
მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკების ფონზე, აშშ-მა ირანის სამხრეთში ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა, თეირანში კი აცხადებენ, რომ ამერიკული დრონი ჩამოაგდეს. მიუხედავად სამხედრო ესკალაციისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ მხარეებს შორის დროებითი ზავისა და ბირთვული პროგრამის თაობაზე შეთანხმების მიღწევა კვლავ შესაძლებელია.
ვაშინგტონის განცხადებით, ორშაბათს აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის სამხრეთს შეუტიეს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ იერიშები თავდაცვის მიზნით განხორციელდა და მიზნად ისახავდა „ირანული ძალების მხრიდან საფრთხეებისგან ამერიკელი სამხედროების დაცვას".
თავის მხრივ, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" სამშაბათს განაცხადა, რომ მათ ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, ასევე ირანის საჰაერო სივრცეში შეჭრილ გამანადგურებელსა და ერთ დრონს ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ ირანული სახელმწიფო მედია იუწყება, თუმცა ინციდენტის ზუსტი დრო არ კონკრეტდება.
თეირანში ასევე ამბობენ, რომ ირანს„ლეგიტიმური და სრული" უფლება აქვს, აშშ-ის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნებისმიერ დარღვევას პასუხი გასცეს.
„ამერიკულმა ძალებმა დღეს ირანის სამხრეთში თავდაცვის მიზნით დარტყმები განახორციელეს, რათა ჩვენი ჯარები ირანისგან მომავალი საფრთხისგან დაეცვათ", - ნათქვამია აშშ-ის ცენრალური სარდლობის წარმომადგენლის, კაპიტან ტიმ ჰოკინსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მისივე თქმით, „აშშ-ის ცენტრალური სარდლობა აგრძელებს საკუთარი ძალების დაცვას და ამავდროულად, მოქმედი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პირობებში, მაქსიმალურ თავშეკავებას იჩენს".
გარდა ამისა, კაპიტანმა ჰოკინსის ცნობით, ამერიკული იერიშების სამიზნე სამხრეთით მდებარე საპორტო ქალაქ ბანდარ აბასის მიმდებარე ტერიტორიაც გახდა. სწორედ აქ მდებარეობს ირანის სამხედრო-საზღვაო ბაზა, რომელიც ჰორმუზის სრუტეს აკონტროლებს.
ამ ეტაპზე გაურკვეველია, თუ რა გავლენას მოახდენს აშშ-ის ბოლო დარტყმები ვაშინგტონსა და თეირანს შორის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებაზე.
- აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: „ამერიკულმა ძალებმა დღეს ირანის სამხრეთში თავდაცვის მიზნით დარტყმები განახორციელეს, რათა ჩვენი ჯარები ირანისგან მომავალი საფრთხისგან დაეცვათ".
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეთანხმების მიღწევა კვლავ შესაძლებელია. მან ყურადღება სამშაბათს დაგეგმილ მოლაპარაკებებზე გაამახვილა, რომლებშიც ირანის მთავარი მომლაპარაკებელი, საგარეო საქმეთა მინისტრი და კატარის პრემიერ-მინისტრი მონაწილეობენ.
„ვნახავთ, შევძლებთ თუ არა პროგრესის მიღწევას. ვფიქრობ, ამჟამად აქტიური განხილვები მიმდინარეობს საწყისი დოკუმენტის კონკრეტულ ფორმულირებებზე. ასე რომ, ამას რამდენიმე დღე დასჭირდება", - განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს ინდოეთში ოფიციალური ვიზიტის დროს.
მისივე თქმით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც „შეთანხმების მიღწევის სურვილი გამოხატა".
„ის ან კარგ შეთანხმებას გააფორმებს, ან საერთოდ არანაირს", - თქვა რუბიომ.
ორშაბათის დარტყმების შესახებ დამატებითი კითხვის საპასუხოდ რუბიომ აღნიშნა: „სრუტეები გახსნილი უნდა იყოს. ისინი ასე თუ ისე მაინც გაიხსნება, ამიტომ მათი ფუნქციონირება აუცილებელია. ის, რაც იქ ხდება, კანონგარეშეა, უკანონობა მიუღებელია, გაუმართლებელია მსოფლიოსთვის ".
ამავდროულად, ირანის უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთი „ამერიკული ბაზების ფარი ვეღარ იქნება".
- მოჯთაფა ხამენეი: „გარდა იმისა, რომ ამერიკას რეგიონში ბოროტების უსაფრთხო თავშესაფარი და სამხედრო ბაზები აღარ ექნება, იგი დღითიდღე კარგავს თავის ძველ სტატუსსა და გავლენას".
ხამენეიმ, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში, გარდაცვლილი მამის ჩანაცვლების შემდეგ, საზოგადოებაში საჯაროდ არ გამოჩენილა, ეს განცხადება სამშაბათს, ყოველწლიური ჰაჯის მომლოცველობისადმი მიძღვნილ მიმართვაში გააკეთა:
„გარდა იმისა, რომ ამერიკას რეგიონში ბოროტების უსაფრთხო თავშესაფარი და სამხედრო ბაზები აღარ ექნება, იგი დღითიდღე კარგავს თავის ძველ სტატუსსა და გავლენას".
გასულ უქმეებზე ტრამპმა მიანიშნა, რომ მხარეები შეთანხმებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ მომლაპარაკებლებს პროცესის „დაჩქარებისგან" თავის შეკავება უბრძანა. ამავდროულად, რუბიო ვარაუდობდა, რომ შეთანხმების მიღწევა, შესაძლოა, უკვე ორშაბათს ყოფილიყო შესაძლებელი.
თუმცა, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ესმაილ ბაყაიმ ამ საკიტხზე საუბრისას განაცხადა: „მართალია, რომ განსახილველი საკითხების დიდ ნაწილზე საერთო დასკვნამდე მივედით... მაგრამ იმის თქმა, თითქოს შეთანხმების ხელმოწერა გარდაუვალია, არავის შეუძლია".