
ნედლი ნავთობის საერთაშორისო ფასი ბოლო პერიოდის განმავლობაში მკვეთრად გაზრდილია, რაც გარკვეულწილად სპეკულაციას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთში საომარი ქმედებები აღარ მიმდინარეობს და ომის ხელახლა გაჩაღებას ირანიც და აშშ-ც ერიდებიან, ფასებთან დაკავშირებული დინამიკა არ იცვლება. მით უმეტეს, ჰორმუზის სრუტიდან ტანმკერებმა დაიწყო გამოსვლა, ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმებაც ხელმოსაწერად მზადაა, ამ დროს ნავთობპროდუქტების ღირებულება ისევ 100 დოლარის ფარგლებშია.
ფაქტია, არსებული სიტუაციით მწარმოებლები სარგებლობენ, რომ მაღალი ფასი დაიჭირონ. ისინი ყველანაირად ცდილობენ 1 ბარელის ფასი სამნიშნა რიცხვთან ახლოს შეინარჩუნონ. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვახტანგ იობაშვილის შეფასებით, ბაზარზე არსებული ვითარებით ყველაზე მეტად იმპორტიორი ქვეყნები ზარალდებიან. პარალელურად რუსეთი არნახულ მოგებას იღებს, შესაბამისად, რუბლი, რომლის ჩამოშლას პროგნოზირებდნენ, დღეს მსოფლიოში ყველაზე გამყარებული ვალუტაა.
,,ნავთობპროდუქტების მსხვილი მწარმოებლები მთელ მსოფლიოში ურევენ სიტუაციას და ყველა ქვეყნის ეკონომიკას წნეხში ამყოფებენ. ცხადია, ზარალდება საქართველოც, რადგან სხვა ქვეყანებზე დამოკიდებული ვართ. უკვე მერამდენე შემთხვევაა, რომ რუსეთმა ბენზინის მიწოდება შეგვიწყვიტა, თუმცა ვპოულობთ გამოსავალს. დეფიციტი არ შეგვექმნება, მაგრამ ფასთა გაურკვევლობა გრძელდება. ჩვენ არ ვართ მწარმოებელი ქვეყანა, ნავთობს ასეული ტონობით ვყიდულობთ, ამას ჩამოტანა უნდა და სპეკულაციური მომენტის გამო, უკვე ტრანსპორტირებისას ფასთა სხვაობა ასწრებს.
ჰორმუზის სრუტეში უზარმაზარმა გემები დაიძრნენ, წავიდნენ ჩინეთში, ინდოეთში, მაგრამ მაინც სრული ქაოსია. რა ქნას ევროპამ, სადაც ასე ჭარბად არ არის ნავთობის ჭაბურღილები, მით უმეტეს ჩვენ, როცა სრულად იმპორტზე ვართ დამოკიდებული? ძალიან უარყოფითად ვაფასებ საერთაშორისო ბაზარებზე არსებულ ვითარებას. მარტო ნავთობი ხომ არ არის, თუ ასე გაგრძელდება, ევროპას თხევადი აირის მარაგი ამოეწურება", - აღნიშნა ვახტანგ იობაშვილმა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.
მისი აზრით, ერთ-ერთი გამოსავალია, მოპოვების მოცულობის გაზრდა, რათა მსოფლიო ბაზრებზე დეფიციტი არ შეიქმნას და ფასის სტაბილურობა შესაძლებელი გახდეს.
,,სახელმწიფოებმა, რომლებიც საშიშ ზონებში არ არიან, მოპოვება უნდა გაზარდონ, რათა მომხმარებელმა ქვეყნებმა მიიღონ პროდუქცია და მსოფლიო ეკონომიკა არ დაზარალდეს. გაცხადებული იყო, რომ რამდენიმე ქვეყანას ნავთობის მოპოვების მაჩვენებლები გაეზარდა, მაგრამ აყოვნებენ, რაც გაუგებარია.
ჰორმუზის სრუტის სრულფასოვნად გახსნის მოლოდინი ჯერ მაინც არ არის, ამიტომ სხვა მიმართულებით გააქტიურებაა საჭირო. მსოფლიოს გააჩნია იმ რაოდენობის წარმეობა და გადასაზიდი ტრანსპორტი, რომ ნავთობგადამმუშავებელმა ქვეყნებმა მიწოდება დეფიციტი სწრაფად შეავსონ", - აღნიშნა ვახტანგ იობაშვილმა.
რაც შეეხება ქართულ ბაზარს, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ინფორმაციით, მიწოდების პრობლემა არ არის, თუმცა ფასი სტაბილურად მაღალ მაჩვენებელზეა.
,,ახლა ჩვენთან გადამუშავებული ნავთობპროდუქტები მოდის აზერბაიჯანიდან. იმპორტს ასევე ვახორციელებთ ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან, რუმინეთიდან და ბელარუსიდან. ეს საკმარისია შევინარჩუნოთ მოწოდების და მოხმარების სტაბილურობა. დიდი სახელმწიფოები უფრო არიან გასაჭირში, პატარა ქვეყნებს მასშტაბური მოხმარება არ აქვთ. ამიტომ დეფიციტის საფრთხე არ დგას.
ფასი არ შეცვლილა რამდენიმე დღეა, სტაბილურად მაღალია, მაგრამ ამ ყველაფერს აქვს თავისი ახსნა. ვიმედოვნებ, მალე დასრულდება დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში და წესრიგი დამყარდება, რაც ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. წინააღმდეგ შემთხვევაში,სანავთობო ბაზრებზე კრიზისის ნიშნები მუდმივად იქნება", - განაცხადა ვახტან იობაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან".
მისი შეფასებით, ქართულ ბაზარზე სამომავლოდ სერიოზულ გავლენას მოახდენს ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი ქარხნის გახსნა და ვითარებას კიდევ უფრო დაასტაბილურებს.
,,ვფიქრობ, დალაგდება სიტუაცია, შეიძლება, საწვავი გაიაფდეს კიდეც საქართველოში, დამატებითი პრობლემები ნამდვილად არ არის მოსალოდნელი. თუკი დროულად ამუშავდება ყულევის გადამმუშავებელი ქარხანა, კიდევ უფრო უკეთეს სიტუაციაში ვიქნებით.
რაც შეეხება ხარისხის საკითხს, როგორც ვიცით, ბენზინზე ევროპული სტანდარტია, თუმცა მონიტორინგი ბოლო პერიოდში არ განხორციელებულა და აქცენტს ამ საკითხზე ვერ გავაკეთებ. სასურველია მეტი კონტროლი, ეს არის აუცილებელი", - დასძინა ჩვენთან საუბრისას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში ჰორმუზის სრუტე 26-მა გემმა გადაკვეთა. ეს მოხდა საზღვაო ძალებთან კოორდინაციითა და უსაფრთხოების უზრუნველყოფით.
არაბთა გაერთიანებული საემიროების სახელმწიფო ნავთობკომპანიის პროგნოზით, ირანის ომი ახლა რომც დასრულდეს, ომამდელი მიწოდების 80%-ის აღდგენას მინიმუმ ოთხი თვე დასჭირდება, სრულად კი 2027 წლის პირველ ან მეორე კვარტალამდე ვერ განახლდება.