რეზონანსი
29.05.2026

გორში მომხდარი ძალადობის ფაქტზე დაკავებული 6 პოლიციელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. საქმეზე გორის რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა. მოსამართლემ ექვსივე პოლიციელის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობაც დააკმაყოფილა.

პროკურორის განცხადებით, საქმეზე მყისიერად ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. პროკურორი ასევე საქმის დეტალებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბრალდებულმა პოლიციელებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს პირები, სიტყვიერი დაპირისპირება კი ფიზიკურში გადაიზარდა და სწორედ ამით გადაამეტეს მათ თანამდებობრივ უფლებამოსილებას:

„საქმეზე მყისიერად იქნა ჩატარებული არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოკითხული ბრალდებულების ნაწილი აწვდის გამოძიებას ინფორმაციას, ნაწილი კი არ აწვდის - ეს მათი უფლებაა. რაც შეეხებათ მათთან ერთად მყოფ პირებს, მათი ნაწილი ამ ეტაპისთვის გარკვეულია, თუმცა ის, რომ იქ მყოფმა სხვა პირებმა ჩაიდინეს თუ არა რაიმე ტიპის დანაშაული, ეს გამოძიების დასადგენი ნაწილია. ამ ვიდეო-მასალაში მთლიანად არ არის ასახული ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც მოხდა, ნაწილი ასახულია. ამოღებულ ვიდეომასალაზე ჩატარდება შემდგომ ექსპერტიზა. ირკვევა, რომ ბრალდებულებმა ეს პირები გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, გადამოწმების მიზნით შეჩერებას მოჰყვა მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, შესაბამისად, სწორედ ამით გადაამეტეს მათ თანამდებობრივ უფლებამოსილებას. ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ პოლიციელიც დაშავებულია, გარკვეული პირების ჩვენებებში ამაზე საუბარი არის“, - აცხადებს პროკურორი მიხეილ ბერიაშვილი.

პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 27 მაისს დაზარალებულის დაკავებისას, ძალადობით, გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. შეილახა დაზარალებულის უფლებები და ზიანი მიადგა მის ჯანმრთელობას. დაკავებულებს 5დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×