ნატალია ჯვარიძე
28.05.2026

„ოპოზიციური ალიანსის" 26 მაისის აქციის შემდეგ, პარტია „ახალი" პოლიტსაბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, მირდატ ქამადაძემ დატოვა. იგი ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებს, მათ შორის იმას, რომ პარტია არ იყო ისეთი, რისთვისაც შეიქმნა და მათ ხედვებს შორის ფუნდამენტური განსხვავებაა.

როგორც ქამადაძე „ფეისბუქშ" გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში აღნიშნავს, თავის დროზე „ნაცმოძრაობიდან" მისი წამოსვლის მიზეზი ახალი პოლიტიკური კულტურის შექმნა იყო, თუმცა, მისივე თქმით, რაც ახალი უნდა ყოფილიყო, არც თუ ისე კარგად დავიწყებული ძველი აღმოჩნდა.

  • მირდატ ქამადაძე: „ჩვენ „ნაცმოძრაობიდან" იმიტომ წამოვედით, რომ გვეგონა შესაძლებელი იყო მართლა ახალი პოლიტიკური კულტურის შექმნა. სამწუხაროდ, რაც ახალი უნდა ყოფილიყო, არც თუ ისე კარგად დავიწყებული ძველი აღმოჩნდა."

„ეს გადაწყვეტილება არ არის სპონტანური. დიდი ხანია ფაქტობრივად სრულიად გავუუცხოვდი პარტიულ პროცესებს. აღარ ვესწრებოდი არც შეხვედრებს, არც პოლიტსაბჭოს, არც სხვა აქტივობებს. ამის მიზეზი არ ყოფილა არც პირადი კონფლიქტი და არც ემოციური ფონი. უბრალოდ, დროთა განმავლობაში სულ უფრო მკაფიო გახდა, რომ ჩემსა და პარტიის ხედვებს შორის ფუნდამენტური განსხვავებაა.

„ბათუმის 2021 წლის არჩევნებიდან დაწყებული, „ნაცმოძრაობაში" რთული შიდა პროცესებით გაგრძელებული და საბოლოოდ პარტია „ახალის" შექმნით დასრულებული, ერთი მთავარი აზრი მამოძრავებდა - პოლიტიკა არის საუბარი. საუბარი პირველ რიგში იმ ხალხთან, ვინც არ გეთანხმება. თუ მხოლოდ საკუთარ ბაბლში ტრიალებ, რეალურ ცვლილებას ვერ მიაღწევ. მაგრამ ამისთვის ჯერ იდეაა საჭირო - ნათელი, გასაგები და გულწრფელი იდეა იმაზე, როგორი ქვეყანა გინდა.

სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში სულ უფრო მკაფიო გახდა, რომ ვერც ამ იდეის ფორმირება მოხდა და ვერც რეალური სურვილი დავინახე განსხვავებული აზრის მქონე ამომრჩეველთან საუბრის. ამის გარეშე პოლიტიკა ნელ-ნელა უბრალოდ ხმაურს ემსგავსება, სადაც ფორმა შინაარსზე მნიშვნელოვანი ხდება.

ამას ეს ორი მაგალითი კარგად ასახავს (სხვა მაგალითებიც შეიძლება.

„გირაოს არ გადავიხდით" კამპანიის გარშემო რაც მოხდა, არც თუ ისე სამართლიანი მგონია. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ კამპანიის თითქმის ყველა მონაწილე გარეთ აღმოჩნდა, ბევრმა გირაოც გადაიხადა, ნაწილი კი ბევრად მძიმე ფასს იხდის. ეს ერთი ადამიანის შეცდომა არ იყო - ეს მთლიანად ჩვენი პოლიტიკური კულტურის პრობლემაა, სადაც ემოცია ხშირად საღ აზრზე წინ გარბის და მერე ამ შეცდომების აღიარებაც აღარავის უნდა.

„მეორე პრობლემა კიდევ უფრო ღრმაა - და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი. სამართლიანი წესების გარეშე არ არსებობს არც თავისუფალი პოლიტიკა, არც დაცული მოქალაქე, არც სანდო სახელმწიფო. ეს არ არის ერთ-ერთი პრობლემა - ეს არის ის საფუძველი, რომელზეც დანარჩენი ყველაფერი დგას. და სწორედ ამიტომ არის განსაცვიფრებელი, რომ დღეს ყველა საუბრობს მართლმსაჯულების სისტემის უსამართლობაზე - მათ შორის ისინი, ვინც ამ სისტემის შექმნაში პირდაპირ მონაწილეობდნენ და დღეს თავადვე გახდნენ მისი მსხვერპლი. მაგრამ თითქმის არავინ საუბრობს იმაზე, რაც მართლა მნიშვნელოვანია - როგორ უზრუნველყოფს მომავალი ხელისუფლება, რომ ძალაუფლება კვლავ ერთ ხელში არ მოხვდეს და შურისძიებამ და დესტაბილიზაციამ არ დაისადგუროს ქვეყანაში.

  • პაატა ზაქარეიშვილი: „მთავარი არ არის 26 მაისის აქცია, მთავარია რა ხდება 27 მაისს, 28-ში და ა.შ. როგორც ვხედავთ, არაფერია. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ „ახალშიც" გაუჩნდა ვიღაცას ეს განცდა."

ბუნდოვანება შობს შიშს. თუ ხალხს არ დაანახებ, როგორ გრძელდება ცხოვრება „ქოცების" შემდეგ და არ შესთავაზებ სტაბილურობის განცდას, ისინი ყოველთვის აირჩევენ ნაცნობ აწმყოს, რაც არ უნდა არ მოსწონდეთ ის. ბუნდოვან მომავალს ადამიანები ყოველთვის ნაცნობ რეალობას ამჯობინებენ.

ჩვენ „ნაცმოძრაობიდან" იმიტომ წამოვედით, რომ გვეგონა შესაძლებელი იყო მართლა ახალი პოლიტიკური კულტურის შექმნა. სამწუხაროდ, რაც ახალი უნდა ყოფილიყო, არც თუ ისე კარგად დავიწყებული ძველი აღმოჩნდა", - წერს მირდატ ქამადაძე.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ პარტიიდან ქამადაძის წასვლა 26 მაისის აქციას უკავშირდებოდა.

„როცა პარტიიდან ერთი ადამიანი მიდის, ეს ტრაგედია არაა, თუნდ რაღაც თარიღს ემთხვეოდეს. არ გამოვრიცხავ, რომ მისი წასვლა ამ აქციას უკავშირდებოდეს, რადგაც ძალიან უღიმღამოდ ჩაატარეს.

„ახალი" ყოველთვის რაღაც მოლოდინებს ქმნის და მის პროპაგანდას ეწევა. მაგალითად, მათ დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ პარლამენტში არ უნდა შესულიყვნენ. 4 ოქტომბრის ამბებიც მათ წამოიწყეს. ანუ ისინი არიან ავანგარდში რაღაც ნაბიჯებისა, რაც მერე არ სრულდება. დღემდე არ უთქვამთ, რა მოიტანა პარლამენტში არშესვლამ, ან ბოიკოტმა და 4 ოქტომბრის აქციამ. მთავარი არ არის 26 მაისის აქცია, მთავარია რა ხდება 27 მაისს, 28-ში და ა.შ. როგორც ვხედავთ, არაფერია. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ „ახალშიც" გაუჩნდა ვიღაცას ეს განცდა.

„თუმცა ნაკლებად ვვარაუდობ, რომ შიგნით რაღაც დუღილი მიდის, რადგან ასეთ შემთხვევაში პარტიას რამდენიმე კაცი დატოვებდა. სავარაუდოდ, ქამადაძე აქამდეც აპირებდა წამოსვლას, მაგრამ აქციას დაელოდა, რომ კუდები არ მიებათ, „ახალის" იმიჯი არ გაფუჭებულიყო. ეს პოლიტიკაში ხშირად ხდება, როცა სხვა მიმართულებით უნდათ წასვლა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×