რეზონანსი
27.05.2026

ალიანსის მიერ ორგანიზებული აქცია იყო საერთო ეროვნული მობილიზაციის პირველი ფაზის შემაჯამებელი შეკრება. ახლა ვიწყებთ საერთო ეროვნული მობილიზაციის მეორე ფაზას, რომლის ძირითადი სახელწოდება არის „საქართველო იმსახურებს უკეთესს“, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „მეორე ფაზის მთავარი საკითხი არის მეტი და მეტი, ღრმა და ღრმა, პირდაპირი კომუნიკაცია ხალხთან“.

„ისევ და ისევ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გუშინდელ დღეს. ყოველი დღე უნდა იყოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. გუშინდელი დღე შედგა. პირველ რიგში, მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა საზოგადოებას, ვინც მოვიდა დიდ შეკრებაზე. მადლობა ნდობისთვის, რომელიც გამოგვიცხადეთ. ალიანსის მიერ ორგანიზებული აქცია ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი იყო. ეს იყო საერთო ეროვნული მობილიზაციის პირველი ფაზის შემაჯამებელი შეკრება. მინდა, ღიად ვთქვა, რომ, ფაქტობრივად, ახლა ვიწყებთ საერთო ეროვნული მობილიზაციის მეორე ფაზას, რომლის ძირითადი სახელწოდება არის „საქართველო იმსახურებს უკეთესს“. ეს გზავნილი მოდის ხალხისგან, სწორედ იმ ადამიანებისგან, ვისაც ქუჩაში ვხვდებოდით და ვაკვირდებოდით, ძირითადად რა განწყობა მოდიოდა ადამიანებისგან, რა შინაგანი გულისთქმა ჰქონდა ამ ხალხს. ვფიქრობ, სწორი გზავნილია იმ კამპანიის, რომელსაც გავააქტიურებთ ალბათ რამდენიმე დღეში, მოსამზადებელი სამუშაოები გვექნება. მეორე ფაზის მთავარი საკითხი არის მეტი და მეტი, ღრმა და ღრმა, პირდაპირი კომუნიკაცია ხალხთან. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, შეგვიძლია პირდაპირი ურთიერთობა ხალხთან. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ გვტკივა მათი პრობლემები, ძალიან კარგად გვესმის, რაც მათ აწუხებთ, იქნება ეს ფასები, ჯარიმები, ბავშვების წამალი თუ მძიმე ფონი, რომელიც არის მიგრაციის, დემოგრაფიის, გახლეჩილი ოჯახების კუთხით. მეორე ნაწილში, გარდა პირდაპირი კომუნიკაციისა, აუცილებლად გვექნება ბევრი თემატიკა, რომელშიც ვაჩვენებთ ხალხს, რომ ჩვენ ვართ ის ალტერნატივა, რომელსაც შეუძლია, თავის თავზე აიღოს არა მხოლოდ ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა, არამედ პასუხი გასცეს ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ხალხს ასე ძალიან აწუხებს. შევეცდებით, ყველასთან მივიდეთ. ნახეთ, რომ არ გავჩერებულვართ ორი კვირის განმავლობაში დედაქალაქში. პირველი ეტაპი იყო დედაქალაქი. ჩვენ ვთქვით, რომ 26 მაისს დედაქალაქი გამოსულიყო, შემდეგი იქნება მთელი საქართველო. ვაჩვენეთ, რომ არათუ არ გვერიდება, პირიქით, ძალიან თბილი ურთიერთობა დამყარდა ჩვენსა და საზოგადოებას შორის. ამან გამოიწვია გუშინ პოზიტიური კულმინაცია. ჩვენ გვსურს ხალხის გამთლიანება, „ოცნებას“ – გათითოკაცება. მათი დღევანდელი განცხადებებიც პირდაპირ მიუთითებს, რომ არ სურთ ხალხთან საუბარი. „ქართული ოცნების“ არცერთ მხარდამჭერს არასდროს მოვიხსენიებ ისე, როგორც ისინი მოიხსენიებენ ჩვენს მხარდამჭერებს. ჩემთვის ყველა არის საქართველოს მოქალაქე, ეს არის განსხვავება ჩვენსა და მათ შორის. ასე რომ, ვიწყებთ ახალ ფაზას, მადლობა და მე კმაყოფილი ვარ. პირდაპირ გეტყვით, რომ გუშინდელი დღე ჩემთვისაც იყო ტესტი, ვაგრძელებთ ბრძოლას, თუ სხვა რამ უნდა მოვიმოქმედოთ. გუშინ ქართველი ხალხისგან ერთი მთავარი გზავნილი მივიღე – ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, არავის არაფრის ეშინია, არავინ უკან დახევას არ აპირებს. არა მხოლოდ ჯარიმებს ჩამოვწერთ და ყველა უსამართლობას დავასრულებთ, არამედ პატიმრებს გავათავისუფლებთ და ყველა პრობლემას მივხედავთ. კიდევ ერთხელ მადლობა, რომ დაშინების, წნეხის მიუხედავად, ამდენი ადამიანი გამოვიდა. რაც შეეხება რაოდენობას, ძალიან მკაფიო პასუხს მოგცემთ, იყო იმაზე მეტი, ვიდრე მოველოდი. ამისთვის დიდი მადლობა. აცდა რამდენიმე ათეულ ათასს, მორჩა და დამთავრდა. ამაზე მეტი იქნება შემდეგზე, მეორე ფაზის დასასრულზე – კიდევ მეტი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×