
ბოლო პერიოდში საქართველო-უკრაინის ურთიერთობების გაუმჯობესება შეინიშნება. ეს ორივე მხარისგან მოდის. მმართველ გუნდში იმედი აქვთ, რომ უკრაინა საკუთარ პოლიტიკას გადაიზრებს და ვითარება უკეთესობისგან შეიცვლება. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ განცხადებების გარდა, მნიშვნელოვანია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, თუნდაც ელჩების საკითხის მოგვარება. ვარაუდობს, რომ ამ პროცესში დასავლეთი მონაწილეობს, რაც თავისთავად მათთან ურთიერთობებზეც მოახდენს გავლენას.
„მე ასე მგონია, რომ ეს შემხვედრი ნაბიჯები დასავლეთის თანამონაწილეობის გარეშე არ მოხდებოდა. ის თავიდანვე არ იყო ურთიერთობების დაძაბვის მომხრე", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აფასებს ეუთო-ს შვეიცარიის თავმჯდომარეობისა და უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის საქართველოს თავმჯდომარეობის სწრაფ რეაგირებას ვენაში სპეციალური შეხვედრის მოწვევის მიზნით და მადლობას უხდის.
„შეხვედრაზე განხილული იყო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასშტაბური სარაკეტო დარტყმები და დრონებით განხორციელებული თავდასხმები, ასევე მოსკოვის უახლესი მუქარები.
- ანდრეი სიბიგა: „მადლობელი ვარ ჩემი შვეიცარიელი და ქართველი კოლეგების, იგნასიო კასისისა და მაკა ბოჭორიშვილის მათი ლიდერობისთვის".
„ეუთო-ს წევრმა სახელმწიფოებმა მკაფიოდ დაგმეს რუსული ტერორი და კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი მტკიცე ერთგულება უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების მიმართ. მიუხედავად მოსკოვის მცდელობისა, დააშინოს ჩვენი სახელმწიფო და უცხოელი დიპლომატები, საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით.
„მე ვაფასებ ყველა გზავნილს გულწრფელი სოლიდარობისა და მხარდაჭერის შესახებ, ასევე ეუთო-ს შვეიცარიის თავმჯდომარეობისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის საქართველოს თავმჯდომარეობის სწრაფ რეაგირებას ამ შეხვედრის მოწვევაზე. პირადად მადლობელი ვარ ჩემი შვეიცარიელი და ქართველი კოლეგების, იგნასიო კასისისა და მაკა ბოჭორიშვილის მათი ლიდერობისთვის, ასევე ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომლებიც დღეს მკაფიოდ გამოვიდნენ გაერო-ს წესდებისა და ჰელსინკის პრინციპების დასაცავად", - წერს ანდრეი სიბიგა.
ამ საკიტხზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმაც ისაუბრა. ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე მას კითხვა დაუსვეს, თუ რა გზავნილია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან ქართველი კოლეგისთვის საჯარო მადლობის გადახდა და როგორ ხედავს ამ ფონზე საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს.
„ჩვენ ამას მადლობისთვის არ ვაკეთებთ. ჩვენ ვაკეთებთ იმისთვის, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ფუნქციონირებდეს. ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც, ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვისაც. როგორც აქამდე ასეობით რეზოლუციას და სხვადასხვა საერთაშორისო ინსტრუმენტს მხარი დაუჭირა და ინიციატორი იყო საქართველო უკრაინასთან დაკავშირებით, ასევე ვაგრძელებთ ამ პოლიტიკას და ყოველთვის ასე ვიქცეოდით, მიუხედავად იმისა, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა უკრაინის ხელისუფლებას ქართველ ხალხთან და ქართულ სახელმწიფოსთან.
- შალვა პაპუაშვილი: „ის სიგნალები, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, იმედს გვიტოვებს, რომ უკრაინის ხელისუფლებაში ხდება საქართველოსა და ქართველ ხალხთან მიმართებით მათი პოლიტიკის გადააზრება."
„ის სიგნალები, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, იმედს გვიტოვებს, რომ უკრაინის ხელისუფლებაში ხდება საქართველოსა და ქართველ ხალხთან მიმართებით მათი პოლიტიკის გადააზრება. ასე რომ, ვნახოთ, დაველოდოთ, მომავალი გვაჩვენებს, რამდენად სერიოზულად მოხდება გადააზრება იმ მცდარი პოლიტიკისა, რომელიც აქამდე ჰქონდა უკრაინის ხელისუფლებას ქართველი ხალხისა და საქართველოს, მისი ხელისუფლების მიმართ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, „ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა თქვა: „მათი მხრიდან პოზიტიური ნაბიჯები თუ გადაიდგმება, ამას ყოველთვის აღვნიშნავთ. ვფიქრობ, დაინახეს, რომ მხარდაჭერა, რომელიც უკრაინას ამერიკისგან ჰქონდა, აღარ აქვს, ევროპა კრიზისშია და მომავალი, მოლოდინი ნათელი არ არის რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით. ასეთი სახის ნაბიჯები, შეიძლება, აქედან გამომდინარეობდეს".
გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცა.
„ვულოცავ საქართველოსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენს ორ ერს მრავალწლიანი კავშირები და თავისუფლებისა და ღირსების ფასეულობების საერთო გაგება აკავშირებს. საქართველოს მშვიდობას, ერთიანობას, ძლიერებასა და კეთილდღეობას ვუსურვებ. ჩვენ ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის იმედი გვაქვს და უკრაინა ამ მიმართულებით წინსვლისთვის მზად არის", - დაწერა ზელენსკიმ „იქსზე".
- ზაალ ანჯაფარიძე: „ვფიქრობ, უკრაინაში გააცნობიერეს და შესაძლოა დასავლეთშიც ურჩიეს, რომ საქართველოსთან დაძაბული ურთიერთობები არ შედიოდა მათ ინტერესებში."
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ უკრაინასთან ურთიერთობებში პოზიტიური ნიშნები მართლაც შეინიშნება, მაგრამ ამას კონკრეტული ნაბიჯები უნდა მოჰყვეს, მაგალითად ელჩების დაბრუნება.
„დადებითი განცხადებები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რადგან ადრე ძირითადად უფრო ნეგატიური შინაარსის განცხადებები კეთდებოდა. თავისთავად ეს კარგია, მაგრამ ამას კონკრეტული ნაბიჯები უნდა მოჰყვეს. ამის მერე შეიძლება ვიმსჯელოთ, შეიცვლება თუ არა ურთიერთობები უკეთესობისკენ.
„ვფიქრობ, უკრაინაში გააცნობიერეს და შესაძლოა დასავლეთშიც ურჩიეს, რომ საქართველოსთან დაძაბული ურთიერთობები არ შედიოდა მათ ინტერესებში. გარდა ამისა, ისიც გავითვალისწინოთ, რომ აქ 26 ათასი უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს. ასევე, არსებობს რეგიონული უსაფრთხოების მოსაზრებები. როგორც ჩანს, ყველა ფაქტორის ერთობლიობამ გამოიწვია ის, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ირჩია კონფროტაციიდან დიალოგზე გადასვლა.
„თუმცა ეს მხოლოდ განცხადებებია. მაგალითად, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის ხელისუფლებას არ მოეწონებოდა, როცა საქართველო არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დავასაბუთეთ, თუ რატომ შევიკავეთ თავი. ასე რომ, მე ჯერჯერობით ფრთხილ ოპტიმიზს ვინარჩუნებ და ველოდები კონკრეტულ ნაბიჯებს. ჯერ არ გვინახავს მაგალითად ის, რომ უკრაინის ელჩი თბილისში ჩამოსულიყო, ან პირიქით - ჩვენი კიევში დაბრუნებულიყო. არ ვიცი, შეიძლება უკვე დაბრუნდა კიდეც, მაგრამ პრესაში ამის თაობაზე არაფერი დაწერილა.
„გარდა ამისა, ალბათ საჭირო იქნება გარკვეული შეთანხმება, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მხარეები, რომ ერთმანეთის ინტერესები არ დააზიანონ და ამის თაობაზე კიევსა და თბილისს შორის გარკვეული ურთიერთგაგება წარმოიქმნას, არ იყოს ურთიერთბრალდებები, როგორც აქამდე. ასეთი პატარ-პატარა ნაბიჯებისგან ურთიერთობების აღდგენის პროცესი დგება.
„თუ საქართველო-უკრაინის ურთიერთობები გაუმჯობესდება, ამას გავლენა ექნება დასავლეთთან საქართველოს ურთიერთობაზეც, რადგან ევროპა საქართველოსა და უკრაინას თავიდანვე მოუწოდებდა, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ ბრალდების ტონით საუბარი შეეწყვიტათ და დიალოგის გზა მოეძებნათ. ეს ჯერ კიდევ 2022 წლიდან დაიწყო, როცა ურთიერთობები თავიდან დაიძაბა. მე ასე მგონია, რომ ეს შემხვედრი ნაბიჯები დასავლეთის თანამონაწილეობის გარეშე არ მოხდებოდა.
„საქართველო-დასავლეთის ურთიერთობები ძალიან მგრძნობიარე საკითხია, რადგან აქ ორი არჩევანია - დასავლეთმა უნდა გადაწყვიტოს, რა ტიპის ურთიერთობები უნდა საქართველოსთან. სურს ინტერესებზე დაყრდნობილი, დაახლოებით ისეთივე, როგორიც აზერბაიჯანთან აქვს, როცა დემოკრატიის საკითხებს ყურადღებას არ აქცევს და მხოლოდ გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები ამოძრავებს? ჩემი აზრით, სწორედ ამაზე მიდის მსჯელობა, რა ტიპის ურთიერთობები აირჩიონ - ანუ, უფრო ინტერესებზე დაფუძნებული, თუ ღირებულებებზე, როგორციცაა დემოკრატიული ნორმები, ადამიანის უფლებები, არჩევნები და ა.შ. ეს დელეგაციები ერთი მეორის მოყოლებით იმიტომ ჩამოვიდნენ, რომ, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებასთან ამ საკითხების გარკვევას ცდილობენ", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".