რეზონანსი
22.05.2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სტამბოლში, საერთაშორისო ბუნებრივი რესურსების სამიტის ფარგლებში გამართულ ენერგეტიკის მინისტრების სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროექტის სტრატეგიული მონაწილის როლზე ისაუბრა.

მინისტრმა ასევე აქცენტი გააკეთა პროექტის ფარგლებში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე რეგიონული ენერგეტიკული დერეფნის განვითარების პროცესში.

„ჩვენს ქვეყნებს აქვთ განსაკუთრებული მჭიდრო თანამშრომლობა ენერგეტიკის სექტორში, გაზისა და ელექტროენერგიის მიმართულებით. ეს აძლიერებს სამივე ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს და წვლილი შეაქვს ასევე სხვა ქვეყნების, მათ შორის ევროკავშირის ენერგეტიკული სექტორის გაძლიერებაში. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი ენერგეტიკული ტრანზიტის საკვანძო რგოლს წარმოადგენს, რომელიც უზრუნველყოფს კასპიის რეგიონის დაკავშირებადობას თურქეთთან და ევროპის ბაზრებთან. სწორედ საქართველოზე გადის არაერთი სტრატეგიული ინფრასტრუქტურა, მათ შორის უმნიშვნელოვანესი - სამხრეთ კავკასიის მილსადენისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროექტები“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა სამიტის ფარგლებში ჩატარებული ენერგეტიკის მინისტრების სესიის მონაწილეებს სამხრეთ კავკასიის გაზის მილსადენის გავლით ტრანზიტის მოცულობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ხაზი გაუსვა, რომ ის ყოველწლიურად, სტაბილურად იზრდება.

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის წლიური ტრანსპორტირების მოცულობაზე, რომელიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.  მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა  ბაქო-სუფსის მილსადენის სტრატეგიულ და კომერციულ პოტენციალს.

„ჩვენ წლების განმავლობაში აქტიურად ვმუშაობთ ენერგეტიკულ სექტორში რეგიონული პოზიციების გამყარების მიმართულებით და დღეს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის, ზოგადად დაკავშირებადობის მნიშვნელოვანი, მეტიც, განუყოფელი ნაწილია. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან - თურქეთთან და აზერბაიჯანთან თანამშრომლობით მომავალში კიდევ უფრო მნიშვნელოვან როლს შევასრულებთ ევროკავშირის ენერგოდამოუკიდებლობის მხარდაჭერის მიმართულებით“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×