
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინა სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე თავდასხმაში დაადანაშაულა და სამხედროებს საპასუხო ზომების მომზადება დაავალა.
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, ეს იყო ტერაქტი, რომლის დროსაც ექვსი ადამიანი დაიღუპა, 39 დაშავდა, ხოლო 15 ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება.
„იძულებული ვარ, დავიწყო ტრაგიკული მოვლენებით, რომელთა შესახებაც, რა თქმა უნდა, გაიგეთ. კერძოდ, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენებით. გუშინ, ღამით კიევში ხელისუფლებაში მოსულმა ნეონაცისტურმა რეჟიმმა ტერორისტული თავდასხმა განახორციელა სტარობელსკის პედაგოგიური კოლეჯის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე. ღამით, როდესაც სტუდენტებს ეძინათ. მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის სამხედრო, დაზვერვის სამსახურის ობიექტები ან მასთან დაკავშირებული სამსახურები. დარტყმა შემთხვევითი არ ყოფილა; სამ ტალღად განხორციელდა, 16 დრონი ერთისა და იმავე ადგილისკენ იყო მიმართული“, – განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, რუს სამხედროებს საპასუხო ზომების შემუშავება დაევალათ. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ფრონტზე არსებული ვითარება რთულიდან და კრიტიკულიდან კატასტროფულში გადადის, რადგან, პუტინის თქმით, მათ წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლიათ.