
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ICG-ის დასკვნით, ევროკავშირი და აშშ-ის ბაიდენის ადმინისტრაცია ოფიციალური თბილისის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვას ცდილობდნენ. საუბარია მრავალგვერდიან ანგარიშზე, რომელიც საერთაშორისო კრიზისების ჯგუფმა საქართველოსა და მის ირგვლივ განვითარებულ გეოპოლიტიკურ პროცესებს მიუძღვნა.
სტატიაში ნათქვამია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ ბრიუსელისა და შტატების წინა ადმინისტრაციის ზეწოლის მიუხედავად, პრაგმატული პოლიტიკა აირჩია. შესაბამისად, ქვეყანამ მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება მიიღო. კვლევა აზიის სახელმწიფოებთან დამყარებულ ახალ კონტაქტებზეც საუბრობს. ასევე აღნიშნულია, რომ ბრიუსელის შანტაჟმა და ნეგატიურმა რეზოლუციებმა არ იმუშავა. ICG-ის შეფასებით, ევროინტეგრაციის პროცესის ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან ცალმხრივი შესუსტების მიუხედავად, საქართველო ნატოსა და ევროკავშირთან არსებულ ყველა პრაქტიკულ პროცესს შეუფერხებლად განაგრძობს.
ვრცელ ანალიზში ICG საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში უხეში ჩარევის მცდელობაზეც ამახვილებს ყურადღებას. "ქართული ოცნების" ხელისუფლების პრაგმატული ნაბიჯების გამო, ორგანიზაციის შეფასებით, ევროპული ბიუროკრატია 2024 წელს მმართველი პარტიის წინააღმდეგ მოქმედებდა. მუქარები ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე და მოწოდებები ოპოზიციის არჩევისკენ - კრიზისების ჯგუფის განმარტებით, პროცესში დიპლომატიური კორპუსიც კი იყო ჩართული.
ორგანიზაცია მმართველი პარტიის დამფუძნებლისა და ლიდერების განცხადებებზეც საუბრობს, რომლებმაც ხელისუფლებაში სააკაშვილის თანამოაზრეების ჩარევის გზით დაბრუნების მცდელობაზე არაერთხელ განაცხადეს. ICG საქართველოს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის საკვანძო ნაწილად მიიჩნევს და ევროკავშირის ლიდერებს საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობების აღდგენისკენ მოუწოდებს.
გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა სახელისუფლებო გუნდისთვის "ქართული ოცნების" სწორ საგარეო პოზიციონირებას კიდევ ერთხელ ადასტურებს. მმართველ გუნდში რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ უსამართლო პოლიტიკაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ზეწოლის მიუხედავად, საქართველოში სუვერენიტეტისა და მშვიდობის დაცვა მაინც მოხერხდა.
საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნას არ ეთანხმება ქართული ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები კვლავ ამტკიცებენ, რომ საქართველოს რუსეთთან დაპირისპირება არავის უცდია. მოწოდებები სოხუმში ტანკებით გასეირნებისა და უკრაინაში სამხედრო მოხალისეების თვითმფრინავით გაგზავნის შესახებ კი, მათი შეფასებით, პროვოკაციული არ ყოფილა.
ოპოზიციისა და კვლევაში ნახსენები ევროპელი ბიუროკრატების საერთო, ნეგატიურ ინტერესებზე საუბრობენ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლების თქმით, რუსეთ-უკრაინის ომმა და მსოფლიო გეოპოლიტიკურმა კატაკლიზმებმა საქართველოს ხელისუფლების ყველა ნაბიჯის აუცილებლობა დაადასტურა.
ICG მსოფლიოს მასშტაბით კონფლიქტებსა და მათ შედეგებს პერმანენტულად იკვლევს. ორგანიზაციის დასკვნით, ქართული სახელმწიფოსა და ხელისუფლების პრაგმატულმა საგარეო პოლიტიკამ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობა გაზარდა.