
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებამდე 12 დღით ადრე, ერევანს ხანმოკლე ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ეწვია. ერევნის აეროპორტშივე გაფორმდა თანამშრომლობის ორი დოკუმენტი და შდგა ერთობლივი პრესკონფერენცია. ანალიტიკოსთა უმრავლესობა ამ ვიზიტს 7 ივნისის არჩევნების წინ აშშ-ის მხრიდან პრემიერ ნიკოლ ფაშინიანისა და მისი პარტიის მხარდაჭერის დემონსტრირებად აფასებს.
ამის პარალელურად, რუსეთი სხვადასხვა ბერკეტების გამოყენებით სომხეთის არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობს. სომხურმა სამთავრობო მედიამ სამშაბათს გამოაქვეყნა მათ მიერ მოპოვებული დოკუმენტი, რომელიც, მათი ცნობით, წარმოადგენს რუსული სპეცსამსახურების მიერ შემუშავებულ გეგმას ფაშინიანის მთავრობის დასამხობად.
- მარკო რუბიო: „ტრამპის გზის" პროექტი სომხეთისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მშვიდობის გზას ხსნის".
ამ დოკუმენტის თანახმად, კრემლი სომხეთის არჩევნებზე პოლიტიკურ ფსონს პარტია „დედა სომხეთსა" და მის ლიდერზე, მილიარდერ სამველ კარაპეტიანზე დებს, რომელსაც დოკუმენტებში ღიად უწოდებენ „სომეხ ივანიშვილს".
რუბიოს ხანმოკლე ვიზიტი
მარკო რუბიო ინდოეთიდან მეუღლესთან ერთად ერევანში 26 მაისს ჩაფრინდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.
რუბიოს აეროპორტი ფაქტობრივად არ დაუტოვებია. აშშ-მა და სომხეთმა ზვათნოცშივე გააფორმეს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია. დოკუმენტზე ხელი რუბიომ და მორზოიანმა მოაწერეს. მხარეებმა ასევე ხელი მოაწერეს „ტრამპის გზა -საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის" პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმებას და მინერალების მოპოვებისა და გადამუშავების ჩარჩო მემორანდუმს.
„ტრამპის გზის" პროექტი სომხეთისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მშვიდობის გზას ხსნის", - განაცხადა რუბიომ.
მისივე თქმით, ეს არის ისტორიული ნაბიჯია და „სომხეთისა და რეგიონისთვის მშვიდობისკენ მიმავალი გზა".
„მზად ვართ ერთად ვიმუშაოთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ სომხეთისა და შეერთებულ შტატებს მინერალებზე საიმედო წვდომა ჰქონდეთ", - აღნიშნა რუბიომ.
არარატ მირზოიანმა კი განაცხადა, რომ აშშ-სომხეთის ურთიერთობა ახალ ფაზაში გადავიდა:
„დღეს ჩვენ შევძელით შეერთებულ შტატებთან სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების პარაფირება „ტრამპის მარშრუტის" პროექტზე. ადრე ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებებს ხელოვნური ინტელექტისა და ნახევარგამტარების, ბირთვული ენერგეტიკის შესახებ და ახლახან ხელი მოვაწერეთ ახალ დოკუმენტს იშვიათი ლითონების შესახებ".
სომხემა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ „სომხურ-ამერიკული პროექტები სასარგებლო იქნება რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც, რომლებიც კონსტრუქციულად ჩაერთვებიან ჩვენს ორმხრივ პროგრამებში".
„ფაშინიანის დამხობის გეგმა"
სომხურმა სამთავრობო მედიამ „რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მიერ სომხეთში ხელისუფლების შეცვლის საიდუმლო გეგმა" გამოაქვეყნა. როგორც გამოცემა „კავკასიის ქრონიკები" წერს, მთ მიიღეს „საიდუმლო დოკუმენტების ექსკლუზიური პაკეტი, რომელიც რუსული დაზვერვის თანამშრომლის ტელეფონიდანაა გაჟონილი და რომელშიც დეტალურად არის აღწერილი სომხეთში მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ჩარევისა და ნიკოლ ფაშინიანის დამხობის გეგმა".
- არარატ მირზოიანი: „სომხურ-ამერიკული პროექტები სასარგებლო იქნება რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც, რომლებიც კონსტრუქციულად ჩაერთვებიან ჩვენს ორმხრივ პროგრამებში".
მოპოვებული მასალები შეიცავს ეტაპობრივ სახელმძღვანელოს ქვეყანაში მოქმედი რამდენიმე ოპოზიციური პარტიის კოორდინაციის შესახებ, სადაც ასევე ასახულია დაფინანსების საკითხიც.
„კავკასიის ქრონიკების" პუბლიკაციის მიხედვით, რუსული დაზვერვა სომხეთის ელექტორატს სამ საარჩევნო სეგმენტად ყოფს. მთავარი სამიზნე კი ე.წ. „წითელი სექტორია", რომელიც მოსახლეობის 70%-ს შეადგენს. ეს ამომრჩეველთა ის კატეგორიაა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ფაშინიანის პოლიტიკას, მაგრამ ასევე არ სურთ ყოფილი ხელისუფლების დაბრუნება. ამ ელექტორატის მოსაზიდად რუსეთი ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანზე ამყარებს იმედებს, მას „სომეხ ივანიშვილს" უწოდებს, რომელიც, სავარაუდოდ, ახალ „მესამე ძალას" შექმნის და პრორუსულ ოპოზიციას ერთ ალიანსში გააერთიანებს.
გეგმის თანახმად, ამ დიდ ალიანსში - ე.წ. „კვარტეტში" - უნდა შევიდნენ სამველ კარაპეტიანის „დედა სომხეთი", გაგიკ ცარუკიანის „აყვავებული სომხეთი" და დამოუკიდებელი სამოქალაქო პლატფორმა, რომელიც ეკლესიისა და პოლიტპატიმრების დასაცავად შეიქმნა.
ამავე ინფორმაციით, რუსული დაზვერვის ანალიტიკოსები სომხეთის ექსპრეზიდენტების - რობერტ ქოჩარიანისა და სერჟ სარქისიანის ბანაკებში ღრმა განხეთქილებაზე მიუთითებენ და აღნიშნავენ, რომ ისინი ერთმანეთს უფრო ებრძვიან, ვიდრე ამჟამინდელ მთავრობას. გეგმის ავტორები ფიქრობენ ეს ლიდერებს აიძულონ ან კარაპეტიანის ლიდერობა მიიღონ, ან სრულიად განულდნენ პოლიტიკურ ასპარეზზე.
ეკონომიკური შეზღუდვები
23 მაისს რუსეთმა რამდენიმე ტიპის სომხური ღვინის და ბრენდის იმპორტი აკრძალა. რუსული მედია წერს, რომ „როსპოტრებნადზორმა" სომხეთიდან დაბალი ხარისხის ალკოჰოლის გაყიდვა შეაჩერა.
„სავალდებულო მოთხოვნებთან შეუსაბამო პროდუქციის გაყიდვის თავიდან ასაცილებლად საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებს და იმპორტიორებს ეცნობათ გაყიდვების შეჩერებისა და სომხეთიდან უხარისხო ალკოჰოლური სასმელების გატანის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, რუსეთმა 22 მაისიდან სომხეთიდან ყვავილების იმპორტზე დროებით შეზღუდვები დააწესა. ამ გადაწყვეტილების ოფიციალური მოტივია „რუსეთის ფიტოსანიტარიული უსაფრთხოებისა და ექსპორტის პოტენციალის დაცვა".
„2026 წლის 22 მაისიდან, „როსსელხოზნადზორი" დროებით შეზღუდვებს დააწესებს სომხეთში მოყვანილი და გაგზავნილი ყვავილების პროდუქტების იმპორტზე, სათბურების შემოწმების დასრულებამდე და მათი შედეგების ანალიზამდე", - წერია სააგენტოს ვებსაიტზე განთავსებულ განცხადებაში.