
ჯარიმების მუდმივად გაზრდისკენ მიდრეკილება საშიში ხდება. პარკირებიდან დაწყებული, ყველა ტიპის საყოფაცხოვრებო ჯარიმა გამკაცრებულია და ამას წარმოუდგენლად კამპანიური ფორმა აქვს. შესაბამისად, მკვეთრად მოიმატა ბიუჯეტში ჯარიმებიდან შესული თანხის მოცულობამ. ერთი ჩვეულებრივი ადმინისტრაციული ჯარიმა დასაქმებული ადამიანის შემოსავლის 10%-ს უტოლდება, რაც სპეციალისტების შეფასებით, მოსახლეობის შემოსავლის არაადეკვატურია.
ოფიციალური მონაცმებით, 2025 წელი რეკორდული ჯარიმების წელი იყო. მხოლოდ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმებიდან 59 მილიონი ლარით მეტი ამოიღეს, ვიდრე წინა წელს, ასეთი არასდროს მომხდარა.
ამ რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ დეპუტატი და ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი ქვეყანაში საგზაო ჯარიმების, საგადასახადო სანქციებისა და პარკირების წესების მკვეთრ გამკაცრებას სოციალურ ქსელში მწვავე პოსტით გამოეხმაურა. მისი შეფასებით, საზოგადოებაში ყალიბდება განცდა, რომ მოქმედი სისტემა უსაფრთხოებაზე კი არა, ფინანსურ წნეხზეა ორიენტირებული და მოქალაქეებისთვის „ხაფანგად“ იქცა.
კახიშვილის თქმით, განვითარებულ ქვეყნებში მძღოლი წინასწარ არის გაფრთხილებული, სად იწყება და მთავრდება საშუალო სიჩქარის კონტროლი. საქართველოში კი მოქალაქე ერთსა და იმავე მონაკვეთზე რამდენიმე ჯარიმას იღებს, რაც უსამართლობის განცდას აჩენს.
“მსოფლიოში საღამოს 7-8 საათის შემდეგ კონტროლი წყდება. საქართველოში კი ღამის 10 საათზეც აჯარიმებენ, შეაღამის პირველი საათიდან პატრული აგრძელებს და დილის 4 საათზეც კი დააჯარიმეს მანქანები. მხოლოდ ჯარიმების ზრდა პრობლემას ვერ მოაგვარებს, როცა საპარკინგე ადგილები არასაკმარისია“.
დეპუტატი ეხმაურება მოწოდებებს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასვლის შესახებ და აღნიშნავს: „თუ მოქალაქეები დაინახავენ, რომ მაღალი თანამდებობის პირებიც ყოველდღიურად ისარგებლებენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ეს ბევრად უფრო ძლიერი მაგალითი იქნება“.
კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ ჯარიმები მოსახლეობის შემოსავლებთან თანაზომიერი უნდა იყოს, მანამდე კი სახელმწიფომ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა უნდა შექმნას.
პოლიტიკოსის მოსაზრებას სპეციალისტებიც ეთანხმებიან. ბიზნესის სამართლის სპეციალისტის, იურისტ აკაკი ჩარგეიშვილის შეფასებითაც, ჯარიმების ხარჯზე გაზრდილი საბიუჯეტო შემოსავლები დაგეგმარების თვალსაზრისით არასამართლიანია, რადგან იგი ემსახურება არა პრევენციას, არამედ რეალურად ბიუჯეტის შევსების წყაროს წარმოადგენს.
,,სხვადასხვა სფეროს მოწესრიგების და დარეგულირების რეალური პრობლემები არსებობს და ამას ემსახურება ჯარიმების გამოწერაც, მაგრამ ამ შემთხვევაში საჯარიმო სისტემა კრიტიკას ვერ უძლებს. ბოლო პერიოდში ეს საპარკინგე სივრცესთან დაკავშირებულია, ტროტუარზე ავტომობილების დგომა, სიჩქარის გადაჭარბება და ა.შ. რიგით ადამიანებს, რომლებიც ავტომობილს მართავენ, ექმნებათ სერიოზული პრობლემა, რადგან ოდნავი გადაცდომის გამო მას დიდი თანხის გადახდა უწევს და უკვე გაუსაძლისია.
ერთი მხრივ, სანქცია მაღალია, მეორე მხრივ რაოდენობრივად ბევრი იწერება. ავტომობილის მფლობელის მაგალითზე რომ ავიღოთ, ქალაქის პირობებში ჯარიმდება სიჩქარის გადაჭარბებისთვის, არასწორი პარკირებისთვის, შესაძლებელია გადაუხდელი პარკირებისთვის და ამ ყველაფერს ახორციელებს ქალაქ თბილისის სპეციალური ინსპექცია, რომელიც ქუჩებში ფეხით გადაადგილდება, ასევე საპატრულ;ო სამსახური, ხელოვნური ინტელექტის მიერ დანერგილი კამერები და უკონტაქტო პატრული. ფაქტობრივად ერთ მძღოლზე 7-8 დამჯარიმებელი მოდის ადმინისტერაციული პირობებიდან გამომდინარე, ეს უკვე გაუსაძლისია კონკრეტული ავტომფლობელისა და მცირე ბიზნესისთვის", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ჩარგეიშვილმა.
როგორც ბიზნესის სამართლის ექსპერტმა აღნიშნა, ბევრი ჯარიმა იწერება, რაც პრიდაპირპროპორციულია ბიუჯეტში მეტი თანხის შედინებასთან. ეს არის მიზეზი, რატომაც არის წახალისებული და რატომ მიმდინარეობს დიდი ოდენობით დაჯარიმება.
,,რომელი სფეროც არ უნდა ავიღოთ, მაგალითად, არის სამგზავრო ჯარიმები, საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან დაკავშირებული, ასევე ინდუსტრიულ ნაწილში და სხვა. რაც გამოიწერა, ეს არის შემოსავლებთან არაპროპორვიული და უსამართლო. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი თავისი შინაარსით უნდა ემსახურებოდეს გარკვეულ პრევენციას იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რაც მოსახლეობას შეიძლება გააჩნდეს. ერთი ასეთი მაგალითიც მინდა მოვიყვანო, დედაქალაქში მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის სავალი ნაწილი, რომელიც ავტობუსების გამტარუნარიანობას უნდა უზრუნველყოფდეს. თუმცა ტაქსის მძღოლებისთვის გამონაკლისია დაშვებული, ასევე ადამიანები ხედავენ, რომ ჯარიმები არ მოქმედებს იმ სახელისუფლო ავტომობილებზე, რომლებიც კანონდარღვევით მოძრაობენ ამ ტიპის სავალ ნაწილზე და მათ არავინ აჯარიმებს. ეს, რა თქმა უნდა, უსამართლობის განცდას იწვევს.
თავის მხრივ, ხაზგასასმელია, რომ ჯარიმების ხარჯზე გაზრდილი საბიუჯეტო შემოსავლები არასდროს არ არის ნორმალური და დაგეგმარებისთვის სამართლიანი. ჯარიმა არ უნდა წარმოედგენდეს ბიუჯეტის შევსების წყაროს. ცალკე პრობლემაა ისიც, რომ ჯარიმების გამოწერის წახალისება და ხელშეწყობა ხდება მისი გამომწერის მხრიდან, ხოლო გასაჩივრება ნაკლებად სტიმულირებულია და სამართლის ძიება ნაკლებად რეალურია", - განაცხადა აკაკი ჩარგეიშვილმა.
ეკონომისტი რამაზ გერლიანი არ გამორიცხავს, რომ მასობრივი ჯარიმები უკმაყოფილების გამომწვევიც გახდეს. პრობლემაა იმ მხრივაც, რომ ხალხში უსამართლობის შეგრძნებას ამძაფრებს, სტრესს იწვევს და ეკონომიკურ აქტივობაზეც უარყოფითად აისახება.
,,გადასახადისგან განსხვავებით, ჯარიმა არის არაპროგნოზირებადი. ფაქტია, ამ შემთხვევაში, თანხა აკლდება მოქალაქეს, ბიზნესს და შემდეგ უკვე მათ ეკონომიკურ აქტიურობას აფერხებს. მილიონობით ლარი, რაც ბიუჯეტში სხვადასხვა სანქციებიდან შედის, რეალურად არის მოქალაქეების ჯიბიდან ამოცლილი ფული, რაც აკლდება ხალხს და მერე უკვე ყველა იმ სხვა დანარჩენ საქონელს და მომსახურებას, რაზეც ჯარიმის გადამხდელს ეს ფული უნდა დაეხარჯა. ეს ყველაფერი იწვევს ადამიანების გაღიზიანებას, უსამართლობის შეგრძნება და დიდი ნერვული სტრესია, რაც ეკონომიკურ აქტივობაზეც არასასურველად აისახება.
პროცესს ბოლო პერიოდში მასობრივი სახე აქვს და თავისუფლად შეიძლება გახდეს უკმაყოფილების გამომწვევი. განსაკუთრებით, როცა ,,ჩასაფრების" მეთოდით ხდება ჯარიმის გამოწერა. არიან მოქალაქეები, ასევე ბიზნესიც, რომლებიც ვერ იხდიან ჯარიმას და ეს შემდეგ უკვე სერიოზულ პრობლემას იწვევს. შეიძლება, ჯარიმების რაოდენობის ასეთ მასშტაბურ ზრდას პროტესტის ტალღაც მოყვეს. ეს ჯერ არ იგრძნობა, მაგრამ გამორიცხული არ არის", - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" რამაზ გერლიანმა.
227 მილიონ ლარი - ეს ის თანხაა, რაც მთავრობამ 2025 წელს ჯარიმების სახით ამოიღო. რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2026 წლის მარტო იანვარ-აპრილის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების აკრეფით 108 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (54 მლნ ლარი) ორჯერ მეტია.