ვინ მიულოცა „ქართველ ხალხს“, ვინ - ხელისუფლების პირველ პირებს და აქვს თუ არა ამას რაიმე მნიშვნელობა
ნატალია ჯვარიძე
26.05.2026

საქართველო დამოუკიდებლობის დღის მილოცვას უცხოეთიდან სხვადასხვა ფორმით იღებს - ზოგი უშუალოდ ქართველ ხალხს ულოცავს, სხვები კი ხელისუფლების წარმომადგენლებს. აქედან ოპოზიციამ განსაკუთრებით გამოარჩია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს მილოცვა, რომლის ადრესატიც „ქართველი ხალხია". მათი აზრით, ეს მიანიშნებს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციასა და „ოცნებას" შორის ურთიერთობი არ უმჯობესდება, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში სახდეპის მაღალი დონის დელეგაციები ჩამოდიან. თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მიხეილ ყაველაშვილს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირადად მიულოცა დამოუკიდებლობის დღე.

ესტონეთი, ლატვია, გერმანია და საფრანგეთი უშუალოდ ქართველ ხალხს ულოცავენ დამოუკიდებლობის დღეს.

როგორც გერმანიის საელჩო აღნიშნავს, გერმანია მხარს უჭერს მათ, ვინც იბრძვის თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოსთვის.

ლატვიის საგარეო უწყების განცხადებით, „ლატვია საუკეთესო სურვილებს უგზავნის ქართველ ხალხს, მტკიცედ ვრჩებით ერთგული საქართველოს დემოკრატიისა და მისი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისადმი".

  • დონალდ ტრამპი: „ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის."

ამასთან, ევროკავშირის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნების საელჩოები აღნიშნავენ: „კვლავ ვადასტურებთ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ".

პირადად პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მილოცვა მიიღეს დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-ის მხრიდან, რომელმაც აღნიშნა: „ვამაყობ ჩვენს ერებს შორის ხანგრძლივი მეგობრობით, გადმოგცემთ საუკეთესო სურვილებს მომავალი წლისთვის".

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართველ ხალხსა და საქართველოს მთავრობას მისალოცი წერილი გამოუგზავნა.

მილოცვები მიხეილ ყაველაშვილმაც მიიღო.

ჩინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, სი ძინპინი მიხეილ ყაველაშვილს წერილს უგზავნის:

„თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მინდა პირადად თქვენ და ქართველ ხალხს გულითადი მოლოცვა და საუკეთესო სურვილები გადმოგცეთ.

„ჩინეთი და საქართველო კარგი მეგობრები არიან, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთს. ისინი ასევე კარგი პარტნიორები არიან, რომლებიც თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობაზე თანამშრომლობენ.

„ამჟამად, ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ძალას იკრებს: პოლიტიკური კავშირები კვლავაც ძლიერდება, სტრატეგიული თანამშრომლობა ახალ შინაარსს იძენს, ხოლო მრავალმხრივი თანამშრომლობა სულ უფრო ნაყოფიერი ხდება.

  • სი ძინპინი: „ჩინეთი და საქართველო კარგი მეგობრები არიან, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთს. ისინი ასევე კარგი პარტნიორები არიან, რომლებიც თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობაზე თანამშრომლობენ."

„უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებს და მზად ვარ თქვენთან ერთად ვიმუშაო ორმხრივი ურთიერთობების ახალ სიმაღლეზე ასაყვანად - ორივე ქვეყნის ხალხის საკეთილდღეოდ. საქართველოს კეთილდღეობას, ხოლო მის ხალხს ბედნიერებას ვუსურვებ", - აღნიშნულია ჩინეთის პრეზიდენტის მისალოც წერილში.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიხეილ ყაველაშვილისადმი მიწერილ მისალოც წერილში საქართველოში ვიზიტი გაიხსენა. ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკური ურთიერთობების ინტენსივობა და უმაღლეს დონეზე აქტიური დიალოგის არსებობა ხელსაყრელ პირობებს ქმნის ყველა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.

მიხეილ ყაველაშვილს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და დუბაის მმართველმა მიულოცეს.

ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო მიხეილ ყაველაშვილს წერს: „გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით - ეს დღესასწაული სიმბოლურად ქართველი ხალხის სიმტკიცეს, ერთიანობასა და ურყევ სულს განასახიერებს".

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კი დამოუკიდებლობის დღეს მაკა ბოჭორიშვილს ულოცავს:

„ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი პოლიტიკური ნდობა კიდევ უფრო განმტკიცდა, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა დაჩქარდა, ხოლო კოორდინაცია საერთაშორისო საკითხებზე უფრო ეფექტიანი გახდა. მზად ვარ, ვიმუშაო თქვენთან ერთად ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მიღწეული შეთანხმებების განსახორციელებლად, საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად და ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში ახალი პროგრესის მისაღწევად", - ნათქვამია მისალოც წერილში.

ჩინეთის გარდა, მაკა ბოჭორიშვილს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრიც ულოცავს: „ისრაელი მზადაა, უფრო გააღრმაოს ურთიერთობები და გააფართოოს თანამშრომლობა, მიიღეთ ჩემი საუკეთესო სურვილები".

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგას მისალოც წერილს უგზავნის და აღნიშნავს, რომ „ბულგარეთი საქართველოს ტრადიციულ პარტნიორად მიიჩნევს როგორც სამხრეთ კავკასიის, ასევე შავი ზღვის რეგიონში".

  • ზაალ ანჯაფარიძე: ის, რომ რუბიომ ქართველ ხალხს მიულოცა და არა პრემიერს, ან პრეზიდენტს, აქედან შორსმავალი დასკვნები გამოიტანო, თანაც შენთვის სასარგებლო, არასწორია".

ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა, ევროპულ საქმეთა და განვითარების სფეროში თანამშრომლობის მინისტრი მაქსიმ პრევოტი ასევე პირადად მაკა ბოჭორიშვილს ულოცავს დანოუკიდებლობის დღეს. როგორც მისალოც წერილში აღნიშნავს, იგი იმედოვნებს, რომ ბელგიასა და საქართველოს შორის მეგობრული კავშირები და თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება.

სერბეთის, ბულგარეთის, ჩინეთის, სომხეთის და ხორვატიის პრემიერები, ასევე თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს დამოუკიდებლობას პირადად პრემიერ ირაკლი კობახიძეს ულოცავენ.

ოპოზიციის კონფუზი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მილოცვის ტექსტი სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „შეერთებული შტატები ერთგულია პარტნიორობის, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ".

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს. ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრობის გაღრმავებისა და ჩვენი ორივე ერის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით. შეერთებული შტატები უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვართ მდგრადი უსაფრთხოებისკენ, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაში. შეერთებული შტატები ერთგულია პარტნიორობის, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ", - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

„ოპოზიციური ალიანსის" ლიდერი, ნიკა გვარამია რუბიოს წერილს გამოეხმაურა და თქვა:

„მარკო რუბიოს ეს წერილი ქართველ ხალხს გვეძღვნება და ჩვენს ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის. წერილის ადრესატი ჩვენ ვართ და არა ე.წ. მთავრობა. ამიტომაც ეს წერილი ჩვენგანაც საჭიროებს პასუხს! დღეს 7-ზე უნივერსიტეტთან ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ, მათ შორის, ამის გამო! უფრო მეტნი, ვიდრე ერევანში რუბიოს დამხვედრები".

მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისალოცი წერილი გამოუგზავნა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს.

„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო!

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს.

„ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის. შეერთებული შტატები კვლავაც განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს მდგრადი უსაფრთხოების, თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაში", - აღნიშნულია დონალდ ტრამპის მისალოც წერილში.

აქვს თუ არა მნიშვნელობა მილოცვის ფორმას

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ მარკო რუბიომ დამოუკიდებლობის დღე ქართველ ხალხს მიულოცა და არა კონკრეტულ პირებს:

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ამერიკამ როგორც შარშან და შარშანწინ მიულოცა, ისე მოხდა ახლაც. ისინი ამ დღეს ულოცავენ ქართველ ხალხს და არა კონკრეტულ პირებს, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს არის ქართველი ერის დღესასწაული.

„ამაში ტრაგიკულ მომენტებს ვერ ვხედავ, განსხვავებით ზოგიერთისგან, რომელიც ცდილობს ამისგან მათთვის სასარგებლო პოლიტიკური დასკვნები გამოადნოს - თითქოს ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვა არ ხდება. ძალიან არაპროფესიული დასკვნაა. ის, რომ რუბიომ ქართველ ხალხს მიულოცა და არა პრემიერს, ან პრეზიდენტს, აქედან შორსმავალი დასკვნები გამოიტანო, თანაც შენთვის სასარგებლო, არასწორია", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×