
დოჰაში აშშ-სა და ირანს შორის სამთვიანი ომის დასრულების მიზნით დახურული მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც 14-პუნქტიანი ჩარჩო შეთანხმება, ჰორმუზის სრუტის ბლოკადის მოხსნა და ირანის გაყინული აქტივების საკითხი განიხილება. პარალელურად კი, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეირანთან პროგრესს ადასტურებს და არაბულ ქვეყნებს „აბრაამის შეთანხმებაში" ჩართვისკენ მოუწოდებს.
ორშაბათს „როიტერსთან" ინფორმირებულმა წყარომ განაცხადა, რომ ირანის მთავარი მომლაპარაკებელი და საგარეო საქმეთა მინისტრი დოჰაში იმყოფებოდნენ, სადაც კატარის პრემიერ-მინისტრთან ერთად აშშ-სთან შესაძლო შეთანხმება განიხილეს. მოლაპარაკებების მიზანი სამთვიანი ომის დასრულებაა.
მანამდე, ნიუ-დელიში ყოფნისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვაშინგტონი დიპლომატიას მაქსიმალურ შანსს მისცემს, სანამ ირანთან მიმართებით „სხვა გზების" გამოყენებას განიხილავს.
რუბიოს განცხადებით, ამ ეტაპზე მაგიდაზე „საკმაოდ მყარი პოზიცია" დევს, რაც მათ საშუალებას მისცემს, გახსნან ჰორმუზის სრუტე და დაიწყონ სრულიად რეალური, მნიშვნელოვანი და დროში შეზღუდული მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. მან იმედი გამოთქვა, რომ მხარეები ამ შედეგის მიღწევას შეძლებენ.
- მარკო რუბიოს თქმით, მოლაპარაკების მაგიდაზე „საკმაოდ მყარი პოზიცია" დევს, რაც მხარეებს საშუალებას მისცემს, გახსნან ჰორმუზის სრუტე და დაიწყონ დროში შეზღუდული მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით."
პარალელურად, ორშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „თრუს შოუშალზე" ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა. მისი თქმით, ირანთან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. მან სხვა არაბულ და მუსლიმურ ქვეყნებსაც მოუწოდა, შეუერთდნენ „აბრაამის შეთანხმებას", რომელიც მიზნად იასხავს ისრაელთან არაბული და სხვა მუსლიმური სახელმწიფოების ურთიერთობების ნორმალიზებას. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, საუდის არაბეთმა და კატარმა შეთანხმებას ხელი დაუყოვნებლივ უნდა მოაწერონ, მათ მაგალითს კი სხვებიც უნდა მიჰყვნენ.
მანამდე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანთან შეთანხმება იქნება „ან ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი, ან საერთოდ არ შედგება".
ორშაბათს გამართულ ყოველკვირეულ ბრიფინგზე ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ ბევრ საკითხზე კონსენსუსი უკვე მიღწეულია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მხარეები „შეთანხმების ხელმოწერასთან ახლოს არიან".
- ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადსტურებს, რომ ბევრ საკითხზე კონსენსუსი უკვე მიღწეულია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მხარეები „შეთანხმების ხელმოწერასთან ახლოს არიან".
ირანული დელეგაციის დოჰაში ვიზიტის შესახებ ინფორმირებულმა ოფიციალურმა პირმა სააგენტო „როიტერსს" განუცხადა, რომ დისკუსიის მთავარი თემა ჰორმუზის სრუტე და ურანის ირანული მარაგებია. ამასთან, დელეგაციის შემადგენლობაშია ირანის ცენტრალური ბანკის მმართველიც, რომელიც, საბოლოო შეთანხმების ფარგლებში, ირანის გაყინული ფინანსური აქტივების შესაძლო გათავისუფლების საკითხს განიხილავს.
ბაღაის განცხადებით, პოტენციური ურთიერთგაგების მემორანდუმი 14 პუნქტისგან შედგება და მისი მთავარი მიზანი ომის დასრულება და ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის საზღვაო ბლოკადის მოხსნაა. სანაცვლოდ კი ირანი ვალდებულებას აიღებს, უზრუნველყოს უსაფრთხო ნავიგაცია ამ სტრატეგიულ მარშრუტზე.
მისივე თქმით, მოლაპარაკებებზე ბირთვული საკითხები ჯერჯერობით არ განიხილება. აღნიშნულ თემებზე მსჯელობა 60-დღიან პერიოდში დაიწყება, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მხარეები ჩარჩო შეთანხმებაზე მიაღწევენ კონსენსუსს.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები ბირთვულ საკითხებზე არ ფოკუსირდებაა.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ ომში მისი მთავარი მიზანი ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის აღკვეთაა. თეირანი კი, თავის მხრივ, მსგავს გეგმებს მუდმივად უარყოფს.
ერთი დღით ადრე კი ტრამპმა სოციალურ ქსელში ასევე დაწერა, რომ ჰორმუზის სრუტეში ირანული გემების მიმართ აშშ-ის მიერ დაწესებული ბლოკადა „სრულად და უცვლელად დარჩება ძალაში მანამ, სანამ შეთანხმება არ მიიღწევა, არ დადასტურდება და ხელი არ მოეწერება".