თამთა ჩაჩანიძე
26.05.2026

რუსეთი კიევში „გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე" დარტყმას უკვე ოფიციალურად აანონსებს. 24 მაისს უკრაინის დედაქალაზე ერთი მსგავსი დარტყმა უკვე იყო, რომელიც მოსკოვმა ოფიციალურად წარმოადგინა, როგორც „შურისგების აქტი" სტარობილსკში კოლეჯის საერთო საცხოვრებელზე უკრაინული იერიშის საპასუხოდ, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა. ახლა კი კრემლში აცხადებენ, რომ ასეთი დარტყმები სისტემატურ ხასიათს მიიღებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ტელეფონით უკვე ესაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს - მოსალოდნელი დარტყმების შესახებ გააფრთხილა და კიევიდან ამერიკელი დიპლომატების გაყვანა ურჩია. ამის პარარელურად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა ოფიციალური განცხადება ინტენსიური დარტყმების შესახებ.

თავად რუბიომაც აღნიშნა, რომ ესკალაციის საფრთხე მაღალია და არსებს საშიშროება, რომ კონფლიქტი გაფართოვდეს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მუქარას „უსირცხვილო შანტაჟს" უწიოდებს. უწყების განცხადებით, „მოსკოვი ფაქტობრივად აღიარებს, რომ მისი თავდასხმები დიპლომატიური კორპუსის დაშინებისკენაა მიმართული".

  • მარკო რუბიო: „კიევი ძალიან საშიში ადგილი იქნება - კიევი უკვე რამდენიმე წელია ძალიან საშიში ადგილია. შეხედეთ, ყველა ამ ომის გაგრძელების საფრთხე ის არის, რომ ყოველთვის არსებობს ესკალაციის, რაღაც ახალში გავრცელების საფრთხე."

24 მაისის ღამეს რუსეთმა კიევზე რაკეტებითა და დრონებით მიიტანა მასშტაბური იერიში, რის შედეგადაც დაინგრა და დაზიანდა 30-ზე მეტი შენობა, დაშავდა 80-ზე მეტი ადამიანი, დაიღუპა ორი პირი. დარტყმისას დემონსტრაციულად გამოყენებული იყო ბალისტიკუყრი რაკეტა „ორეშნიკიც", რომელიც ბირთვული ქობინების გადასატანადაა შექმნილი. გარდა ამისა, მედიის ცნობით, რუსეთმა უკრაინას დაარტყა „ისკანდერის" აერობალისტიკური რაკეტებით, „კინჟალის" ჰიპერბგერითი რაკეტებითა და „ცირკონის" ფრთოსანი რაკეტებით, ასევე თავდასხმაში მონაწილეობდნენ დრონები და „დარტყმების სამიზნე მხოლოდ უკრაინის სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებსა და მათთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურა" იყო.

მანამდე, 22 მაისის ღამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სტარობილსკში კოლეჯსა და საერთო საცხოვრებელზე იერიში მიიტანეს, სადაც ოფიციალური მონაცემებით 86 სტუდენტი იმყოფებოდა, 21 დაიღუპა 65 კი დაიჭრა.

რუსეთის მუქარა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთის არმია თანმიმდევრულად მიიტანს იერიშებს უკრაინაში გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებზე.

„შეიარაღებული ძალები იწყებენ დარტყმების განხორციელებას კიევში მდებარე უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებზე, მათ შორის კონკრეტულ ადგილებზე, სადაც ხდება იმ უპილოტო საფრენი აპარატების პროექტირება, წარმოება, პროგრამირება და გამოყენებისთვის მომზადება, რომლებსაც კიევის რეჟიმი ნატო-ს სპეციალისტების დახმარებით იყენებს.

„ეს სპეციალისტები პასუხისმგებელი არიან კომპონენტების მიწოდებაზე, სადაზვერვო მონაცემების გადაცემასა და სამიზნეების მითითებაზე. დარტყმები განხორციელდება ასევე გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებზე და სამეთაურო პუნქტებზე", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, ყველა ეს ობიექტი უკრაინის დედაქალაქში მდებარეობს, ამიტომ სამინისტრომ დიპლომატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე დატოვონ უკრაინის ქალაქი, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას, არ მიუახლოვდნენ სამხედრო და ადმინისტრაციულ ინფრასტრუქტურას.

უკრაინის პასუხი

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის მხრიდან კიევისა და უკრაინის სხვა ქალაქების მიმართ საფრთხის საერთო დონე იგივე რჩება, რაც წინა წლებსა და თვეებში იყო. უწყება კიევის წინააღმდეგ ახალი დარტყმების დაწყების შესახებ რუსეთის მუქარას შანტაჟსა და უცხოელი დიპლომატების დაშინების მცდელობას უწოდებს.

„ოთხ წელზე და სამ თვეზე მეტია, რუსეთი უკრაინის დედაქალაქის წინააღმდეგ იყენებს სიკვდილის გამომწვევი რაკეტებისა და დრონების სრულ სპექტრს. დარტყმები, პრაქტიკულად, ერთი კვირითაც კი არ შეჩერებულა.

  • უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „მოსკოვი ფაქტობრივად აღიარებს, რომ მისი თავდასხმები უცხოური დიპლომატიური კორპუსის დაშინებისკენაა მიმართული. ეს ჩვენება ღირებული მტკიცებულება იქნება აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლებრივ პროცესებში".

„ამ ფონზე, რუსეთის ახალი მუქარა სხვა არაფერია, თუ არა უსირცხვილო შანტაჟი. მოსკოვი ფაქტობრივად აღიარებს, რომ მისი თავდასხმები უცხოური დიპლომატიური კორპუსის დაშინებისკენაა მიმართული. ეს ჩვენება ღირებული მტკიცებულება იქნება აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლებრივ პროცესებში", - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, რუსეთის მხრიდან დაშინებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მზადაა ხელი შეუწყოს იმ უცხოური დიპლომატიური მისიების უსაფრთხოების გაძლიერებას, რომლებიც ამას ითხოვენ. მათი შეფასებით, კრემლის მუქარაზე საუკეთესო რეაგირება აგრესორზე ზეწოლის გაზრდა და უკრაინის მხარდაჭერაა, განსაკუთრებით მისი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებით.

„მოსკოვმა საერთაშორისო საზოგადოებისგან სწორი და კონსოლიდირებული სიგნალები უნდა მიიღოს: ერთიანობა, ძალა და მთლიანობა", - აღნიშნულია განცხადებაში.

რუბიოსა და ლავროვის საუბარი

25 მაისს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეფონით ისაუბრეს. სახდეპის ცნობით, მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს, ერთ-ერთი მთავარი საკითხი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი იყო. ლავროვმა კი აშშ-ს რუსეთის განზრახვის შესახებ ოფიციალურად აცნობა - რომ დარტყმების გაგრძელებას აპირებს „კიევში უკრაინის სამხედრო ობიექტებსა და გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე, რუსეთში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დარტყმების საპასუხოდ".

თავად რუბიო ამბობს, რომ ლავროვს ვლადიმერ პუტინმა სთხოვა დაერეკა მისთვის, რათა ტრამპისთვის გადაეცა გზავნილი, რომ კიევზე დარტყმას აპირებს.

„კიევი ძალიან საშიში ადგილი იქნება - კიევი უკვე რამდენიმე წელია ძალიან საშიში ადგილია. შეხედეთ, ყველა ამ ომის გაგრძელების საფრთხე ის არის, რომ ყოველთვის არსებობს ესკალაციის, რაღაც ახალში გავრცელების საფრთხე. ასე რომ, გუშინ ვესაუბრე მას ამაზე და რამდენიმე სხვა თემაზე და ცხადია, პუტინს სურდა - სთხოვა, რომ დაერეკა, რათა პირდაპირ გადამეცა შეტყობინება პრეზიდენტისთვის, რაც გავაკეთე კიდეც, მაგრამ ცხადია, ჩვენ უკვე ვნახეთ შეტყობინება, რომელიც გაიგზავნა ყველა დიპლომატიურ უწყებაში", - აღნიშნა რუბიომ.

რუბიომ აღნიშნა, რომ ახლო მომავალში არაა დაგეგმილი შეხვედრები სამშვიდობო მოლაპარაკების ფარგლებში, თუმცა აშშ „მუდამ მზადაა, ითამაშოს კონსტრუქციული და დამხმარე როლი".

რუბიო-ლავროვის სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა. მათი ცნობით, რუსულმა მხარემ ოფიციალურად აცნობა კიევზე დაგეგმილი იერიშის შესახებ, თუმცა, კიევიდან ჯერ ამერიკელი დიპლომატიური პერსონალის ევაკუაცია უნდა განხორციელდეს.

„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დავალებით, სერგეი ლავროვმა ოფიციალურად აცნობა ამერიკულ მხარეს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ კიევის რეჟიმის მიერ მიმდინარე ტერორისტული თავდასხმების საპასუხოდ, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები კიევში მდებარე იმ ობიექტებზე, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებისთვის გამოიყენება, ასევე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიმღებ ცენტრებზე, სისტემატურ და თანმიმდევრულ დარტყმებს იწყებს", - აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

მათივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკელ კოლეგას 2025 წლის აგვისტოში, ანკორიჯში, უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით უმაღლეს დონეზე მიღწეული შეთანხმებები შეახსენა.

„მინისტრმა მწუხარება გამოთქვა, რომ ევროპელი ელიტებისა და კიევის რეჟიმის თავხედური ძალისხმევა ძირს უთხრის ამ შეთანხმებებს", - აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×