რეზონანსი
30.05.2026

არაფერს გავაკეთებ ვინმეს გულის მოსაფხანად, გამორიცხულია. არც მორალურ თუ საინფორმაციო შტურმს არ დავემორჩილები, ტყუილად არ იწვალოს არავინ ფუჭად. რაციონალური ვიქნები, როგორც პასუხისმგებლობიანი მებრძოლი პატრიოტები არიან სამშობლოს დიდი გასაჭირის დროს, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ნიკა გვარამია წერს, მისი მხრიდან გადაწყვეტილებებიც იქნება და პასუხებიც, თუმცა სწრაფად ეს ყველაფერი ვერ გამოუვა.

„სალაპარაკო მე რომ მაქვს, შესაძლოა, არც არავის ჰქონდეს ამდენი. არც სხვაზე ნაკლები სიმართლე მაქვს და არც სხვაზე ნაკლებად გამომდის სათქმელისთვის თავის მოყრა. მაგრამ თუ რამე არ მაინტერესებს ახლა და, თუ რამე მიმაჩნია მინიმუმ არასერიოზულობად და მძიმე შეცდომად, ნაბანი წყლისთვის ბავშვის გადაყოლებაა. და თუ რამე არ მაქვს და ფუჭად ვერ დავხარჯავ, ეს დროა! დრო, რომელიც ძალიან ცოტა გვაქვს არა ჩვენ, არამედ ჩვენს სამშობლოს.

ალიანსის შექმნის რთული მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების; ურთულესი შიდა დისკუსიების; უმძიმესი გარემოს ნელნელა კონსტრუქციული თანამშრომლობის და ნორმალური ადამიანური ურთიერთობების გარემოდ გადაქცევის; სრულიად ურესურსოდ 2-თვიანი ყოველდღიური მძიმე შრომის; წარმატებული საერთაშორისო შეხვედრების და ალიანსის მიმართ ჩვენი უცხოელი მეგობრების მიერ გამოხატული დიდი კეთილგანწყობის და ნდობის; და განსაკუთრებით, 26 მაისს მიღწეული წარმატების და ქართველი ხალხის მიერ ალიანსისთვის გამოხატული ნდობისა და მხარდაჭერის შემდეგ ნამდვილად არ მეგონა, თუ კიდევ სივრცე დარჩებოდა იმისთვის, რაც დღეს ხდება. და ხდება უკიდურესად არასასიამოვნო და ძალიან არარაციონალური, დამაზიანებელი ამბავი.

ცხადია, ჩემი მხრიდან გადაწყვეტილებებიც იქნება (რადგან სხვა სივრცე უბრალოდ არ დარჩა) და პასუხებიც. ბუნებრივია, პირად დამოკიდებულებებს ვერ გამოვრიცხავ, თუმცა მხოლოდ ამით ვერ ვიხელმძღვანელებ – მე მყავს გუნდი, მყავს კოალიციური პარტნიორები (ზოგიერთი მათგანი ციხეშია), და ასევე პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე. ამიტომ სწრაფად ეს ყველაფერი ვერ გამომივა და არც ვაპირებ სიჩქარეში ამგვარი გადაწყვეტილების მიღებას.

იმთავითვე ვიტყვი, რომ ვინმეს გულის მოსაფხანად არაფერს არ გავაკეთებ, გამორიცხულია. არც მორალურ თუ საინფორმაციო შტურმს არ დავემორჩილები, ტყუილად არ იწვალოს არავინ ფუჭად. რაციონალური ვიქნები, როგორც პასუხისმგებლობიანი მებრძოლი პატრიოტები არიან სამშობლოს დიდი გასაჭირის დროს. წივილ -კივილით მოგებული ბრძოლების მე არ მჯერა, ასეთი ზღაპრებიც კი არ წამიკითხავს ბავშვობაში, თორემ არც ეგ შემიძლია სხვაზე ნაკლებად“, – წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გამოაქვეყნა წერილი, სადაც აღნიშნულია: „სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა, იქ მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესია, იგი საკუთარ თავს არაჯანსაღად შეტრფის, მხოლოდ თავის ეგოზე ზრუნვით არის ორსული“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×