
საქართველოში უცხოური ვალუტა კვლავ ჭარბი რაოდენობით შემოედინება. ამას ადასტურებს ოფიციალურტი მონაცემები. კერძოდ, აპრილში ეროვნულმა ბანკმა 333 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა. სფეროს სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მსგავსი შესყიდვები მომავალშიც განხორციელდება, ხოლო რაც შეეხება ეროვნული ვალუტის კურსს, ,,თიბისი კაპიტალის" პროგნოზით, ის გამყარებას გააგრძელებს და წლის ბოლოსთვის დოლართან მიმართებით დაახლოებით 2.65 იქნება. პროგნოზს სპეციალისტების ნაწილი დადებითად უყურებს.
ჭარბი შემოდინების ფონზე ეროვნული ბანკი ეცდება მაქსიმალურად ამოიღოს დოლარი ბრუნვიდან, რომ კურსი მკვეთრად არ გამყარდეს, მაგრამ, ცხადია, რომ მცოცავ გამყარებას ეროვნული ბანკი ხელს ვერ შეუშლის. მან ოქროს შუალედი უნდა დაიჭიროს, დოლარიც შეისყიდოს და ლარი ოდნავ გამყარებისკენაც მიუშვას. ამიტომ, შესაძლებელია ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 2,65-ზე დაბლაც ჩამოვიდეს. წინ არის ტურისტული სეზონი, რომელიც ძალიან მალე დაიწყება და პოზიციურად ამ პერიოდში ლარი ყოველთვის მყარად გრძნობს თავს.
"თიბისი კაპიტალი" პროგნოზირებს, რომ მაისის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო შესყიდვების მოცულობას გააძლიერებს და უფრო მეტ აშშ დოლარს შეისყიდის, ვიდრე აპრილში, რაც 333 მილიონ დოლარს შეადგენდა. ამჟამად სავალუტო ბაზარზე სიჭარბე შეინიშნება, რაც ხელსაყრელ ნიადაგს ქმნის იმისთვის, რათა ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვების შევსება წარმატებით გააგრძელოს.
"სავალუტო ბაზარზე არსებული სიჭარბე ლარის მხარდამჭერი ფაქტორია. "თიბისი კაპიტალის" მოკლე და გრძელვადიანი წონასწორობის მოდელების თანახმად, ლარი კვლავ ზედმეტად გაუფასურებული რჩება. ამდენად, განახლებული პროგნოზით, წლის ბოლოსთვის დოლარი/ლარის გაცვლითი კურსი დაახლოებით 2.65-ის ნიშნულზე იქნება" - ნათქვამია "თიბისი კაპიტალის" მაკროეკონომიკურ განახლებაში.
ეროვნულ ვალუტას ყველანაირი პირობა აქვს იმისათვის, რომ გამყარებისკენ იყოს მიდრეკილი. საინტერესოა, რა განაპირობებს ქვეყანაში უცხოური ვალუტის ჭარბ შემოდინებას და კურსი რა დიაპაზონში იმოძრავებს?
ეკონომისტი ოთარ ნადარაიამ ,,რეზონანსთან" ხაზი გაუსვა, რომ სავალუტო ბაზარზე არსებული სიჭარბე ლარის მხარდამჭერი ფაქტორია და "თიბისი კაპიტალის" მოკლე და გრძელვადიანი წონასწორობის მოდელების თანახმად, წლის ბოლოსთვის დოლარი/ლარის წონასწორული კურსი დაახლოებით 2.65-ის ნიშნულზე იქნება და გამორიცხული არაა, ცოთათი ჩამოსცდეს კიდეც.
,,მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმი ჯერ კიდევ სუსტია წმინდა სავალუტო შემოდინებები ძალიან ძლიერია, რასაც ხელს უწყობს ექსპორტის მიმართულება. იმპორტი კი შედარებით სუსტია; ანუ ვალუტის შემოდინება გადინებას სჭარბობს, შესაბამისად, ეს ფული აქ რჩება და ლარის კურსზეც მოქმედებს.
მაგრამ ეროვნული ვალუტა მხოლოდ ამიტომ არ მყარდება. ვიცით, რომ ეროვნულ ბანკს აქვს პრიორიტეტები, როგორიცაა, რეზერვების შევსება და ძალიან აქტიურდ ყიდულობს უცხოურ ვალუტას. როგორც აპრილში ასევე მაისში მოცულობითი ინტერვეციებია დოლარის შესყიდვის მიმართულებით, თუმცა, ასევე შემოდის ინფლაციის პრობლემა. მიზეზები ამ კუთხით გასაგებია, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გამო ყვლგან ინფლაციამ იმატა და ლარის გარკვეული გამყარება, მცირე დოზით ფასების ზრდის მოთოკვას ხელს უწყობს, რაც მხედველობაში მისაღებია.
დღეს ვხედავთ, რომ ლარი მის წონასწორობის ნიშნულებთან შედარებით, ბევრად არა, მაგრამ მაინც სუსტია. რაც შეეხება იმ გარემოებას, თუ რა დიაპაზონში შეიძლება ლარმა იმოძრაოს. თუ მხოლოდ დოლარი-ლარზე ვისაუბრებთ, სავალუტო ბაზარზე არსებული სიჭარბე ლარის მხარდამჭერი ფაქტორია. ამიტომ "თიბისი კაპიტალის" მოკლე და გრძელვადიანი წონასწორობის მოდელების თანახმად, ლარი ახლა კვლავ ზედმეტად გაუფასურებული რჩება. ამდენად, განახლებული პროგნოზით, წლის ბოლოსთვის დოლარი/ლარის გაცვლითი კურსი დაახლოებით 2.65-ის ნიშნულზე იქნება ან ოდნავ უფრო ნაკლებიც" - განუცხადა ,,რეზონანსს" ოთარ ნადარაიამ.
რაც შეეხება ტურისტულ სეზონს, მართალია, ზაფხულში უცხოური ვალუტის ჭარბი შემოდინება ხდება, მაგრამ ბაზრის მონაწილეები ამას მომზადებული ხვდებიან, ამიტომ ბოლო წლებში ლარის კურსმა ეს სეზონურობა გარკვეულწილად დაკარგა.
,,არ არის გამორიცხული, ლარის გამყარებაზე ტურისტულმა სეზონმაც იქონიოს გავლენა, თუმცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ზაფხულში უცხოური ვალუტის ჭარბი შემოდინება ხდება, მაგრამ ბაზრის მონაწილეები ამას მომზადებული ხვდებიან. ამიტომ, ბოლო წლებში, ლარის კურსმა სეზონურობის მომენტი, გარკვეულწილად, დაკარგა. დღეს, მიუხედავად იმისა, რომ სავალუტო შემოდინება უფრო მაღალია, ეროვნული ვალუტის სეზონურობა უკვე საკამათო გახდა.
რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, უნდა გვახსოვდეს, ეროვნული ბანკი არ იძლევა იმის გარანტიას, რომ გარკვეულ კურსს დაიჭერს, თუმცა სებ-ის ინტერესი, როგორც ვალუტის შესყიდვაში, ასევე გაყიდვაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად გარკვეულ როლს ასრულებს," - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ოთარ ნადარაიამ.
ლარის გამყარებასთან დაკავშირებით ცოტათი განსხვავებული მოსაზრება აქვს ფინანსისტ ნიკა შენგელიას. ის ცალსახად ადასტურებს, რომ ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინება დიდია, რაც, ცხადია, კურსზე დადებითად მოქმედებს, თუმცა, მისი აზრით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 2,66-2.72-ის დიაპაზონში იმერყევებს.
,,მთავარი ფაქტორი რაც ლარის კურსზე მოქმედებს ესაა გადმორიცხვები ემიგრანტების მხრიდან. ასევე უკრაინა-რუსეთის ომის შედეგად ჩამოსული ბევრი უკრაინელი, რუსი და ბელორუსი ბიზნესმენის აქტივობა საქართველოში. მათ 2021 წლის შემდეგ არაერთი კომპანია გახსნეს. აქვთ დიდი ფინანსური ბრუნვა. ანაზღაურებას და შემოსავლებს იღებენ ქართულ ბანკებში და გამომდინარე აქედან, ვალუტის შემოდინება დიდია. შესაბამისად, მოთხოვნა ლარზე ძლიერია.
საბოლოოდ, ლარის კურსი დოლართან მიმართებით, ვფიქრობ, 2,66-2.72-ის დიაპაზონში იმერყევებს. რაღაც მომენტში უცებ გაუფასურება მოხდება და მას კვლავ გამყარება მოჰყვება, რომ ამით ხელი მოითბონ. ყოველთვის ასე ხდებოდა და ახლაც ასე იქნება.
რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, ის სტაბილიზაციის კუთხით თავის ფუნქციას სათანადოდ ვერ ასრულებს. მისი როლი ისაა, რომ ბანკებს შეუქმნას საასთბურე პირობები, შეინარჩუნოს მაღალი საპროცენტო განაკვეთი და ბანკებმა მოსახლეობიდან ფული ამოიღონ. ამ ფუნქციას ეროვნული ბანკი ძალიან კარგად ასრულებს", - განუცხადა ,,რეზონანსს" ნიკა შენგელიამ.