რეზონანსი
30.05.2026

კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯაშუშობაში მხილებულ პირს ხელბორკილები საცხოვრებელ სახლში დაადეს. უმძიმესი ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი ენჯეოს - „ევრაზიის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძეა. გამოძიების ინფორმაციით, ის ერთდროულად ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის სასარგებლოდ ჯაშუშობდა.

„კურიერი“ დღეს დაკავებულის საცხოვრებელ სახლთან იმყოფებოდა. რცხილაძის მეზობლები ამბობენ, რომ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში მხილებული პირი გამთენიისას დააკავეს. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფაქტები და მტკიცებულებები მოიპოვეს. ადვოკატის ინფორმაციით, 12-ტომიან საქმეში, მოწმეების ჩვენებების გარდა, ვიდეოჩანაწერებიც დევს.

ჯაშუშობის სქემა სუსმა გაშიფრა და დაადგინა, რომ ენჯეოს წარმომადგენელი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს სადაზვერვო ინფორმაციას წლების განმავლობაში აწვდიდა. დამკვეთებამდე საიდუმლო მონაცემები სხვადასხვა გზით მიდიოდა. გამოძიებით დგინდება, რომ დაკავებული ორი სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლებთან კონსპირაციულ შეხვედრებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც მართავდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პირველი ბრიფინგიდან ზუსტად 3 საათში ცნობილი გახდა, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ჯაშუშობის კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინა. ბრალდებულის ვინაობა „რუსთავი 2“-მა გაარკვია. „კურიერის“ ინფორმაციით, დაკავებული „სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ირაკლი ჩიხლაძეა. უმძიმესი ბრალდებით დაკავებულის მეზობლები მის საქმიანობაზე არ საუბრობენ.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული, პირადი კონტაქტების გამოყენებით, სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებდა და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს აწვდიდა. სუსის ინფორმაციით, დამკვეთების ინტერესის სფერო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონის ქვეყნებში არსებული პოლიტიკური პროცესები და ძალოვან უწყებებში არსებული ვითარებაც იყო.

კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა ისიც, რომ დაკავებული სადაზვერვო ქსელს ხელმძღვანელობდა. სუსის ინფორმაციით, ჯაშუშობაში მხილებული ირაკლი ჩიხლაძე, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დაკვეთით, სადაზვერვო ქსელის წევრებს დავალებებს აძლევდა, აკონტროლებდა მათ მუშაობას და უცხო ქვეყნიდან მიღებულ თანხებს უნაწილებდა.

ის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჯაშუშების გამოვლენის მიზნით აქტიურად მუშაობს, გახსნილი საქმეებითაც დასტურდება. ბოლო ორ თვეში კონტრდაზვერვის სამსახურის თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით, არაერთი პირი დააკავეს, მათ შორის - ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანი. მაშინ „კურიერმა“ გაარკვია, რომ დაკავებული ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი გიორგი უძილაური იყო.

ჯაშუშობის საქმეებთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ირაკლი ჩიხლაძესა და გულბაათ რცხილაძეს 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×