ნატალია ჯვარიძე
25.05.2026

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა. იგი შეეხება ფიზიკური და იურიდიული პირების საჯარო განცხადებებს, პუბლიკაციებსა და ქმედებებს. უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის, ვახტანგ მაისაიას შეფასებით, მოსკოვი „ბასრი ძალის" მოქმედებაზე გადავიდა, რითაც საქართველოს ხელისუფლება აუცილებლად უნდა დაინტერესდეს.

ინიციატივა პრორუსულ ორგანიზაციას „ევრაზიის ინსტიტუტსა" და რამდენიმე სხვა ჯგუფს ეკუთვნის. რუსული „სპუტნიკის" ცნობით, ინიციატივის მთავარი მიზანია საჯარო სივრცეში დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და ანტირუსული რიტორიკის შემთხვევების გამოვლენა და ანალიზი. ინიციატორების თქმით, საბჭო შეაგროვებს ინფორმაციას ფაქტებზე, რომლებიც, მათი შეფასებით, რუსოფობიის გამოვლენად მიიჩნევა:

„რუსეთის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებიდან და ისტორიული მოვლენების დამახინჯებიდან დაწყებული, ენობრივი ან ეთნიკური კუთვნილების საფუძველზე დისკრიმინაციით დამთავრებული."

„სპუტნიკის" მიხედვით, მონიტორინგი შეეხება მხოლოდ ფიზიკური და იურიდიული პირების საჯარო განცხადებებს, პუბლიკაციებსა და ქმედებებს. საბჭოს ფარგლებში ასევე შეიქმნება იურიდიული ჯგუფი, რომელიც გამოვლენილ შემთხვევებს სამართლებრივ შეფასებას მისცემს და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სააპელაციო საჩივრების მომზადებას უზრუნველყოფს.

  • ვახტანგ მაისაია: „ეს იმას ნიშნავს, რომ მე არ მაქვს უფლება პუტინზე ვთქვა, რომ ის არის კანიბალი, მკვლელი და დამნაშავე... სწორედ ამიტომ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ".

მონიტორინგის შედეგების გამოქვეყნება სამ თვეში ერთხელ იგეგმება.

„სპუტნიკი" წერს, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ 2022 წლის თებერვლის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებსა და მოვლენებს.

უსაფრთხოების საკითხში ექსპერტის, ვახტანგ მაისაიას აზრით, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მოსკოვი ამას საქართველოს წინააღმდეგ იყენებს.

„ეს რუსული ბასრი ძალის ინსტრუმენტის, „ევრაზიული ინსტიტუტის" მიერ შეიქმნა, რომელიც თავიდან ბოლომდე რუსული პროექტია. მოსკოვში არის ანალოგიური სტრუქტურა „როსკომნადზორი" რომელსაც აბსოლუტურად იდენტური ფუნქციები გააჩნია. ის მოქმედებს ქვეყნის შიგნით და როგორც ჩანს, ახლა რუსები ცდილობენ გააფართოონ და გამოიყენონ არა რბილი, არამედ ბასრი ძალა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მოსკოვი ამას საქართველოს წინააღმდეგ იყენებს.

„ამაზე ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურებმა შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს - ჩაატაროს კვლევა, რადგან ეს ცალსახა ზეწოლაა საქართველოზე. ესე იგი, ეს იმას ნიშნავს, რომ მე არ მაქვს უფლება პუტინზე ვთქვა, ის არის კანიბალი, მკვლელი და დამნაშავე... სწორედ ამიტომ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ, რადგან რუსეთს გავლენების გავრცელების საშუალება არ მიეცეს.

„საქართველოს, სუვერენული ქვეყნის შიგნით მე როგორ მოვიხსენიებ დღევანდელ ტოტალიტარულ რეჟიმს, არავის საქმეა. თვითონ ამ საბჭომ უნდა იცოდეს, რომ რუსეთი აგრესორია, რომელმაც დაახლოებით 400 ადამიანი დახოცა საქართველოში, საერთაშორისო დონის დანაშაული ჩაიდინა - კიევში მშვიდობიანი მოქალაქები მოკლა და მასობრივი განადგურების იარაღი გამოიყენა. ასე რომ, ასეთი საეჭვო სტრუქტურების შექმნით ხელისუფლება აუცილებლად უნდა დაინტერესდეს და აღკვეთილი უნდა იქნას, რადგან ეს პირდაპირი აგენტურაა საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ" - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×