
2011 წლის 26 მაისიდან 15 წელი გავიდა, - დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმიდან, რომლის დაწყებამდეც რამდენიმე საათით ადრე საპროტესტო აქცია, მაშინდელმა ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია და ძალის გამოყენებით დაშალა. ასეულობით დაშავებული და 4 დაღუპული - მათ შორის მშვიდობიანი მომიტინგე სულიკო ასათიანი, რომლის ოჯახმაც ბრუტალური დარბევისა და ასათიანის მკვლელობის დეტალები ერთ-ერთ გადაცემაში გაიხსენა.
„ქართულ ოცნებაში“ დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ განსხვავებული აზრის მქონე ხალხის მკვლელი „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები დღეს სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მიტინგის მეორე დღეს მიხეილ სააკაშვილი ღირსების მედლებს არიგებდა.
„ჩვენ გვახსოვს, რა დაატრიალეს მაშინ რუსთაველის გამზირზე, გვახსოვს გარდაცვლილებიც, გვახსოვს გზაზე ხელბორკილდადებული ადამიანები, გვახსოვს ეს კადრები და გვახსოვს დასავლეთის დუმილი ამ ყველაფერზე. გვახსოვს, მეორე დღეს, როგორ არიგებდა მიხეილ სააკაშვილი ღირსების მედლებს სწორედ იმ ტერიტორიაზე, სადაც წინა დღეს უმოწყალოდ დაარბიეს ადამიანები, ბევრი ალბათ გაიხსენებს, ვინ იდგა იქ მეორე დღეს და დიქტატორი სააკაშვილისგან, რომელიც იმ პერიოდში ყველამ იცოდა, რომ ეს ძალადობა მხოლოდ რუსთაველზე ნანახი ძალადობა არ იყო, ეს იყო ბიზნესის რეკეტი და ზოგადი წამების სისტემა ციხეებში, ასე რომ ყველა გაიხსენებს, ვინ იდგა იქ მეორე დღეს და ვინ იღებდა დიქტატორი სააკაშვილისგან მედლებს. დღეს, სააკაშვილის პლაკატით, იმ ხელისუფლების მინისტრებმა და პროკურორებმა ჩაატარეს მიტინგი რუსთაველის გამზირზე, ეს არის დიდი ფარისევლობა, თუმცა, მეორე მხრივ, ჩანს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველას ეძლევა შეკრების შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.