
ოპოზიციის ალიანსის აქცია ხალხმრავალი გამოდგა, თუმცა, ძნელი სათქმელია, შეესაბამებოდა თუ არა ხალხის რაოდენობა ორგანიზატორთა მოლოდინს. იყო მცირე დაპირისპირებაც პოლიციასთან ხმის გამაძლიერებელ აპარატურასთან დაკავშირებით. ალიანსის ლიდერები მიიჩნევენ, რომ ეს შეკრება პროტესტის ახალი ტალღის დასაწყისი გახდება.
აქციის მონაწილეებმა შეტკრება თსუ-ს პირველ კორპუსთან საღამოს 7 საათზე დაიწყეს და დაახლოებით 40 წუთის შემდეგ ფეხით გაემართნენ პარლამენტის შენობისკენ. მათ თან ჰქონდათ ჰქონდათ სხვადასხვა პლაკატები, მათ შორის პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებით. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!".
პარლამენტის მიმდენარე ტერიტორიაზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. საპოლიციო ძალების წარმომადგენლებმა პარლამენტის შესასვლელი კარი აჭედეს. მოგვიანებით კი, პარლამენტის შესასვლელები დამატებითი რკინის ჯებირებით გაამაგრეს.
- პეტრე მამრაძე: „ეს არის ხოლმე ძალების მოსინჯვა, რადგან შიგნით გუნდში ხშირად ჰგონიათ, რომ ბევრი მხარდამჭერები ჰყავთ. დღევანდელი დღე კი მათთვის სრული ფიასკო აღმოჩნდა, ძალიან ცოტა ხალხი შეიკრიბა."
აქციაზე ალიანსში შემავალი ყველა პარტიის ლიდერები იმყოფებოდნენ. აქციაში მონაწილებდა მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელმაც ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:
„მინდა ყველას ვუთხრა, რომ დღეს ჩვენი, ყველას დღეა, ჩვენი ქვეყნის ისტორიული დამოუკიდებლობის დღე და ყველა, ვინც თვლის, რომ მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობა უნდა გამოვიდეს მარშზე".
ორგანიზატორები განსაკუთრებულ აქცენტს ხალხის რაოდენობაზე აქკეთებდნენ.
„გამძლეობაზე ტესტი ჩაბარებული გვაქვს. წელიწად-ნახევარზე მეტია, რაც ეს პროტესტი უწყვეტად მიმდინარეობს. ახლა გვჭირდება აუცილებლად რაოდენობის ტესტის გავლა. ერთმანეთიც უნდა დავინახოთ, მსოფლიომაც უნდა დაგვინახოს და ქართველებმაც უნდა დაგვინახონ - ემიგრანტებმაც, აქაც, ვინც რეგიონებშია და.შ. ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს. ერთად ვგეგმავთ, ერთად ვიმარჯვებთ. აუცილებელია ჩვენი კომუნიკაცია ერთმანეთთან", - განაცხადა აქციის დაწყებამდე „კოალიცია ცვლილებებისათვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ.
მოსამზადებელი პერიოდი
26 მაისის აქცია ოპოზიციურმა ალიანსმა მარტში დააანონსა. მათი მიზანი იყო საზოგადოების მობილიზება და ხელისუფლებაზე პოლიტიკური ზეწოლის გაზრდა. ალიანსი აცხადებდა, რომ აქცია მხოლოდ პარტიული არ უნდა ყოფილიყო და „სახალხო პროტესტის" ფორმა მიეღო.
10 მაისიდან ალიანსის წარმომადგენლები რეგიონებში უნდა გასულიყვნენ და ხალხს შეხვედროდნენ, თუმცა ეს არ შედგა.
- პაატა ზაქარეიშვილი: „ძალიან გამიხარდება, თუ ოპოზიცია ახლა მაინც მოახერხებს რაღაც გარკვეულ პროცესების დაწყებას. ამ წუთში რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს".
აღსანიშნავია ისიც, რომ მთელი მოსამზადებელი პერიოდი ალიანსის შიგნით დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. განსაკუთრებით მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გამოირჩეოდა კრიტიკით. მისი მთავარი მესიჯი იყო, რომ პროტესტი უფრო აქტიური და უწყვეტი უნდა გამხდარიყო. ოპოზიციას რეგიონებში აქტიური მუშაობისა და მუდმივი საპროტესტო ტალღის შექმნისკენ მოუწოდებდა. მისი მხარდამჭერები ამბობდნენ, რომ სააკაშვილი „მობილიზაციის შენარჩუნებას" ცდილობდა, ხოლო ოპონენტები ფიქრობდნენ, რომ მისი განცხადებები დამატებით დაძაბულობას ქმნიდა ოპოზიციის შიგნით.
„ძიძგილაობა" აპარატურაზე
მსვლელოს დაწყებამდე პოლიციამ „ოპოზიციურ ალიანსს" სცენის მონტაჟისთვის საჭირო კონსტრუქციის რუსთაველის გამზირზე შეტანის უფლება არ მისცა. ამის გამო ოპოზიციის ლიდერებს რუსთაველზე ცხარე კამათი ჰქონდათ საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროს გოგა მემანიშვილთან.
ძალოვანთა მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ ოპოზიციის მიერ დაკორექტირებული განცხადება შსს-ში მხოლოდ აქციის წინა დღეს შევიდა და უწყებას მის განსახილველად 5-დღიანი ვადა აქვს. შესაბამისად, 26 მაისს დაგეგმილ აქციაზე ოპოზიციას ტექნიკის განთავსების მოთხოვნა არ დაუკმაყოფილდება.
მოგვიანებით, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციამ მათ ტექნიკით დატვირთული მანქანა წაართვა:
„მანქანა ტექნიკით წაგვართვა პოლიციამ!
„მიდით, მიაწექით „ქოცებო"! ახლა სხვა მანქანებსაც გამოეკიდეთ და ირბინეთ ასე წინ და უკან, უთავმოყვარეო ბანდიტებო!"
მოგვიანებით, უკვე აქციის მიმდინარეობისას, ოპოზიციის წარმომადგენლებმა მაინც შეძლეს პარლამენტთან მიტინგისთვის საჭირო აპარატურის მიტანა.
აქცია აქციისთვის?
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე ფიქრობს, რომ ეს იყო აქცია აქციისთვის და მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესები ამას არ მოჰყვება.
„ვფიქრობ, შედეგი აქცია აქციისათვის გამოდის. ანტიეროვნული ძალებმა კარგად იციან, რომ რაღაც უნდა მოეწყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩათვლიდნენ, რომ არ არსებობენ. ამავდროულად, ეს არის ხოლმე ძალების მოსინჯვა, რადგან შიგნით გუნდში ხშირად ჰგონიათ, რომ ბევრი მხარდამჭერები ჰყავთ. დღევანდელი დღე კი მათვის სრული ფიასკო აღმოჩნდა, ძალიან ცოტა ხალხი შეიკრიბა.
„რაკი კარგა ხანია იციან, რომ მათმა გამოსვლამ ხალხში ფასი დაკარგა, კონცენტრირებული არიან იმაზე, რომ პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოხდეს. მერე ამას მათი ოპერატორები გადაიღებენ, უცხოელებსაც აჩვენებენ და იტყვიან, აი, როგორ ექცევიან პროევროპულ ოპოზიციას. ამას რეგულარულად აკეთებდნენ", - განაცხადა პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან".
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი ამბობს:
„ეჭვი მეპარება, რომ ხანგრძლივი პროცესი დაიწყოს, თუმცა გამორიცხული არაფერია. ძალიან გამიხარდება, თუ ოპოზიცია ახლა მაინც მოახერხებს რაღაც გარკვეულ პროცესების დაწყებას. ამ წუთში რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ეს როგორ გაგრძელდება, რა ფორმას მიიღებს. შეიძლება ამას აქციები მოჰყვეს, არ ვიცი, უნდა დაველოდოთ", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".