიით იურისტია და 2024 წლიდან იყო შსს-ს წარმომადგენელი სასამართლოში სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე. სამმართველომ ფუნქციონირება 10 თანამშრომლით დაიწყო.

სამმართველოს ფუნქცია

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ფუნქცია-მოვალეობაზე ახალმა ხელმძღვანელმა თამთა ქიმბარიშვილმა ისაუბრა.

"სამმართველოს ფუნქციაა, სოციალურ ქსელსა თუ მედიაში საჯაროდ გავრცელებული შეურაცხმყოფელი, ადამიანის ღირსების შემლახველი, სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს.

"აღნიშნული სამმართველო გამოავლენს სავარაუდო სამართალდარღვევას, გამოავლენს სავარაუდო სამართალდარღვევის ჩამდენ პირს, მოახდენს მის იდენტიფიცირებას, ადმინისტრაციული წარმოების მასალების მომზადებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და განსჯადობის წესების დაცვით, აღნიშნული მასალების საერთო სასამართლოებში გადაგზავნას.

  • თამთა ქიმბარიშვილი: "სამმართველო გამოავლენს სავარაუდო სამართალდარღვევას, სავარაუდო სამართალდარღვევის ჩამდენ პირს, მოახდენს მის იდენტიფიცირებას, ადმინისტრაციული წარმოების მასალების მომზადებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და განსჯადობის წესების დაცვით, აღნიშნული მასალების საერთო სასამართლოებში გადაგზავნას"

"საწყის ეტაპზე, სამმართველოს თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრა 10 საშტატო ერთეულით. სამმართველოს თანამშრომლები საქმიანობას განახორციელებენ ქვეყანაში უკვე არსებული რეგულაციების საფუძველზე", - განაცხადა ქიმბერიშვილმა.

რას ამბობენ "ოცნებაში"

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა ხელი შეუწყოს საზოგადოებაში, საჯარო სივრცეში სიძულვილისგან თავისუფალი ლექსიკის დაბრუნებას.

„სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა ხელი შეუწყოს საზოგადოებაში, საჯარო სივრცეში სიძულვილისგან თავისუფალი ლექსიკის დაბრუნებას. სამწუხაროდ, წლების წინ ქართული საზოგადოებისთვის სრულიად არადამახასიათებელი რამ იყო რადიკალების, მათი დამფინანსებლების და მხარდამჭერების მიერ თავსმოხვეული.

  • დავით მათიკაშვილი: "სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა ხელი შეუწყოს საზოგადოებაში, საჯარო სივრცეში სიძულვილისგან თავისუფალი ლექსიკის დაბრუნებას"

"სახელმწიფოს მხრიდან გაკეთებული იქნება აბსოლუტურად ყველაფერი, რომ ობიექტურად, მხოლოდ და მხოლოდ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და სასამართლო განსჯის ჭრილში ჩამოყალიბდეს სწორი პრაქტიკა, რაც რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ამ მძიმე, მანკიერი სენის აღმოფხვრას ჩვენი საჯარო სივრციდან", - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

შეფასებები ოპოზიციაში

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების" მიერ სიძულვილზე საუბარი იგივეა, "პუტინმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა გამოაცხადოს".

„ე.წ. მთავრობის აზრით, მოქალაქე აქციაზე უკანონოდ იმყოფება, რის გამოც 5 000 ლარით ჯარიმდება, სოციალურ ქსელში დაწერ რამე მწარეს და მკვახეს და რომელიღაცა სამმართველო, სიძულვილთან თუ სისხლთან მებრძოლი სამმართველო მიგიჩენს ადგილს და დაგაჯარიმებს. საბოლოო ჯამში, ეს არის ტოტალიტარიზმის და ავტორიტარული სისტემის გამოხატულება, რომ ყველანაირი აზრის დაბრკოლება გსურს, გინდა, რომ უფრო მეტი სახადი და სასჯელი იყოს დაწესებული ნებისმიერ პოლიტიკურ აქტივობაზე.

"როდესაც სიძულვილთან ბრძოლაზე ივანიშვილი საუბრობს, იგივეა, პუტინმა რომ გამოაცხადოს ტერორიზმის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ თვითონ „ოცნება" და განასახიერებს და სიმბოლოა სიძულვილსა და ზიზღის. შესაბამისის სამსახურების მიერ გაშიფრულ იქნა ყველაზე დიდი ტროლ-ბოტების ქსელი, რომელიც იყო დაკავშირებული უშუალოდ მთავრობის სტრატკომთან. ყველა ვაცნობიერებთ იმას, რომ ამ სამმართველოს მიზანი ვერ იქნება „ქოცური"ქსელის დაზიანება", - განაცხადა ფავლენიშვილმა "პალიტრანიუსთან".

  • თაზო დათუნაშვილი: "სამმართველოს 10 თანამშრომელი თავდაუზოგავად „სქროლავს" სოციალურ ქსელს და „სქროლვა-სქრინვის" სამმართველოს ფუნქციას ასრულებს. თქვენს „ფეისბუქ" კედელს არა ვინმე ციცო დეიდა, არამედ "მორალის პოლიცია" გააკონტროლებს, თუ რა ჭკუაზე ხართ, რა გონებაზე, რას აკომენტარებთ, რას წერთ და როგორი ემოცია გაქვთ"

"ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრი თაზო დათუნაშვილი ამბობს, რომ სპეციალურმა სამმართველოს შექმნა კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოს მოქალაქეების თავისუფლების შეზღუდვის გზაზე.

"მორალის სამმართველოს უდიდესი შრომის გაწევა მოუწევს - 10-კაციანი რაზმი "ფეისბუქ"-ის 3 მილიონი ქართული პროფილის კონტროლს შეეჭიდება! ამისთვის ამხანაგებს დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შრომა აუცილებლად დაუფასდებათ!

"ყველაზე ჰუმანური შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო უკვე შექმნილია. ამ წუთებში, როდესაც თქვენ მე მისმენთ, შს სამინისტროს სამმართველოს 10 თანამშრომელი თავდაუზოგავად „სქროლავს" სოციალურ ქსელს და „სქროლვა-სქრინვის" სამმართველოს ფუნქციას ასრულებს. თქვენს „ფეისბუქ" კედელს არა ვინმე ციცო დეიდა, არამედ "მორალის პოლიცია" გააკონტროლებს, თუ რა ჭკუაზე ხართ, რა გონებაზე, რას აკომენტარებთ, რას წერთ და როგორი ემოცია გაქვთ. ამიტომ მშვიდად იყავით ქართველებო!

"როგორც ჩანს, "ოცნების" ახალი პოლიტიკური პროგრამა ასეთია - სულ უფრო ნაკლები თავისუფლება ხალხს, მეტი მონიტორინგი, ნაკლები პასუხი რეალურ პრობლემებზე, მეტი მოქალაქეების „სქრინები" ხელისუფლებას!

"ვაშა და ყოჩაღ ამხანაგებო! ვაი თქვენს პატრონს "ქართულო ოცნება"!

"ახლა კი სერიოზულად რომ ვთქვათ, „მორალის პოლიცია" შექმნა ხელისუფლებამ, რომლის დამსახურებაა საქართველოში ქართული ენის დეგრადაცია საჯარო სივრცეში, რომლის გენერალური მდივანი, პრემიერი-მინისტრები, პრეზიდენტი სხვადასხვა დროს დედის სისხლს იგინებოდნენ იმ დარბაზში, სადაც კონსტიტუცია და საქართველოს დამოუკიდებლობა მიიღეს.

"ეს ადამიანები აკონტროლებენ საქართველოს მოქალაქეების ენას და ამას იმ უწყების გავლით აკეთებენ, რომელსაც ტვირთად ადევს რამდენიმე დღის წინ ადამიანის საჯაროდ წამება. პოლიცია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ამცირებს, თურმე სანდოა იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ენა აკონტროლოს", - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×