რეზონანსი
28.05.2026

აშშ-ისა და ირანის მომლაპარაკებლებმა მიაღწიეს შეთანხმებას 60-დღიანი ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებასა და ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებას, თუმცა პრეზიდენტ ტრამპს საბოლოო თანხმობა ჯერ კიდევ არ მიუცია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა ყველაზე მნიშვნელოვანი დიპლომატიური გარღვევა იქნება ომის დაწყების შემდეგ, თუმცა საბოლოო შეთანხმება, რომელიც ტრამპის ბირთვულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, კვლავაც საჭიროებს შემდგომ ინტენსიურ მოლაპარაკებებს.

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, შეთანხმების პირობები სამშაბათის მდგომარეობით მეტწილად შეთანხმებული იყო, თუმცა ორივე მხარეს კვლავ სჭირდებოდა უმაღლესი ხელმძღვანელობის თანხმობა.

აშშ-ის ოფიციალური პირების მტკიცებით, ირანული მხარე მოგვიანებით დაბრუნდა და განაცხადა, რომ მათ ჰქონდათ საჭირო თანხმობა და მზად იყვნენ ხელმოსაწერად. ირანს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.

აშშ-ის მომლაპარაკებლებმა ტრამპს საბოლოო შეთანხმების დეტალები გააცნეს, თუმცა მას გადაწყვეტილებაზე ხელი დაუყოვნებლივ არ მოუწერია. „პრეზიდენტმა მედიატორებს გადასცა, რომ ამ საკითხზე დასაფიქრებლად რამდენიმე დღე სჭირდება“, - განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×