
თუ სომხეთი ევროკავშირში ინტეგრაციაზე უარს არ იტყვის, რუსეთი გაზის, ნავთობპროდუქტების და დაუმუშავებელი ალმასების შეღავათიან მიწოდებას შეუწყვეტს. მას შემდეგ, რაც რუსეთმა სომხეთიდან ყვავილების, ბოსტნეულისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი შეზღუდა, ეს ულტიმატუმი აშკარა შანტაჟია, თანაც წინასაარჩევნო პერიოდში. ვიდრე ფაშინიანი გადაწყვეტილებას მიიღებს, პუტინის მუქარა საქართველოზეც აისახება - სპეციალისტების განცხადებით, ამ ეკონომიკურ წნეხში ჩვენც მოვყვებით, რადგან რუსეთიდან სომხეთში გაზის გატარების, ანუ ტრანზიტის გადასახადს ვეღარ მივიღებთ.
რუსეთის ფედერაციის საელჩომ სომხეთში, ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალურად გადასცა რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის, სერგეი ცივილევის წერილი. მასში ნათქვამია, რომ სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაგრძელების შემთხვევაში, მოსკოვი ცალმხრივად შეაჩერებს ან დენონსაციას გაუკეთებს 2013 წლის 2 დეკემბრის შეთანხმებას.
„ინტერფაქსი“ წერს, რომ 2013 წლის შეთანხმებით, რუსეთმა სომხეთისთვის ნავთობპროდუქტების, გაზისა და ალმასების მიწოდებაზე საექსპორტო ბაჟი უვადოდ გააუქმა, რაც ქვეყნის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების გზაზე მორიგი ნაბიჯი იყო, რომელშიც დღეს რუსეთი, ბელარუსი, ყირგიზეთი და ყაზახეთიც შედიან. შეთანხმების თანახმად, მოსკოვი ერევანს ნავთობპროდუქტებსა და გაზს შიდა მოხმარების იმ მოცულობით აწვდის, რომელიც ინდიკატური ბალანსებით არის დამტკიცებული, ამასთან, მესამე ქვეყნებში რეექსპორტი აკრძალულია.
აპრილის დასაწყისში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ რუსეთი სომხეთს გაზს 1000 კუბურ მეტრზე 177.5 აშშ დოლარად აწვდის მაშინ, როდესაც ევროპაში მისი ფასი ამჟამად 1000 კუბურ მეტრზე, დაახლოებით, 600 აშშ დოლარია.
ბუნებრივი აირი, რომელსაც სომხეთი რუსეთისგან იღებს, საქართველოს ტერიტორიას გაივლის და ცხადია, ჩვენს ქვეყანას გატარების, ანუ ტრანზიტის საფასური რჩება. იმ შემთხვევაში, თუ სომხეთი რუსულ გაზს ვეღარ მიიღებს, ბუნებრივია, საქართველოსაც დააკლდება ტრანზიტის საფასური. თუმცა, ეკონომისტი ნოდარ კაპანაძე „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით, რასაკვირველია, ყველაზე მეტად სომხეთი დაზარალდება.
„მართალია, რუსული გაზი საქართველოს გავლით მიეწოდება სომხეთს და გატარების საფასური მოგვაკლდება, მაგრამ ეს გადამწყვეტი მოცულობა არ არის. სომხეთისთვის კი უმძიმესი დარტყმა იქნება და ასეთი რადიკალური ნაბიჯი არ მახსენდება რუსეთიდან სომხეთის მისამართით. იყო გარკვეული უთანხმოებები მათ შორის, მაგრამ გვარდებოდა ხოლმე, ეს გადაწყვეტილება კი რადიკალური ნაბიჯია. როგორც ჩანს, რუსეთის პოლიტიკურმა კლასმა ფაშინიანთან ურთიერთობას განაჩენი გამოუტანა, თუმცა ეს მაინც წინასაარჩევნო კონტექსტში გაკეთებული განცხადება მგონია, რადგან რუსეთისთვის სამხრეთ კავკასიაში გავლენის ასეთი მკვეთრი დაკარგვა საკმაოდ რთული იქნება“, - განუცხადა „რეზონანსს“ ნოდარ კაპანაძემ.
რუსეთი სომხეთის ევროინტეგრაციაზე ასეთ განცხადებას იმიტომ აკეთებს, რომ კრემლისა და ევროკავშირის ურთიერთობები ისედაც ჩიხშია შესული და დამატებითი თავის ტკივილი არაფერში სჭირდება.
„ამიტომაც არის ასე მკვეთრად განწყობილი, მაგრამ აქ არის რამდენიმე მომენტი: პირველი - რამდენად მნიშნელოვანია რუსეთისთვის არა მარტო სომხეთი, არამედ სამხრეთ კავკასია. რუსეთისთვის სამხრეთ კავკასიაში მისი ინტერესების არსებობა არის სასიცოცხლოდ აუცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი მისი სამხრეთი ფლანგი ჩამოიშლება. მეორე - რამდენად მნიშვნელოვანია სომხეთისთვის რუსეთი? შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რადგან რუსეთი შეუცვლელი ეკონომიკური პარტნიორია სომხეთისთვის. მესამე - რა არის სომხეთისთვის ევროკავშირი? სომხეთისთვის ევროკავშირი არის ის, რაც არის ჩვენთვის, ანუ ბევრი დაპირება და არაფერი ხელშესახები.
სხვათა შორის, ასოცირების ხელშეკრულება თავიდან ბოლომდე მაქვს წაკითხული, ცალკეული ამხანაგებისგან განსხვავებით და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მათ სუფრაზე საქართველო, სომხეთიც და ნებისმიერი სხვა ქვეყანა „დაპატიჟებულები“ ვართ, როგორც კერძი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მხოლოდ მენიუში ვართ. არ ვიცი, რას ფიქრობს სომეხი ხალხი ამაზე, თუმცა გადაწყვეტილებას მიიღებენ თვითონ, ამ არჩევნებზე.
ამ სამი ამბიდან გამომდინარე, საბოლოო ჯამში, რუსეთის ეს განცხადება უფრო საარჩევნო კონტექსტში უნდა განვიხილოთ, ხოლო მისი რეალიზაცია სრულიად დამოკიდებულია არჩევნების შედეგებზე“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას ნოდარ კაპანაძემ.
რუსეთის ამ ულტიმატუმის შედეგად, საქართველოს რომ ტრანზიტის საფასური დააკლდება, ამ პოზიციას იზიარებს ენერგეტიკოსი გია არაბიძეც, რომელმაც „რეზონანსს“ განუცხადა, რომ სომხეთი რუსეთიდან 3 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს იღებს და სწორედ ამ მოცულობის გატარების საფასურს უხდიან საქართველოს.
„ახლა რომ 2013-2014 წლები რომ იყოს, მაშინ ამ 3 მილიარდის 10%-იც დაგვრჩებოდა გაზის სახით. ახლა გვრჩება მხოლოდ გატარების საფასური. აღარ მახსოვს 1000 კუბური მეტრი გაზი 1 კილომეტრზე რა ღირს, მაგრამ ათიოდე წლის წინ, იმ თანხით, რომელსაც ვიღებდით გატარებაში, ნახევარი რაოდენობის გაზსაც ვერ ვყიდულობდით, რაც ნატურალურად, 10%-ის სახით გვრჩებოდა. ალბათ, დღესაც ასე იქნება. მოკლედ, ჩვენი ზარალი იქნება ტრანზიტის, ანუ გაზის გატარების საფასური, რომელიც უნდა გადაგვიხადონ 3 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გატარებისთვის.
გარდა ამისა, იქნება არაპირდაპირი, საექსპლუატაციო ხარჯებთან დაკავშირებული ზარალიც. ჩრდილოეთ კავკასიის გაზსადენის საშუალებით, ყოველწლიურად, საქართველო 600-700 მილიონ კუბურ მეტრ გაზს იღებს. ზოგადად, ჩრდილოეთ კავკასიის გაზსადენით შესაძლებელია 12 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გატარება წელიწადში. რეალურად კი, ექსპერტები ამბობენ, რომ 8-10 მილიარდი კუბური მეტრის გატარება შეუძლია.
ახლა წარმოიდგინეთ, გაზსადენს, რომელსაც 8-10 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გატარების უნარი აქვს თუ სომხეთი ჩაეხსნება, დარჩება მხოლოდ საქართველო, რომელიც ამ გაზსადენით მხოლოდ 600-700 მილიონ კუბურ მეტრ გაზს იღებს. საინჟინრო თვალსაზრისით, ეს არ იქნება კარგი და მისაღები. შესაბამისად, ამაზე, ალბათ, რუსეთიც იფიქრებს და სომხეთიც“, - განუცხადა „რეზონანსს“ გია არაბიძემ.