
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ებოლას ვირუსი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო
საფრთხედ გამოაცხადა, რამაც საზოგადოებაში ახალი პანდემიის შიში გააჩინა. თუმცა, სპეციალისტები გვამშვიდებენ, რომ განგაში ნაადრევია - ვირუსი ამ ეტაპზე აფრიკის ორ ქვეყანას არ გასცდენია. მიუხედავად ამისა, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საყურადღებო ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას: მიმდინარე ეპიდაფეთქებას ებოლას ისეთი ქვეტიპი იწვევს, რომლის წინააღმდეგაც არსებული ვაქცინები და მედიკამენტები უძლურია.
"ებოლა ვირუსმა ისევ შეახსენა თავი მსოფლიოს. რამდენიმე დღის წინ ჯანმომ ებოლა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო საფრთხედ გამოაცხადა, რამაც ბევრი შეაშფოთა. თუმცა, ცხადია, ჯანმოს ეს განცხადება არ ნიშნავს პანდემიას, ვირუსის გავრცელება აფრიკის კონტინენტის ორ ქვეყანას არ გასცდენია.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ამჟამად მიმდინარე ეპიდაფეთქებას იწვევს ებოლას ის ქვეტიპი, რომლის წინააღმდეგ ვაქცინა ან მედიკამენტი არ არსებობს.
ვირუსის გავრცელება დაიწყო კონგოში და ახლა შემთხვევები უგანდაშიც რეგისტრირდება. ამჟამინდელი მონაცემებით დაფიქსირებულია 134 სიკვდილის შემთხვევა. 500-ზე მეტი პაციენტი საეჭვოა ებოლაზე.
ერთი პაციენტი, რომელიც არის აშშ მოქალაქე, გადაყვანილია სამკურნალოდ ბერლინში.
ვირუსი გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს სისხლთან და სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან, ასევე დაბინძურებულ ზედაპირებთან კონტაქტით. ჰაერის გზით ებოლას ვირუსი არ გადადის.
ინკუბაციური პერიოდი 2 დღიდან 3 კვირამდეა.
სიმპტომებია:
ცხელება,
ძლიერი საერთო სისუსტე,
კუნთების და თავის ტკივილი,
გულისრევა და ღებინება,
გამონაყარი,
მძიმე შემთხვევებში სისხლდენა სხვადასხვა ორგანოდან,
თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა.
სიკვდილობის მაჩვენებელი 25-დან 90%-დეა.
ვაქცინა არსებობს ებოლას სხვა, ზაირის ქვეტიპის წინააღმდეგ და სხვადასხვა აფეთქებების დროს ეფექტურად იყენებდნენ, თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ეს ვაქცინა ამჟამად მიმდინარე ეპიდემიის გამომწვევი ქვეტიპის მიმართ არაეფექტურია.
წარსულში ებოლას ყველაზე დიდი ეპიდემია იყო 2014–2016 წლებში, რომლის დროსაც ინფიცირების დაახლოებით 28 ათასი და სიკვდილის 11 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე