მარიამ ვეკუა
26.05.2026

სამხედრო ფიცი წვევამდელებმა თბილისში და საქართველოს კიდევ 12 ისტორიულ ადგილზე დადეს, ქვეყნის ლიდერებმა კი 26 მაისის მნიშვნელობასა და სახელმწიფოებრიობის დაცვაზე ისაუბრეს. ღონისძიების მთავარი გზავნილები ერთიანობას, მშვიდობასა და დამოუკიდებლობის გაფრთხილებას შეეხებოდა.

თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიებას პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და პარლამენტის დეპუტატები ესწრებოდნენ. საგანგებოდ მოწყობილ ტრიბუნაზე იმყოფებოდნენ საქართველოში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატებიც.

წელს საქართველო ქრისტიანობის სახლემწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავსაც აღნშნავს და დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისას ეს თემა განსაკუთრებით გამოკვეთილი იყო. გარდა ამისა, წვევამდელთა ფიცის დადების ერთ-ერთ ლოკაციად სიმბოლურად იყო შერჩეული ახლახანს გარდაცვლილი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მშობლიური სოფელი სნო.

სულ კი ფიცის დადება პარარელურ რეჟიმში სულ 13 ლოკაციაზე გაიმართა - თბილისში, სნოში, გონიოში, უბისაში, ფოკაში, თხოთის მთაზე, უშგულში, მცხეთაში, კონჭკათში, მარტვილში, ბარაკონში, ბოლნისსა და ბოდბეში.

ახლადარჩეულმა პატრიარქმა შიო მესამემ თავის სიტყვაში 26 მაისის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავისუფლების მონაპოვარი გვავალდებულებს ერთმანეთს გავუფრთილდეთ:

„26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა - დღეს განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებთ ჩვენი ქვეყნის თავდადებულ შვილებს, ვინც თავისუფლების მოპოვებისთვის მრავალწლიან ბრძოლაში გამარჯვებით მომავალ თაობებს უანდერძა დამოუკიდებელი ქვეყანა. ერთიანობისთვის და მშვიდობისთვის მათ მიერ გაწეული ღვაწლი და შეწირული სიცოცხლე გვავალდებულებს, გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს".

  •  ირაკლი კობახიძე: „35 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიდგინა. მას შემდეგ, ჩვენ კვლავაც გავდივართ 40-წლიან მოსეს გზას. დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს."

პრემიერმა კობახიძემ განსაკუთრებული აქცენტი ქრისტიანულ ღირებულებებზე გააკეთა:

„35 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიდგინა. მას შემდეგ, ჩვენ კვლავაც გავდივართ 40-წლიან მოსეს გზას. დღეს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე, თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია იამაყოს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. სწორედ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტში გაძლიერებამ მისცა ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა, ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, მტკიცედ დაეცვა სარწმუნოება, შეენარჩუნებინა მშვიდობა და დადგომოდა წინსვლისა და განვითარების უწყვეტ გზას, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს აღთქმულ მიწამდე - ჩვენი ყველა ეროვნული მიზნის მიღწევამდე, გამთლიანებულ და გაბრწყინებულ საქართველომდე."

ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილიც.

 

„ჩვენმა წინაპრებმა ხმლით, კალმით, ლოცვითა და თავდადებული საქმით დღემდე მოიტანეს ქართული სახელმწიფოებრიობის წმინდა იდეა და საუკუნეების განმავლობაში გადატანილი არაერთი განსაცდელის მიუხედავად, ჩვენ გადავრჩით! გადავრჩით რადგან გავიმარჯვეთ უმთავრეს ომში, დავიცავით უმაღლესი ღირებულებები - სარწმუნოება, იდენტობა, ტრადიციები და არ დავთმეთ მშობლიური ენა", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

აღლუმის ბოლოს დედაქალაქის თავზე საბრძოლო ავიაციის ვერტმფრენებმა და თვითმფრინავებმა გადაიფრინეს.

თავისუფლების მოედანზე კი ტრადიციულად სამხედრო ტექნიკაა იყო განთავსებული. გენერალ გრიგოლ ჭელიძის განცხადებით, სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება საქართველოს მასშტაბით, 21 ქალაქში გამოიფინა.

„21 ქალაქში, თბილისის ჩათვლით, გამოფენილი იქნება სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება. მოსახლეობას საშუალება ექნება მთელი დღის განმავლობაში დაათვალიეროს ტექნიკა, გადაიღოს სურათები, გაეცნოს შეიარაღებასა და ტექნიკას და გაეცნოს მათ მონაცემებს. ეს დღე განსაკუთრებული დღეა თავდაცვის ძალებისთვის. ჩვენთან ყველაზე ახლოს დგას და ყოველთვის გვიხარია, რომ ამ დღეს მთელ საქართველოსთან და მოსახლეობასთან ერთად გავატარებთ", - განაცხადა გენერალმა, გრიგოლ ჭელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×