
დიასპორული პროგრამები მოერგება საქართველოს სახელმწიფოს პრიორიტეტებს და დაეფუძნება ქართული იდენტობის ფუნდამენტურ ფასეულობებს – მამული, ენა და სარწმუნოება. ეს მიდგომა მხოლოდ სიმბოლურ დატვირთვას არ ატარებს, იგი განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პოლიტიკის შინაარსს და პრაქტიკულ მიმართულებებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში, დიასპორის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, სწორედ ამ სამი ფასეულობის ქვეშ იქნება თავმოყრილი ყველა ის პროგრამა, რომელიც დიასპორისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
„ქართული ენა არის ეროვნული იდენტობის მთავარი საფუძველი და მისი შენარჩუნება პირდაპირ დაკავშირებულია დიასპორის მომავალთან, მის კავშირთან სამშობლოსთან. ამ მიმართულებით სახელმწიფო ახორციელებს მიზანმიმართულ და სისტემურ პროგრამებს, რომლებიც ემსახურება ქართული ენის სწავლების გაძლიერებას, მის პოპულარიზაციას, თაობებს შორის უწყვეტობის უზრუნველყოფას. შეიქმნა და ეტაპობრივად განხორციელდება პროგრამები – ჩემი ენა ქართული, ჩემი ქართული სკოლა, ქართული ენის ელჩი და ემიგრანტის ხმა, რომელიც ერთგვარად მედიაპლატფორმების ხელშეწყობისთვის იქნება განკუთვნილი. ეს ინიციატივები უზრუნველყოფს არა მხოლოდ ენის სწავლების გაფართოებას, არამედ მისი ხარისხის ამაღლებასაც, თანამედროვე მეთოდოლოგიების დანერგვას და საკვირაო სკოლების ინსტიტუციურ გაძლიერებას. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პედაგოგთა პროფესიულ განვითარებას, სწავლების სტანდარტების ერთიანობას და სასწავლო რესურსების მუდმივ განახლებას. ამასთან, დიასპორული მედიის და ციფრული პლატფორმების მხარდაჭერა შექმნის ახალ შესაძლებლობებს ქართული ენის ყოველდღიური გამოყენებისა და მის თანამედროვე კომუნიკაციურ სივრცეში აქტიური ინტეგრაციისთვის.
საგარეო საქმეთა სამინისტრო საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად, საკვირაო სკოლებს უსასყიდლოდ უზრუნველყოფს სასწავლო სახელმძღვანელოებით და დამხმარე ლიტერატურით. ასევე, საკვირაო სკოლების პედაგოგთათვის ჩატარდება სპეციალური ტრენინგები, რომლებიც გასულ წელს ენის სწავლების მთავარი პრინციპების, მეთოდებისა და სტრატეგიების გათვალისწინებით პირველად განხორციელდა და საკმაოდ წარმატებულად. რაც შეეხება მამულის კომპონენტს, მამულის კომპონენტი დიასპორის პოლიტიკაში მოიცავს მიზნობრივ პროგრამებს, რომლებიც მიმართულია ქართული კულტურის, შემოქმედების, მეცნიერების და ტრადიციების საერთაშორისო სივრცეში წარმოჩენისა და დიასპორის აქტიური ჩართულობის გაძლიერებისკენ. ამ მიმართულებით დაინერგა არაერთი პროგრამა – ხელოვნების ხიდი, კადრში საქართველო, ქართული გემო, გლობალური კავშირები მეცნიერებაში“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.