
სუს-მა ერთ დღეში უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავა. პირველ შემთხვევაში საუბარია ღიად პრორუსული შეხედულებების მქონე აქტივისტ გულბაათ რცხილაძეზე. მისი დაკავებიდან 2 საათში კი ცნობილი გახდა, რომ დაკავებულია ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე - 2008 წლის ომის დროს მოკლული ჟურნალისტის, გიგა ჩიხლაძის ძმა. ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, არის თუ არა ამ დაკავებებს შორის რამე კავშირი, უნდა ველოდოთ თუ არა სუს-ის ახალ განცხადებას საქართველოში მოქმედი ჯაშუშური ქსელის გამოაშკარავების შესახებ და ახალ დაკავებებს, თუმცა ამან უკვე გამოიწვია სერიოზული რეზონანსი.
ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ბოლო პერიოდში სუს-ის კონტრდაზვერვითი საქმიანობა აშკარად გააქტიურდა. დაახლოებით ერთი თვის წინ, 22 აპრილს, სუს-მა ასევე უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ერთი მოქალაქე დააკავა და კიდევ ორზე ძებნა გამოაცხადა. ეს იყო პრაქტიკულად პირველ მსგავსი შემთხვევა ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" 14-წლიანი ყოფნის პირობებში.
მოგვიანებით მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ დაკავებული ოკუპირებული ახალგორის რაიონის მცხოვრები იყო, რომელიც პერიოდულად ჩამოდიოდა თბილისში და მას რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედებოდა ბრალად.
გულბაათ რცხილიძე
გულბაათ რცხილაძესთან დაკავშირებით სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ ის „ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურებთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას".
- გულბაათ რცხილაძემ დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე „საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" დააფუძნა და „ფიზიკური და იურიდიული პირების საჯარო განცხადებებში, პუბლიკაციებსა და ქმედებებში" ანტირუსული რიტორიკის ფაქტების შეკრებას გეგმავდა.
„დაკავებულს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენელებთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ შეხვედრების, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ამასთან, პერიოდულად, კონსპირაციის დაცვისა და ინსტრუქტაჟის ჩატარების მიზნით, შეხვედრები ტარდებოდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ.
„ჯაშუშობაში ბრალდებულ პირს, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დავალებითა და დაფინანსებით, შესაბამისი აქტივობების წარმართვის მიზნით, შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებასაც", - განაცხადა დილით გამართულ ბრიფინგზე სუს-ის უფროსის მოადგილე ლაშა მაღრაძემ.

გულბაათ რცხილაძე პრორუსული ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. რამდენიმე დღის წინ, 24 მაისს კი, მისი ინიციატივით საქართველოშ რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა. რუსული „სპუტნიკის" ცნობით, ინიციატივის მთავარი მიზანი იყო საჯარო სივრცეში დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და ანტირუსული რიტორიკის შემთხვევების გამოვლენა და ანალიზი.
მონიტორინგი შეეხება მხოლოდ ფიზიკური და იურიდიული პირების საჯარო განცხადებებს, პუბლიკაციებსა და ქმედებებს. საბჭოს ფარგლებში ასევე შეიქმნება იურიდიული ჯგუფი, რომელიც გამოვლენილ შემთხვევებს სამართლებრივ შეფასებას მისცემს და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სააპელაციო საჩივრების მომზადებას უზრუნველყოფს.
„სპუტნიკი" წერდა, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ 2022 წლის თებერვლის, ანუ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაკეთებულ განცხადებებსა და მოვლენებს.
ირაკლი ჩიხლაძე
შაბათს, შუადღის 2 საათზე, სუს-ში კიდევ ერთი ბრიფინგი გაიმართა და ისევ უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის მოქალაქის დაკავებაზე.
როგორც ბრიფინგზე სუს-ის უფროსის მოადგილე ლაშა მაღრაძემ განაცხადა, ამჯერად საუბარია ადამიანზე, რომელიც თავად მართავდა უცხო ქვეყნის სადაზვერვო ქსელს საქართველოში.
„დაკავებულს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული ორმხრივი კავშირის გამოყენებით და იმართებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე, წინასწარ შეთანხმებული კონსპირაციის პირობების მკაცრი დაცვით. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ კონტაქტის, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, დაშიფვრის სხვადასხვა მეთოდით.
- ირაკლი ჩიხლაძის მეუღლე: „რაღაც პროექტებშიც მონაწილეობდა, არა რუსულ პროექტებში... რომელი ქვეყნიდან ფინანსდებოდა არ ვიცი.... დიახ, მის საქმიანობას უკავშირდება სავარაუდოდ, დაკავება."
„გადაცემული სხვადასხვა კატეგორიის ინფორმაცია მოიცავდა საქართველოსა და რეგიონში, მათ შორის, მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებული ვითარების შესახებ სპეცსამსახურებისთვის საინტერესო მონაცემებს.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, რომ დაკავებული, ონლაინპლატფორმის საფარით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებების შესაბამისად, მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს, კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას. ასევე, ახორციელებდა სპეცსამსახურებისგან მიღებული თანხების განაწილებას სადაზვერვო ქსელის წევრებს შორის, აძლევდა მათ შესაბამის დავალებებს და აკონტროლებდა შესრულების პროცესს", - სუს-ის უფროსის მოადგილე ლაშა მაღრაძემ.
ამ განცხადებიდან მალევე გაირკვა დაკავებულის ვინაობაც - ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე.
იგი რამდენიმე ორგანიზაცის დაფმუძნებელი და დირექტორია - მათ შორისაა მედიაკავშირი „ევრაზია", ადამიანის უფლებათა კავკასიური ინსტიტუტი, სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრი, კავკასუს პრინციპიუმი. ასევე, ის არის მედია გამოცემა „კავკაზნიუსის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ეს გამოცემა საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის შესახებ წერს სტატიებს.
- ვახტანგ მაისაია: „კარგია, როცა ჩვენი სპეცსამსახურები ჩვენი პოლიტიკური მტრის სპეცსამსახურების წინააღმდეგ მოქმედებენ. რამდენად ეფექტური იქნება, ამას დრო გვიჩვენებს."
მისი დაკავება მედიას ოჯახმაც დაუდასტურა. ამასთღან, როგორც დაკავებულის მეუღლე მაია ნებიერიძე „ტვ პირველთან" აცხადებს, ირაკლი ჩიხლაძე არ მონაწილეობდა რუსულ პროექტებში.
„ამ ეტაპზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. მეც ახლა ადვოკატს უნდა შევხდე. ზოგადად იყო რედაქტორიც, თარჯიმანიც, ჟურნალისტიც, რაღაც პროექტებშიც მონაწილეობდა. არა რუსულ პროექტებში (არ მონაწილეობდა). სანამ ამ კანონებს მიიღებდნენ, რაღაც დაფინანსები ჰქონდა უცხოეთიდან, მერე უკვე კანონი რომ მიიღეს, შეწყვიტა ამ პროექტებში მონაწილეობა. რომელი ქვეყნიდან ფინანსდებოდა არ ვიცი, სხვადასხვა პროექტებში იღებდა მონაწილეობას. დიახ, მის საქმიანობას უკავშირდება სავარაუდოდ, დაკავება. გამომძიებლებს თავად უთხრა, რომ არაფერს ხელს არ მოვაწერე და სანამ ადვოკატი არ მეყოლება არაფერს არ ვიტყვიო", - აცხადებს მაია ნებიერიძე.
არის თუ არა ერთმანეთთან კავშირში
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაიას შეფასებით, შესაძლოა, ეს დაკავებები უბრალოდ დაემთხვა ერთმანეთს.
„ძალიან რთულია ვთქვა, არის თუ არა ეს ორი დაკავება კავშირში ერთმანეთთან. არ გამოვრიცხავ, რომ სრულიად სხვადასხვა საქმე იყოს და უბრალოდ დროში დაემთხვა. ამ მიმართულებით სუს-ის გააქტიურება გასაკვირი არაა, რადგან დღეს საქართველო ჰიბრიდული ომის ქარცეცხლშია. მითუმეტეს, მოსკოვი სომხეთზე პირდაპირ მუქარებს ახორციელებს და სავარაუდოდ, სამხედრო გადატრიალებისთვის ემზადება. ამიტომ საჭიროა ამაში საქართველო არ იყოს გამოყენებული.
„ასე რომ, კარგია, როცა ჩვენი სპეცსამსახურები ჩვენი პოლიტიკური მტრის სპეცსამსახურების წინააღმდეგ მოქმედებენ. რამდენად ეფექტური იქნება, ამას დრო გვიჩვენებს.
„ვერ გეტყვით, ახლო მომავალში იქნება თუ არა უფრო დიდი დაკავებები. ეს წინასწარ არავინ იცის, რადგან ძალიან გასაიდუმლოებულია. თუმცა, გამორიცხულიც არაფერია", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".