ნატალია ჯვარიძე
25.05.2026

საქართველოს აშშ-ის სახდეპის წარმომადგენელი პიტერ ანდრეოლი ეწვია, რომელიც მარტში ოფიციალური ვიზიტი უკვე ჰქონდა და ყულევშიც იმყოფებოდა. ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებას უკავშირდება. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ამერიკული დელეგაციის ვიზიტის მიზანი, სხვა საკითხებთან ერთად, 26 მაისის აქციის ერთგვარი მონიტორინგია.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ოპოზიციის მოსაზრება არადამაჯერებელია და ვიზიტი უბრალოდ დაემთხვა 26 მაისს. თუმცა, ოპოზიციის საპროტესტო აქციისას თბილისში მაღალი დონის ამერიკული დელეგაციის ყოფნა შეიძლება ხელისუფლებისათვის ერთგვარად შემაკავებელი ფაქტორი გახდეს.

პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო მზად არის, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღადგინოს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან.

  • ირაკლი კობახიძე: „ოპოზიცია ნერვიულობს დადებით ტენდენციებზე. ჩვენ გვიხარია დადებითი ტენდენციები".

„ჩვენ თავიდანვე გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, ხელი გაწვდილია ჩვენი მხრიდან. ვაცხადებთ, რომ მზად ვართ, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან, რომელიც წინა ადმინისტრაციამ შეაჩერა. ჩვენ ამაზე თავიდანვე გამოვხატეთ ძალიან მკაფიო პოზიცია, ველოდებოდით ამერიკული მხარის პოზიციას, მოხარულები ვართ, რომ ბოლო დროს არის დადებითი ტენდენციები, დანარჩენს დაველოდოთ", - აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, პრემიერი ამბობს, რომ ამგვარი ვიზიტები და სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი აჩენს იმედს, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გაუმჯობესდება.

„ჩვენ თავს ვგრძნობთ ძალიან მყარად, გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერა. რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, რაზეც ძალიან ნერვიულობს ჩვენი ოპოზიცია.

„გვქონდა რამდენიმე კომუნიკაცია, მათ შორის მე მქონდა კომუნიკაცია ბატონ რუბიოსთან და ეს ყველაფერი გვინარჩუნებს რწმენას, რომ შესაძლებელია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, დანარჩენი დაველოდოთ მშვიდად მოვლენების განვითარებას. ოპოზიცია ნერვიულობს დადებით ტენდენციებზე. ჩვენ გვიხარია დადებითი ტენდენციები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„ოპოზიციური ალიანის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამია კი ამბობს, რომ აშშ-დან მაღალი რანგის დელეგაციის ვიზიტი სხვა თემებთან ერთად, 26 მაისის საპროტესტო აქციასაც უკავშირდება.

„მოვუწოდებ „ხელისუფლებას" თავი შეიკავოს ნებისმიერ ინციდენტისგან. აქ იმყოფება მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი რანგის დელეგაცია, მასთან შეხვედრები აქვს ოპოზიციას, ასევე თვითგამოცხადებულ ხელისუფლებასაც და პროცესები ძალიან დიდი გამადიდებელი შუშის ქვეშ არის როგორც საქართველოს შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

„ყველამ შეიკავოს თავი უკანონო ქმედებისგან, ყველა უკანონობაზე არსებობს პასუხი. ნებისმიერი ტიპის ესკალაციისგან შეიკავოს თავი ყველამ. ჩვენი პროტესტი არის მშვიდობიანი და ემყარება კონსტიტუციურ უფლებებს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

  • ვახტანგ ძაბირაძე: „ეს ოპოზიციის ვერსიასთან კავშირში არაა. უბრალოდ ეს 26 მაისის აქციას დაემთხვა. თუმცა, გარკვეულწილად, ეს შეიძლება ხელისუფლებისთვის შემაკავებელი ფაქტორი იყოს ოპოზიციის ამ მიტინგთან დაკავშირებით".

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, პიტერ ანდრეოლისთან ერთად საქართველოშ იმყოფება სახელმწიფო მდივნის ოფისის წარმომადგენელი, სპეციალური თანაშემწე ჩარლზ იოქი. ამავე წყაროს ცნობით. „შეხვედრები ფოკუსირებული იქნება ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების გზაზე დაყენების საჭიროებებზე".

პიტერ ანდრეოლი აშშის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელია და ის წელს უკვე მეორედ ესტუმრა საქართველოს. პირველად ანდრეოლი 23 მარტს ჩამოვიდა და თბილისშ ოფიციალური შეხვედრების გარდა, ყულევშიც იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, 20 მარტს, ის აშშ-ში საქართველოს საელჩოში იმყოფებოდა, სადაც კათოლიკოს-პატრიარქ ილია ll-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ ვიზიტი ამჯერადაც დაკავშირებულია ყულევის პორტის საკითხთან და ეს ყველაფერი უბრალოდ დაემთხვა 26 მაისს.

„დავიწყოთ იმით, რომ მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ, ვიზიტები შედარებით გახშირდა, რადგან წინა პერიოდებში „ქართულ ოცნებას" საერთოდ არ ელაპარაკებოდნენ. ეს ყველაფერი მაინც ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებს უკავშირდება, კერძოდ, ყულევის პორტს. როგორც ჩანს, სწორედ ამ თემის განხილვა მიდის. ამასთანავე, ჯერ მთლად ჩამოყალიბებული არ არის პროცესები და არ ვიცით, როგორ დასრულდება ამერიკა-ირანის კონფლიქტი. როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს დაპირისპირება, ამერიკისთვის კავკასია ძალიან საინტერესო რეგიონია და რა თქმა უნდა, ლოჯისტიკური საკითხებიც იქნება განხილული.

„არ მგონია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი იმის გამო ჩამოვიდეს, რომ 26 მაისს ოპოზიციის მიტინგს დააკვირდეს. უბრალოდ ცდილობენ გარკვეული მონიტორინგი განახორციელონ, ოღონდ არა ამ ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით, არამედ უფრო საქართველოს ხელისუფლების ქმედებების მიმართ. თუმცა, როგორც ვთქვი, ეს საკითხები ლოჯისტიკურია და ალბათ, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით.

„რაც არ უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ, ამერიკის საელჩო აქ არის და მშვენივრად შეუძლიათ ინფორმაციის შეგროვება. ვფიქრობ, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელის ჩამოსვლა ოპოზიციის ვერსიასთან კავშირში არაა. უბრალოდ ეს 26 მაისის აქციას დაემთხვა. თუმცა, გარკვეულწილად, ეს შეიძლება ხელისუფლებისთვის შემაკავებელი ფაქტორი იყოს ოპოზიციის ამ მიტინგთან დაკავშირებით", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×