
სომხეთში დაგეგმილ გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებამდე 10 დღით ადრე, მოსკოვსა და ერევანს შორის ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. რუსეთის საელჩომ სომხეთის ხელისუფლება ოფიციალურად გააფრთხილა, რომ მოსკოვი ბუნებრივი აირისა და ნავთობპროდუქტების მიწოდების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას შეაჩერებს ან მის დენონსაციას მოახდენს, თუკი სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს განაგრძობს.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ საკუთარ „ტელეგრამ" არხზე განაცხადა. მისივე ცნობით, ასეთ შემთხვევაში სომხეთი გაზს არა შეღავათიანი, არამედ კომერციული ტარიფით მიიღებს.
საუბარია მოსკოვსა და ერევანს შორის 2013 წლის 2 დეკემბერს გაფორმებულ შეთანხმებაზე, რომელიც სომხეთისთვის ბუნებრივი აირის, ნავთობპროდუქტებისა და დაუმუშავებელი ბუნებრივი მინერალების მიწოდების სფეროში თანამშრომლობას ეხება. დოკუმენტი რუსეთიდან სომხეთში შიდა მოხმარების მოცულობის გაზისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებას საბაჟო გადასახადის გარეშე ითვალისწინებს, თუმცა, მესამე ქვეყნებში რეექსპორტის უფლების გარეშე.
ზახაროვას ინფორმაციით, 2026 წლის 27 მაისს, სომხეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის საელჩომ სომხურ მხარეს ოფიციალურად გადასცა რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის, სერგეი ცივილიოვის წერილი, რომლოის ადრესატიც სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იყო. წერილში აღნიშნულია, რომ თუ სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს გააგრძელებს, რუსული მხარე ცალმხრივად შეაჩერებს 13 წლის წინანდელი შეთანხმების მოქმედებას, ან მის დენონსაციას მოახდენს.
სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით ხუდათიანის განცხადებაზე, რომ უწყებას რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროდან გაზის მიწოდების შეთანხმების შესაძლო შეწყვეტასთან დაკავშირებით ოფიციალური წერილი ჯერ არ მიუღია, ზახაროვამ აღნიშნა, რომ „ეს უკვე სომხეთის უწყებათაშორისი კოორდინაციის პრობლემაა".
- ამჟამად რუსული გაზის ფასი სომხეთისთვის 1000 კუბურ მეტრზე 177,5 დოლარს შეადგენს. რუსული გაზის კომერციული ფასი კი 1000 კუბურ მეტრზე დაახლოებით 260 დოლარია.
„დავით ხუდათიანს შეუძლია დაურეკოს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და სთხოვოს, მიაწოდონ ინფორმაცია დოკუმენტების შესახებ", -განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა სომხეთთან გაზის შეთანხმებების შესაძლო დენონსაციის საკითხზე კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტები „გაზპრომთან" გადაამისამართა.
მანამდე, 22 მაისს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოქმედი შეთანხმების გამო რუსულ გაზზე ფასის ზრდა გამორიცხა. აღნიშნა, რომ დღეს მოქმედი ტარიფი „სტრატეგიული შეთანხმებების" ფარგლებში იქნა მიღწეული.
ზოგადად, სომხეთი რუსულ გაზზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. 2025 წელს „გაზპრომმა" ქვეყანას დაახლოებით 2,7 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა. ამჟამად რუსული გაზის ფასი სომხეთისთვის 1000 კუბურ მეტრზე 177,5 დოლარს შეადგენს.
აპრილის დასაწყისში სომხეთის პარლამენტის სპიკერმა, ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ ერევანი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან და ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გამოსვლის პროცესს დაიწყებს, თუ რუსეთიდან მიწოდებულ გაზზე ფასი გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ 28-29 მაისს ასტანაში გაიმართება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტი, რომელსაც ფაშინიანი არ დაესწრება.
რუსებმა უკვე დააწესეს შეზღუდვები სომხეთიდან გარკვეული პროდუქციის შეტანაზე - ყვავილები, ღვინო, არაყი და კონიაკი. ანალიტიკოსთა უმრავლესობა ამ შეზღუდვებსა და მუქარებს 7 ივნისს სომხეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს უკავშრებს. კრემლი პრაქტიკულად არც მალავს, რომ ფაშინიანის ხელისუფლებიდან ჩამოცილება სურს და ამ გზით ცდილობს მოახდინოს გავლენა სომეხ ამომრჩევლებზე, რათა მათ რუსეთისთვის სასურველ პოლიტიკურ ძალებს მისცენ ხმა.