თამთა ჩაჩანიძე
25.05.2026

ოფიციალური აკრძალვის მიუხედავად, 26 მაისის საპროტესტო აქციის ორგანიზატორები პარლამენტთან სცენის მოწყობას მაინც შეეცდებიან, რაც შეიძლება პოლიციასთან დაპირისპირების მიზეზი გახდეს. გარდა ამისა, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ღონისძიებებსა და ოპოზიციის დაგეგმილ აქტივობებს შორის, შესაძლოა, გარკვეული გადაკვეთა მოხდეს - დაახლოებით იმ დროს, როდესაც ოპოზიციის მხარდამჭერები მარშით პარლამენტის შენობასთან მივლენ, პარლამენტიდან რამდენიმე ასეულ მეტრში, ათონელის რეზიდენციასთან საზეიმო კონცერტია დაგეგმილი.

მთავრობის მიერ გამოქვეყნებული 26 მაისის ღონისძიებათა განრიგის მიხედვით, წვევამდელები ფიცს თავისუფლების მოედანზე დადებენ. ტრადიციულ დროს ათონელის რეზიდენციაში შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი და ამავე ტერიტორიის მიმდებარედ გაიმართება დასკვნითი გალა კონცერტი.

ოპოზიციური ალიანსის მხარდამჭერები კი საღამოს 7 საათზე შეიკრიბებიან თსუ-სთან და იქიდან მარშით დაიძრებიან პარლამენტისკენ.

„გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ 26 მაისის აქცია აბსოლუტურად მშვიდობიანი იქნება და მარში ნებისმიერ შემთხვევაში შედგება.

„ჩვენ რაც ვნახეთ წერილები, ოფიციალურად რაც მოგვწერეს, უბრალოდ უნდათ, რომ აქცია არ ჩატარდეს, ამაზეა საუბარი. ნებისმიერ შემთხვევაში ეს აქცია ჩატარდება, ნებისმიერ შემთხვევაში ხალხი შეიკრიბება, ნებისმიერ შემთხვევაში მსვლელობა იქნება. ამის მიღმა ჩვენ გვქონდა რაღაცები დაგეგმილი, ის რაღაცები როგორ გამოგვივა, ვნახავთ, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა შესაძლო გზა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ რაღაცები, რაც დაგეგმილი გვქონდა, მაინც გავაკეთოთ", - თქვა ჯაფარიძემ.

მთავრობის პროგრამა

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. თბილისში წელს წვევამდელთა ფიცის დადების ტრადიციული ღონისძიება თავისუფლების მოედანზე გაიმართება. წელს საზეიმო ღონისძიებების კონცეფცია ეფუძნება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს, რასთან დაკავშირებითაც ფიცის დადების ცერემონია უფრო მასშტაბური იქნება და წვევამდელები ფიცს დადებან, როგორც თბილისში, ისე ქვეყნის 12 რეგიონში.

მთელი დღის განმავლობაში დედაქალაქში გაიმართება კულტურული, სპორტული, გასართობი ღონისძიებები, რომლებიც დაგეგმილია ალექსანდრეს ბაღში, ხაზინის, ფხოვის, ფურცელაძის, ვეკუას, იტალიის და ათონელის ქუჩებზე.

20:00 საათზე პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება გალა კონცერტი.

მანამდე 17:10-ზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა, ათონელის რეზიდენციის ეზოში სიმბოლურად შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი. ჰიმნი ასევე შესრულდება მთელი ქვეყნის მაშტაბით სხვადასხვა ლოკაციებზე.

ფიცის დადების ცერემონია და სხვადასხვა სახის კულტურულ, სპორტულ, გასართობი ღონისძიებები გაიმართება, ახალქალაქში, მარნეულში, გორში, თელავში, ქუთაისში, ფოთში, ამბროლაურში, მცხეთაში, ოზურგეთში, მესტიაში, რუსთავსა და ბათუმში. ღინისძიებების კულმინაცია 20:00 საათზე გალა კონცერტებია.

ოპოზიციის გეგმები

საპროტესტო აქციის მონაწილეები 26 მაისს 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან და შემდეგ გადაადგილდებიან მარშით რუსთაველისკენ.

„კოალიცია ცვლილებების" ლიდერის, ნიკა გვარამიას თქმით, მანამდე ეცდებიან შეიტანონ ტექნიკა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე დაამონტაჟონ სცენა და ეკრანები სრულფასოვანი აქციისთვის. მისი თქმით, „პროტესტი არის მშვიდი და ემყარება კონსტიტუციურ უფლებებს".

„19:00 საათზე, ვიკრიბებით უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, შემდეგ მივდივართ მარშით რუსთაველზე. მანამდე, ბოლომდე ვეცდებით შევიტანოთ ტექნიკა, დავამონტაჟოთ სცენა, ეკრანები, სრულფასოვანი აქცია გავმართოთ, ის, რისი უფლებაც გვაქვს. მოვუწოდებ „ხელისუფლებას" თავი შეიკავოს ნებისმიერ ინციდენტისგან", - განაცხადა გვარამიამ.

მისი თქმით, ოპოზიციური ალიანსი სცენის მოწყობის აკრძალვას „ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებად" მიიჩნევს და არ აპირებს მას დაემორჩილოს.

მანამდე აქციის ორგანიზატორებმა როგორც მერიისგან, ასევე შსს-სგან სცენის მოწყობაზე უარი მიიღეს. როგორც მერია ალიანსისთვის გაგზავნილ პასუხში აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში დაგეგმილია ოფიციალური ღონისძიებები, შეცვლილია სატრანსპორტო მოძრაობის სქემები, პარლამენტის მიმდებარედ კონსტრუქციების, მათ შორის სცენის მოწყობა, მერიას „დაუშვებლად მიაჩნია".

შსს კი აღნიშნავს, რომ განცხადება, რითაც ინიციატორებმა შსს-ს მიმართეს, არ იყო შესაბამისობაში კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. მათ შორის არ იყო მითითებული შეკრება/მანიფესტაციის მიზანი, დასრულების დრო, მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ფორმა.

გიორგი ვაშაძე: „უნდა ვიფიქროთ როგორ გავაკეთოთ ეს ყველაფერი ისე, რომ სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვის შესაძლებლობა არ მივცეთ „ქართულ ოცნებას", რომელიც ვიცით, რომ იქ რაღაც კორდონებს ჩააყენებს".

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებას ამით მათთვის „ხაფანგის დაგება" უნდა და ამას არ აჰყვებიან.

„სცენის დადგმის პრობლემა რაშია? მითუმეტეს არც რუსთაველზე, არც მიმდებარე ტერიტორიაზე, „თავისუფლების" აქეთ, არანაირი ღონისძიება არ არის დაგეგმილი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საკითხს სახელმწიფოებრივად მივუდგებით. ეს არის დამოუკიდებლობის დღე, ერთიანობის დღე და ამ ერთიანობას აუცილებლად ყველა ერთად აღვნიშნავთ.

„ჩვენ უნდა შეგვეტანა აპარატურა, სცენა რათა მმოგვეწყო ხალხისთვის, რომელიც ძალიან ბევრი მოვა რუსთაველზე. ახლა, უნდა ვიფიქროთ როგორ გავაკეთოთ ეს ყველაფერი ისე, რომ სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვის შესაძლებლობა არ მივცეთ „ქართულ ოცნებას", რომელიც ვიცით, რომ იქ რაღაც კორდონებს ჩააყენებს", - ამბობს „სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე.

შეფასებები „ოცნებაში"

პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რუსთაველზე ტექნიკის შეტანა სირთულეებთანაა დაკავშირებული დამოუკიდებლობის დღეს და ამიტომ ეთქვა უარი ოპოზიციას.

„შეკრების გამართვა ყველას შეუძლია, რომ დავაზუსტოთ. აქ საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე. თქვენ იცით, რომ აღინიშნება 26 მაისი და ამასთან დაკავშირებულია კონკრეტული ღონისძიებები, აქედან გამომდინარე, სირთულეებთან იყო დაკავშირებული ტექნიკის ადგილზე მიტანა და ამის გამო გაეცათ შესაბამისი პასუხი, შეკრების ორგანიზატორებს. რაც შეეხება შეკრების გამართვას, ეს ყველას შეუძლია ჩვენს ქვეყანაში, პირიქით, მე მგონი კარგი იქნება, კიდევ ერთხელ აჩვენებენ ეს ადამიანები საკუთარ უსუსურ სახეს 26 მაისს", - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ ოპოზიციამ „განგებ დაარღვია" კანონი წინასწარი ცნობის მომზადების თაობაზე და შესაბამისად, შსს და მერია უარს თავისთავად ეტყოდა.

„უნდათ, მშვიდობიანი აქცია გადაიქცეს სახელმწიფოსთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან დაპირისპირებად, რათა ექსტრემიზმს, რომელიც საქართველოში მნიშვნელოვნად შეჩერდა მას შემდეგ, რაც საკადრისი პასუხი გაეცა აჯანყების თუ რევოლუციის გაცხადებულ მცდელობას ოქტომბერში, კიდევ ერთხელ მიეცეს გაქანება", - ამბობს ვოლსკი.

ირაკლი ქადაგიშვილი: „შეკრიბე ხალხი და ისაუბრეთ, რაც გინდათ და ცოტა სხვა ადგილას დადგი ის სცენა, თუ მაინცდამაინც. მთელი შინაარსი მიმართულია იმისკენ, რომ პროვოკაცია მოაწყონ".

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ადამიანს შეიძლება კონსტიტუციური უფლება ჰქონდეს, მაგრამ არის ობიექტური მოცემულობა, რის გამოც ამას ვერ გააკეთებ.

„მერია და შინაგან საქმეთა სამინისტრო გეუბნება, რომ ამ ობიექტური მოცემულობის გამო ვერ გააკეთებ ამ კონსტრუქციას. აქცია ისე ჩაატარე, შეკრიბე ხალხი და ისაუბრეთ, რაც გინდათ და ცოტა სხვა ადგილას დადგი ის სცენა, თუ მაინცდამაინც. მთელი შინაარსი მიმართულია იმისკენ, რომ პროვოკაცია მოაწყონ, იქნებ ეს ბედნიერება ხვდეთ წილად, რომ ვიღაცამ ვიღაცა დააკავოს და საზღვარგარეთ სალაპარაკო გავაჩინოთ. მთელი შინაარსი ამ ჩვენი ზე ოპოზიციისა ესაა. კანონი იმოქმედებს კანონიერ ფარგლებში. მეტი არაფერი მოხდება", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×