
აფხაზეთში რუსეთის „ელჩად" ბელგოროდის ოლქის გუბერნატორს, ვიაჩესლავ გლადკოვს ნიშნავენ. აფხაზურ საზოგადოებაში ამაზე არაერთგვაროვანი მოსაზრებები გაჩნდა - ზოგი ფიქრობს, რომ კრემლი სოხუმზე ზეწოლას აძლიერებს, რადგან მოუგვარებელი საკითხები, მათ შორის აპარტამენტებისა და უძრავი ქონების გაყიდვები გადაწყვიტოს. ნაწილი კი უბრალო საკადრო ცვლილებებს უკავშირებს.
ვიაჩესლავ გლადკოვმა ბელგოროდის ოლქის ყოფილი გუბერნატორის პოსტი 13 მაისს დატოვა. „როსბიზნესკონსალტინგი" 21 მაისს გავრცელებულ სტატიაში წერს, რომ აფხაზეთში „ელჩად" მისი დანიშვნა დაადასტურა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ და კიდევ ორმა მაღალი თანამდებობის პირმა.
გამოცემის თანახმად, ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, რომ თავად გლადკოვს სურდა სწორედ ამ პოზიციაზე დაენიშნათ.
თავად გლადკოვს კომენტარი არ გაუკეთებია. ჯერ არაფერი უთქვამს არც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ კი განაცხადა, რომ ელჩის დანიშვნის დადასტურება „პრეზიდენტის პრეროგატივაა".
2022 წლიდან ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის „ელჩი" არის კარიერული დიპლომატი მაქსიმ შურგალინი. იგი რუსეთის ე.წ. დიპლომატიური მისიის მესამე ხელმძღვანელია მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2008 წელს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის" „დამოუკიდებლობა" აღიარა.
გუბერნატორის პოსტის დატოვების შემდეგ, 15 მაისს გლადკოვს ალექსანდრე ნეველის ორდენი გადაეცა.
აფხაზი საზოგადოების ერთი ნაწილი „ელჩად" გლადკოვის შესაძლო დანიშვნას მოსკოვის მხრიდან აფხაზეთზე კონტროლის გაძლიერებად აღიქვამს, რადგან სოხუმში იგზავნება პოლიტიკური ფიგურა და არა უბრალოდ კარიერული დიპლომატი.
- მამუკა არეშიძე: „ელჩი" ეს იქნება თუ სხვა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი მოქმედი ფიგურა კირიენკოა".
მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ კრემლი აფხაზეთში უფრო ძლიერი პოლიტიკური კოორდინაციის შექმნას ცდილობს, განსაკუთრებით უსაფრთხოების და ეკონომიკური საკითხების ფონზე. ანუ, ბევრი ფიქრობს, რომ გლადკოვი უფრო მკაცრ ზეწოლას განახორციელებს დე ფაქტო ხელისუფლებაზე, რათა კრემლისთვის სასურველი ნაბიჯების გადადგმა აიძულოს, თუნდაც იგივე აპარტამენტებისა და უძრავი ქონების გაყიდვის საკითხებზე.
კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე კი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ახალი „ელჩის" დანიშვნა ამ მიზეზებთან კავშირში არაა და ეს აფხაზეთის სხვადასსხვა პოლიტიკურმა ჯგუფებმა კარგად იციან.
„ბელგოროდის გუბერნატორი მოაცილეს იმ ვითარებას, რაც იყო. დაიტანჯა, ეტყობა უკრაინელებმა ძალიან შეაწუხეს და გამოსავალი აღარ დარჩა. აღნიშნულ თანამდებობას თავი ვეღარ გაართვა და სავარაუდოდ, გადმოიყვანეს აფხაზეთში. თან დაუფასეს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ბელგოროდის გუბერნიას ხელმძღვანელობდა. ფაქტობრივად, ეს რუსული ოლქი საომარ მოქმედებებშია ჩართული.
„თუმცა მინდა გითხრათ, რომ მას არავინ არაფერს ეკითხება. „ელჩი" ეს იქნება თუ სხვა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი მოქმედი ფიგურა კირიენკოა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეა. მას კავკასიის რეგიონი აქვს ჩაბარებული.
„კირიენკო წარმოშობით სოხუმელია, რომელიც ჯერ კიდევ 1988 წელს გავიცანი, როცა შედარებით პატარა ბიჭი იყო. ელცინის პერიოდში გარკვეული დრო პრემიერი იყო, ახლა კი ამ თანამდედობაზეა და სამხრეთ კავკასიას ის კურირებს. მისი ნებართვის გარეშე ვერავინ ვერაფერს იტყვის, მათ შორის ვერც ეს ახალი „ელჩი".
„აფხაზური საზოგადოების დამოკიდებულება ახალი „ელჩის" დანიშვნის მიმართ ნეიტრალურია, რადგან მაინც და მაინც არ იციან ვინ არის. აფხაზური საზოგადოების პოლიტიკური ნაწილი ძალიან კარგად ხვდება, რომ იქ კირიენკოა უფროსი.
„რაც შეეხება აპარტამენტების საკითხს, ეს ისეთი თემაა, რომ რუსეთი არ მოეშვება და ამის განმახორციელებელი კირიენკო იქნება და არა ეს „ელჩი", - განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".