თამთა ჩაჩანიძე
27.05.2026

ოპოზიციის ალიანსის შესაძლო გაფართოებაზე საუბრები პრაქტიკულად მისი შექმნის დღიდან მიდის, თუმცა, თუმცა 26 მაისის აქციაზე სხვა პარტიების წარმომადგენლების ყოფნამ გააძლიერა მოსაზრება, რომ ალიანს შეიძლება ახლო მომავალშ ახალი წევრები შეემატოს კონკრეტული პარტიების ან ცალკეული პოლიტიკოსების სახით.

ოპოზიციის ალიანსი 2 მარტს დაფუძნდა და დღეის მდგომარეობით მასში 9 პარტია შედის - „ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ევროპული საქართველო", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ფედერალისტები", „თავისუფლების მოედანი" და „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია".

26 მაისს „ოპოზიციური ალიანსის" დაორგანიზებულ აქციაზე იმყოფებოდა პარტია „ჯერ საქართველოს" დამფუძნებელი ვიქტორ ყიფიანი, რომელიც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი იყო. ასევე თვალში საცემი იყო დავით გამყრელიძის გამოჩენა, რომელიც 2024 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ „ლელო - ძლიერ საქართველოს" შეუერთდა მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო. ეს იმ ფონზე, როდესაც თავად „ლელო" გაემიჯნა აქციას.

მინიშნებები

„ჯერ საქართველოს" დამფუძნებელმა ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, რომ მათი გუნდი აქციაზე იყო, როგორც საზოგადოების რიგითი წევრები.

„ჩვენ აქ მოვედით, როგორც საზოგადოების რიგითი წევრები", - აღნიშნა ყიფიანმა.

აქვე აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამია „ფეისბუქზე" გააზიარა სამშაბათის აქციაზე გადაღებული ფოტოს წარწერით - „კარგი ხალხია ესენი". ფოტოზე აღბეჭდილი არიან პარტია „ჯერ საქართველოს" წევრები - ვიქტორ ყიფიანი, ნიკოლოზ ხატიაშვილი, გიორგი მსხილაძე, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, რუსუდან თევზაძე და ზურა შარაშენიძე.

„თავისუფლების მოედანის" ლიდერი ლევან ცუცქირიძემ კი აქციაზე საზოგადოებას მოუწოდა, ოპოზიციურ პარტიებს შეუერთდნენ და გაააძლიერონ.

„დემოკრატიასა და თავისუფლებას სჭირდება დემოკრატი მოქალაქეების უფრო მეტი პოლიტიკური მონაწილეობა, ამიტომ მოგიწოდებთ: შეუერთდით და გააძლიერეთ პარტიები, ვისაც ყველაზე მეტად ენდობით, ვისიც ყველაზე მეტად გჯერათ", - დასძინა ცუცქირიძემ.

პოლიტიკოსმა დავით გამყრელიძემ, რომელიც საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე იყო, განაცხადა, რომ ძალიან სამარცხვინო იყო ხელისუფლების საქციელი, როდესაც შეეცადა, რომ საზოგადოების იმ ნაწილისთვის, ვისაც ხელისუფლების ქმედებები არ მოსწონს, აზრის გამოხატვა აეკრძალა.

„26 მაისი არის საოცარი დღე - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, რომელიც აბსოლუტურად ყველასია. ძალიან სამარცხვინო იყო ის საქციელი, როდესაც ხელისუფლება შეეცადა, რომ საზოგადოების იმ ნაწილისთვის, ვისაც დღევანდელი კურსი და დღევანდელი ხელისუფლების ქმედებები არ მოსწონს, აზრის გამოხატვა აეკრძალა. იყო მუქარა, იყო ხელის შეშლა თუნდაც აპარატურის განთავსებასთან დაკავშირებით. რატომღაც ყველა ხელისუფლების სენია, რომ მიითვისონ და ყველა მთავარი სიმბოლოს პრივატიზება გააკეთონ. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი სიმბოლო არის 26 მაისი. 26 მაისს ვერავინ ვერ მიითვისებს - ეს დღე ქართველი ხალხის საკუთრებაა, ეს დღე ყველასია, ჩვენია", - განაცხადა დავით გამყრელიძემ.

გაფართოვდება თუ არა ალიანსი

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ვარაუდობს, რომ „ჯერ საქართველო" ოპოზიციურ ალიანსს შეუერთდება.

„შესაძლებელია ვიქტორ ყიფიანის ახალი პარტია შეუერთდეს, „ლელო" არა", - განაცხადა ჩიტაძემ.

  • ნიკა ჩიტაძე: „შესაძლებელია ვიქტორ ყიფიანის ახალი პარტია შეუერთდეს, „ლელო" არა".

როგორც კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, ნაკლებსავარაუდოა და გამორიცხულიც კი არის, რომ ვინც აქციაზე დაგიქსირდა არა ალიანსის წევრი, ის „ოპოზიციურ ალიანსს" შეუერთდეს.

„ვიქტორ ყიფიანს გამოკვეთილი პოზიცია აქვს აითვისოს მესამე ძალაზე ორიენტირებული ამომრჩევლის ხმები და ამ ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობისთვის კატეგორიულად თანაბრად მიუღებელია როგორც „ოცნება", ისე ენმ და მის გარშემო პარტიები. ყიფიანს ალიანსში გაერთიანება არ უნდა აწყობდეს. მემგონი ყიფიანი მიიჩნევს, რომ თუ ის ალიანსთან აღმოჩნდა, მესამე ძალის მოთხოვნაზე ორიენტირებული ამომრჩევლები მას ხმას აღარ მისცემენ", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კითხვაზე, იგივე ამომრჩეველს გაუჩნდება თუ არა პროტესტის გრძნობა, როდესაც მათ ოპოზიციური ალიანსის აქციაზე დაინახავდნენ, კონფლიქტოლოგმა გვითხრა:

„აქციაზე გახარიას ხალხიც იყო მისული. 26 მაისი ყველას დღეა, ერთი პარტიის დღე არაა. გუშინდელი დღით არ უნდა ვიმსჯელოთ. ალიანსს მე უფრო ბოიკოტის მომხრე პარტიებს დავუძახებდი. ბუნებრივია, სრულყოფილად იყვნენ წარმოდგენილი. „ლელო" და გახარიას პარტია აქციებზე არ არიან ორიენტირებული, თუმცა, ისინიც იყვნენ გუშინ, მათაც დააფიქსირეს. როგორც ყველა სურათებს იღებდა და აქვეყნებდა, „ლელომაც" ცალკე და გახარიას პარტიელებმაც ცალკე გადაიღეს სურათები და აჩვენეს, რომ 26 მაისის აღსანიშნავად იყვნენ, მაგრამ არ იყვნენ მკაფიოდ ბოიკოტის მომხრე პარტიებთან.

„ის, რომ ყიფიანის ხალხმა ფოტო გადაიღო და შემდეგ ეს გადაიზიარა გვარამიამ, რომელიც სურათზე არაა, ეს უკვე მცდელობაა ადამიანებს ფსიქოლოგიური განცდა შეუქმნან, რომ ჩვენთან არიანო. გვარამია გამოცდილი ჟურნალისტი და საკმაოდ ღონიერი ტელევიზიის ყოფილი ხელმძღვანელია, ამიტომ ეს მეთოდები კარგად იცის როგორ მუშაობს.

  • პაატა ზაქარეიშვილი: „ის, რომ ყიფიანის ხალხმა ფოტო გადაიღო და შემდეგ ეს გადაიზიარა გვარამიამ, რომელიც სურათზე არაა, ეს უკვე მცდელობაა ადამიანებს ფსიქოლოგიური განცდა შეუქმნან, რომ ჩვენთან არიანო."

„გამყრელიძე რამდენად შეუერთდება ბოიკოტის მომხრე პარტიებს არ ვიცი, მაგრამ შეიძლება უფრო ყიფიანის პარტიას შეუერთდეს. მისი ღირებულებები და ხედვები ყიფიანის პარტიის კონტექსტში უფრო ჯდება, ვიდრე ბოიკოტის მომხრე პარტიების.

„ბოიკოტის მომხრე პარტიებს არ შეუერთდება არც „ლელო" და არც „გახარია საქრათველოსთვის". მათ თავისი ამომრჩეველი იპოვეს და ორიენტაცია მათზე აქვთ და არა სხვა პარტიებზე. უკეთესი იქნება, ამ ორმა პარტიამ გააკეთოს ცალკ-ცალკე განცხადება, რომ ნებისმიერ არჩევნებზე აუცილებლად მივდივართ, ხალხის ხმებს დავიცავთ და ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში პარლამენტსა და საკრებულოებში აუცილებლად შევალთ. თქვან, რომ ჩვენი კარი ღიაა და თუ ბოიკოტის მომხრე პარტიებს ასეთი ბრძოლა სურთ, შეუერთდნენ. ამ შემთხვევაში, ბოიკოტის მომხრე პარტიებს მოპასუხეთა რეჟიმში ჩააყენებენ", - ამბობს ზაქარეიშვილი.

კითხვაზე, თუ მთლიანად პარტია არ შეუერთდება ოპოზიციურ ალიანსს, რამდენად შეიძლება ინდივიდუალურად გადაწყვიტონ შესვლა მოქმედმა წევრებმა თუნდაც „ლელოდან", ზაქარეიშვილი გვპასუხობს, რომ პარტიაში მათ მიმართ დამოკიდებულება დადებითი აღარ იქნება.

„ეჭვი მეპარება. გახარიას პარტიაც და „ლელოც" ძალიან გამობრძმედილები არიან. დამტოვებლებმა დატოვეს, ჩანერგილებმა თავი გამოააშკარავეს, ძალიან სუფთა პარტიებია... და თუ ვინმემ გადაწყვიტა რაღაცნაირად თავი ბოიკოტის მომხრე პარტიებთან დააფისიროს, მათ მიმართ დადებითი დამოკიდებულება არ იქნება", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×