თამთა ჩაჩანიძე
29.05.2026

ენმ-სა „ახალს" („კოალიცია ცვლილებებისათვის") შორის დაპირისპირება თანდათან ღრმავდება. ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბოლო განცხადებები ძირითადად სწორედ ამ პოლიტიკური ძალის ლიდერების წინააღმდეგ იყო მიმართული. ამას „ახლების" მხრიდანაც მოყვა კრიტიკული განცხადებები. ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევენ, რომ ეს დაპირისპირება ოპოზიციაში მიმდინარე შიდა კონკურენციის შედეგია. მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ენმ-სგან გამოყოფილმა გუნდმა, რომლის ბაზაზეც „კოალიცია ცვლილებებისათვის" შეიქმნა, პრაქტიკულად წაართვა „ნაციონალურ მოძრაობას" მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი.

2024 წლის 11 მარტს ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ პარტია „ახალი" დააფუძნეს. დაახლოებით რვა თვეში კი მათ „გირჩი - მეტი თავისუფლება" და „დროასთან" ერთად „კოალიცია ცვლილებებისთვის" შექმნეს და ოქტომბერში უკვე საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა.

ცესკო-ს ოფიციალური მონაცემებით კოალიციამ მიიღო ხმების 11.03% (229 161 ხმა, 19 მანდატი) და აჯობა „ნაცმოძრაობას" რომელმა 10.17% მიიღო (211 216 ხმა,16 მანდატი).

2026 წლის მარტის ბოლოს დაფუძნდა ოპოზიციური კოალიცია, სადაც ეს ორივე პოლიტიკური ძალა გაერთიანდა. მას შემდეგ პერიოდულად ჩნდება დაპირისპირების ნიშნები. მაგალითად, ხშირ შემთხვევაში ენმ-ის წარმომადგენლები არ მონაწილეობდნენ ალიანსის სხვადასხვა აქტივობებში, რომელიც ძირითადად 26 მაისის მომსამზადებელ სამუშაოებს უკავშირდებოდა. ამის შედეგად თავად ალიანსშიც კეთდებოდა განცხადებები, რომ ენმ, სავარაუდოდ, ალიანსის დატოვებისთვის ემზადებოდა.

დაპირისპირების ნიშნები

სააკაშვილის კრიტიკული პოსტები „ახლების" მისამართით განსაკუთრებით 26 მაისის აქციის შემდეგ გახშირდა. 21 მაისის სასამართლო პროცესზე ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოში არალეგალურად ჩამოსვლის შემდეგ მისი დაპატიმრება ღალატის საფუძველზე მოხდა და ეს გამცემი მისი ახლო გარემოცვის წევრი იყო. მისი განცხადების ზოგიერთი დეტალიდან გამომდინარე, საზოგადოებაში გაჩნდა განცდა, რომ ეს გამცემი შეიძლება ნიუკა მელია ყოფილიყო.

27 მაისს სააკაშილმა „ფეისბუქზე" დაპოსტა, რომ „მისი ღალატის საკითხი არ ეხებოდა არცერთ მოქმედ აქტიურ პოლიტიკოსს", მათ შორის არც ნიკა მელიას, თუმცა მელია დაადანაშაულა ექსპრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით გამართული აქციის დაშლაში.

სააკაშვილის კრიტიკას „კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი გამოეხმაურა და სააკაშვილს „მაოხრებელი გზირი" უწოდა.

კრიტიკას კოალიციის კიდევ ერთი წევრი ნიკა გვარამია გამოეხმაურა. მისი თქმით, შორსაა იმ აზრისგან, რომ ნიკა მელიამ მიტინგი დაშალა, ან „რამეს ხელი შეუშალა".

  • ნიკა გვარამია: "ძალიან არ მომწონს, რომ ამ დაპირისპირებების გამწვავება თუ გაღრმავება მიმდინარეობს, ცუდია ეს. რაც შეეხება „მელიამ მიტინგი დაშალა" - რამდენი წელი შეიძლება ეს ილაპარაკონ?!"

გვარამიას ასევე კითხვა დაუსვეს მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთ „ფეისბუქ" პოსტთან დაკავშირებით, სადაც ექსპრეზიდენტმა აღნიშნა:

„მრავალრიცხოვანმა საპროტესტო მსვლელობამ მაინც დამიტოვა უკმარისობის განცდა, არ გაეცა პასუხი მთავარ კითხვას, რა არის შემდეგი ნაბიჯები, ვეძებთ რევოლუციური ჯავშანმანქანის ინჟინრებს".

გვარამიას თქმით, ის „ჯავშანმანქანის ინჟინერი არ არის" და კითხვაზე ვერ უპასუხებს, ხოლო სააკაშვილის განცხადებების შინაარსის გაგება ზოგკერ საკმაოდ რთულია.

გარდა ამისა, დაამატა, რომ რევოლუციას ერთი ადამიანი ვერ ახდენს და ეს 2003 წელს, ვარდების რევოლუციის დროს ერთპიროვნულად არც სააკაშვილს გაუკეთებია.

„არ არის ეს სიმართლე რასაც ნიკასთან დაკავშირებით ამბობს - რომ მან დაშალა მიტინგი. არ ვიცი რას ნიშნავს - ვინმემ დაშალა მიტინგი. თუ ვინმეს რამის გაკეთება უნდოდა, იქ იყვნენ და შეეძლოთ გაეკეთებინათ. მიტინგების რევოლუციებში გადაზრდა ერთი ადამიანის გადაწყვეტილებით არ ხდება, ეს მიშა სააკაშვილის გადაწყვეტილებითაც არ მომხდარა 2003 წელს", - განაცხადა გვარამიამ.

გარდა ამისა, ცალკე პოსტში სააკაშვილმა „ახალის" გენერალური მდივანი, თენგო თევზაძეც გააკრიტიკა. მან „ფეისბუქზე" გააზიარა „ტვ პირველის" მიერ გადაღებული კადრები 26 მაისის აქციიდან, სადაც თევზაძე აქციის ერთ-ერთი მონაწილის მიერ სააკაშვილის ბანერის გაშლას ეწინააღმდეგება.

„თენგიზის გამოსვლა აქციაზე მე მომეწონა, მაგრამ ეს კადრები არის სრული კატასტროფა! არანაირი გამართლება არ არსებობს, შენს მხარდასაჭერად მოსული უბრალო, შეიძლება გაჭირვებული მოქალაქის მიმართ ასეთ მოქცევას", - წერს სააკაშვილი.

რას ნიშნავს ორი პარტიის საჯარო პაექრობა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციის ალიანსში ხელისუფლებასთან ბრძოლის ტაქტიკასთან დაკავშირებით პარტიებს შორის რაღაც უთანხმოება იყოს. თუმცა, მისი თქმით, ეს არა ოპოზიციურ პარტიებს შორის პოლიტიკური ბრძოლის, არამედ უფრო უთანხმოების ნიშნებია.

„შესაძლებელია, რომ რაღაც უთანხმოება არსებობდეს ოპოზიციის სტრატეგიასთან და ტაქტიკასთან დაკავშირებით. ეს ორ პარტიას შორის ბრძოლის არა, უფრო უთანხმოების ნიშნებია. შესაძლოა ერთიანი ტაქტიკის კუთხი არის საკითხები, რაზეც ვერ თანხმდებიან", - განაცხადა ჩიტაძემ.

კითხვაზე, ეს ხომ არ არის ოპოზიციის ალიანსში ლიდერობისთვის ბრძოლა, ჩიტაძემ გვითხრა:

„არა, ეს არის უთანმოება იმაზე, თუ როგორ უნდა გააგრძელონ ბრძოლა და თუ ვინმეს რაღაცა ნაკლოვანებები აქვს, გამოსწორდეს. ვფიქრობ, პასუხისმგებლობას ორივე მხარე აიღებს და სერიოზულ დაპირისპირებაში არ გადაიზრდება.

„გვარამიამ აღნიშნა, რომ კი, ბატონო, მიხეილ სააკაშვილი 2003 წლის რევოლუციის ლიდერი იყო, მაგრამ მას ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა და მარტო სააკაშვილი არ მონაწილეობდა.

  • ნიკა ჩიტაძე: „ესაა უთანხმოება სხვადასხვა საკითხებთან და ვფიქრობ, რომ არ გაღრმავდება, რადგან ოპოზიციაში ბევრად უფრო პასუხისმგებლიანი ადამიანები არიან და უფრო შორს არ წავლენ".

„ეს მისი საქმეა, გვარამიამ 2003 წელი რატომ გაიხსენა, ალბათ უბრალოდ მინიშნება იყო, რომ ერთი ადამიანი რევოლუციას ვერ ახდენს, რომ ხალხის მასობრივი მხარდაჭერაა საჭირო. პოლიტიკურ ლიდერს რა თქმა უნდა ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის რევოლუციურ, თუ სხვა ხასიათის პოლიტიკურ პროცესებში, მაგრამ მას ხალხის მასის მხარდაჭერა სჭირდება.

„ესაა უთანხმოება სხვადასხვა საკითხებთან და ვფიქრობ, რომ არ გაღრმავდება, რადგან ოპოზიციაში ბევრად უფრო პასუხისმგებლიანი ადამიანები არიან და უფრო შორს არ წავლენ", - განაცხადა ჩიტაძემ.

კითხავზე, თუ დაპირისპირება გამწვავდა, რამდენად შესაძლებელია, რომ ენმ-მ ალიანსი დატოვოს, ჩიტაძემ გვითხრა, რომ ვითარების უკიდურესად გამწვავების შემთხვევაში, არაფერი გამორიცხული არაა.

„კი, ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მაინც არ მოხდება. მანამდეც იყო უთანხმოება,მაგრამ ერთად არიან, იმედია, რომ ერთად იქნებიან, რადგან ერთმანეთი სჭირდებათ", - განაცხადა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×