
აქციებზე დაკავებულთა შესაძლო შეწყალების საკითხზე ხელისუფლების პოზიცია უცვლელია - მმართველი გუნდი კვლავ მონანიების აუცილებლობაზე საუბრობს. საპატრიარქოში ადასტურებენ, რომ ამ საკითხზე ხელისუფლებასთან დიალოგი მიდის. ანალიტიკოსები კი იმაზე მსჯელობენ, თუ რატომ არ დგამს „ოცნება" ამ ნაბიჯს და რატომ გააქტიურდა ეს საკითხი კიდევ ერთხელ მაინცდამაინც ახლა, როდესაც საქართველოში მაღალი რანგის ამერიკული დელეგაცია იმყოფება.
აქციებზე დაკავებულთა მნიშვნელოვანი ნაწილის პოზიციაც ასევე უცვლელია - ისინი აცხადებენ, რომ დანაშაულს არ აღიარებენ და „მონანიება" უსამართლო მოთხოვნაა. დაკავებულების ოჯახის წევრები და მიმდინარე პროტესტის მხარდამჭერებიც ამბობენ, რომ მონანიების მოთხოვნა ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური პირობების დაყენებას ჰგავს და არა ჰუმანიტარულ ნაბიჯს.
ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას თავისი ინტერესები აქვს და თუ რომელიმე პატიმარი მას არალეგიტიმურად მიიჩნევს, თავად ხელისუფლება შეწყალების კუთხით ვერაფერს იზამს.
მთავრობისა და საპატრიარქოს პოზიციები
პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებით, სადაც სინანული და აღიარება იქნება, შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება.
„ჩვენ საჯაროდ განვაცხადეთ, რომ სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება. ეს პოზიცია გავუზიარეთ საპატრიარქოს წარმომადგენლებსაც არაერთგზის, ეს საჯაროდ გვაქვს გამოხატული. ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელიც არის ძალიან მყარი და მკაფიო", - განაცხადა კობახიძემ 25 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე.
კითხვაზე, საჭიროა თუ არა სინანული სამართლებრივად შეწყალებისთვის, პრემიერმა უპასუხა:
„სამართლებრივად არა, ეს არის საჭირო დანაშაულის პრევენციისთვის. ეს არის საჭირო სახელმწიფოსთვის".
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მამა ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ პატიმრების გათავისუფლების საკითხზე ხელისუფლებასთან დიალოგი ჯერ არ დასრულებულა.
„ჩვენთან არ უთქვამთ, რომ დასრულდა. ჩვენ არ გვაქვს მექანიზმი იმისა, რომ წავუყენოთ ულტიმატუმები სახელმწიფოს. ჩვენ ვსაუბრობთ, გამოსავალს ვეძებთ. ჩვენთან არ უთქვამთ, რომ დაუხურულია, არ ვიცი თუ გვეტყვიან აწი", - ამბობს ჯაღმაიძე „ტვ პირველთან".
რატომ იხევს უკან ხელისუფლება შეწყალებაზე
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ხელისუფლებას სახელმწიფოებრივი ინტერესები აქვს, საპატრიარქოს კი - თავისი დღის წესრიგი.
„ხელისუფლებას სახელმწიფოებრივი ინტერესი აქვს, რაშიც არც არაფერია დასაძრახი და გასაკრიტიკებელი. ეს ნებისმიერ სახელმწიფოში ხდება - თუკი პატიმარი უკიდეგანოდ პოლიტიზირებულია, ხელისუფლებას არ აღიარებს და არ ინანიებს ზოგიერთ შემთხვევაში თავის მძიმე დანაშაულს, მის შეწყალებაზე ლაპარაკი როგორ შეიძლება?
„აუცილებლად უნდა გაიმიჯნოს საერო და სამოქალაქო ხელისუფლება. საპატრიარქოს თავის დღის წესრიგი აქვს, რაც არის ნებისმიერი ადამიანის მიმართ ჰუმანურობა, თანადგომა და სოლიდარობა მისი პოლიტიკური ორინტაციის თუ გემოვნების მიუხედავად, მაგრამ სახელმწიფოს თავისი უწინარესი ინტერესი აქვს.
- გია აბაშიძე: „აუცილებლად უნდა გაიმიჯნოს საერო და სამოქალაქო ხელისუფლება. საპატრიარქოს თავის დღის წესრიგი აქვს, მაგრამ სახელმწიფოს - თავისი უწინარესი ინტერესი."
„როდესაც თავად ოპოზიცია ე.წ. შერიგებასა და ხიდების აღდგენაზე ლაპარაკობს, კეთილი ინებონ და თავად აღიარონ ხელისუფლების ლეგიტიმურობა. ამ უაზრო თამაშს შეეშვან, რომ თითქოს „ქართული ოცნება" არალეგიტიმურია და იზოლაციაშია. ეს სრული სისულელეა და პასუხისმგებლიანად იმოქმედონ. ტყუილად აქვთ რაღაც იმედები, რომ თითქოს დასავლეთიდან დაეხმარებიან", - განაცხადა აბაშიძემ.
კითხვაზე, შეწყალების შემთხვევაში ოპოზიცია ჩათვლის თუ არა თავის გამარჯვებად, ან „ოცნების" მხარდამჭერებში თუ მოჰყვება უკმაყოფილება ამ ფაქტს, აბაშიძემ გვიპასუხა:
„შეწყალების უფლება ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად აქვს პრეზიდენტს. შესაბამისად, ის იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, როგორც ხდება ხოლმე - თავდებით, რეკომენდაციებით, პატიმრების მონანიებით, მისი ყოფაქცევით და ა.შ. რაც შეეხება ოპიზიციის მოლოდინს, რომ ისინი რაღაც გამარჯვებას მიაღწევენ და ე.წ. ზეწოლით ხვალვე ციხის კარები გაიღება, ეს მორიგი ბოდვაა. თავად ბატონი ყაველაშვილი გადაწყვეტს ვინაა შესაწყალებელი და ვინ არა. ამაზე ინსინუაციები და სპეკულაციები სასცილოა", - განაცხადა აბაშიძემ.
კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ შეწყალებაზე საუბარი, სავარაუდოდ, საქართველოშ მაღალი დონის ამერიკული დელეგაციის ყოფნის გამო განახლდა. ხოლო თუკი შეწყალება მოხდა, ეს „ოცნების" მხარდამჭერებში უარყოფით რეაქციას არ გამოიწვევს.
„ხელისუფლების მომხრეები კმაყოფილები იქნებიან და არ მგონია ვინმემ ამის გამო გააკრიტიკოს, მაგრამ ოპოზიცია ამას თავის გამარჯვებად ჩათვლის და მათ არ უნდათ, ასე რომ გამოვიდეს. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ მათგან დასავლეთი ითხოვს ამას. რაკი ახლაც ამერიკული დელეგაციაა ჩამოსული, ვფიქრობ, რომ ამაზე საუბარი იქნებოდა და მათ გასაგონად თქვა.
- პაატა ზაქარეიშვილი: „უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ მათგან დასავლეთი ითხოვს ამას. რაკი ახლაც ამერიკული დელეგაციაა ჩამოსული, ვფიქრობ, რომ ამაზე საუბარი იქნებოდა და მათ გასაგონად თქვა."
„თუმცა თქვეს, რომ სანამ არ მოინანიებენ ამას არ გავაკეთებთო, რათა ზედმეტი ილუზია არ შეიქმნას, რომ ახლა ამერიკელები ჩამოვიდნენ, რაღაცას ეტყვიან და გაათავისუფლებინებენ. არ მოხდება ასე", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, ლობირებს თუ არა პატრიარქი შიო მე-3 პატიმრების გათავისუფლების საკითხს, ამაზე ინფორმაცია არ აქვს, თუმცა, თუ ღიად მოითხოვა შეწყალება, ეს პატრიარქის ავტორიტეტზე დადებითად იმოქმედებს.
„ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ არავითარი ულტიმატუმის ფორმით არ შეუძლია საუბარი. პატრიარქს შეუძლია თქვას, რომ გარდაცვლილი პატრიარქის საპატივცემულოდ გთხოვთ, რომ დაგვიკმაყოფილოთ პატიმრებისა და მათი მშობლების სურვილი და გავათავისუფლოთო. კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტს არანაირი ბოდიშები არ სჭირდება, ის ადამიანს ყოველგვარი ბოდიშების გარეშეც შეიწყალებს.
„დღეს რომ პატრიარმა მთავრობას პატიმრების გათავისუფლება მოსთხოვოს, მათ მოუწევთ მოუსმინონ, ან არ მოუსმინონ პატრიარქს. ნებისმიერ შემთხვევაში პატრიარქი ქულებს ჩაიწერს. ახლა ძალიან მკაფიო მომენტია, როცა შეგვიძლია შევამოწმოთ - საპატრიარქო დღეს დამოუკიდებელი ორგანოა, თუ ხელისუფლებას უწევს ანგარიშს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.