
ხელისუფლება ფასდაკლებული სურსათის კონტროლის მექანიზმს აძლიერებს. კონკურენციისა სააგენტომ წარმოადგინა ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს ელექტრონული პლატფორმის შექმნას. სწორედ ამ პლატფორმაზე განთავსდება საუკეთესო შეთავაზება და ფასები. რამდენად ეფექტიანი იქნება ეს მექანიზმი, მალე გამოჩნდება, მანამდე კი სპეციალისტების აზრი ორად გაიყო - ერთი ნაწილის აზრით, პროდუქტების ფასდაკლებას საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ჯანსაღი კონკურენცია უზურუნველყოფს. სპეციალისტების მეორე ნაწილს კი იმედი აქვს, რომ სახელმწიფო კონტროლის აძლიერებს და პროდუქტების შემდეგ, მედიკამენტების გაიაფებასაც ელოდება.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ახალი ინიციატივა უზრუნველყოფს მომხმარებლის მაქსიმალურ ინფორმირებულობას იმის შესახებ, თუ რომელი ქსელი სთავაზობს მას გარკვეულ პროდუქციაზე საუკეთესო შეთავაზებას. ამით ქსელებს შორის კონკურენციის ხარისხიც გაძლიერდება.
„ქსელებს ექნებათ ვალდებულება, ინფორმაცია წარმოადგინონ ყოველკვირეულად, შესაბამისად, მომხმარებელი მაქსიმალურად იქნება ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რომელი ქსელი სთავაზობს გარკვეულ პროდუქციაზე საუკეთესო შეთავაზებას ან ფასს. აღნიშნული ასევე უზრუნველყოფს კონკურენციის გაძლიერებას ქსელებს შორის“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, სწორედ პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში და პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნის საფუძველზე, უწყებას დაევალა, მომხმარებლებს ქსელურ მარკეტებში, „საოჯახო კალათის“ პროგრამაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებისა და ფასების შესახებ ინფორმაცია ერთ სივრცეში, ელექტრონული კალათის ფორმატში შესთავაზოს.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, პროდუქციის ფასების შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ დასკვნა მოამზადა, ქსელურმა მარკეტებმა მომხმარებლებისთვის „სოციალური კალათით“ ფასდაკლებების შეთავაზება დაიწყეს. სუპერმარკეტების წარმომადგენლებმა ისიც აღნიშნეს, რომ სპეციალურ კუთხეს გამოყოფდნენ, სადაც ფასდაკლებულ პროდუქციას განათავსებდნენ.
ერთია დაპირება, მეორეა - რეალობა, რომელიც არც ისე სახარბიელოა. 15 დასახელების პროდუქტი მარკეტში, ერთ კუთხეში კი არ არის განთავსებული, სხვა პროდუქტებთან ერთად არის გაბნეული და მხოლოდ სტიკერების საშუალებით შეიტყობთ, ფასდაკლებულია თუ არა. პორტალი, რომელსაც კონკურენციის სააგენტო ქმნის, კონტროლის ერთგვარი მექანიზმი იქნება, ოღონდ მანამდე საინტერესოა, რა ბერკეტი უნდა აამოქმედოს სახელმწიფომ, რომ „უკონტროლო“ ბიზნესმა თვითნებურად არ იმოქმედოს.
ეკონომისტი სოსო სიმონიშვილმა „რეზონანსს“ განუცხადა, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ფასებს ჯანსაღი კონკურენცია არეგულირებს, რასაც არ სჭირდება არც დროებითი და მით უმეტეს, არც მუდმივი კომისია.
„პირველ რიგში, სახელმწიფომ ის უნდა გააკეთოს, რაც მას ევალება და რაც მისი უპირველესი მისიაა, რისთვისაც სახელმწიფო არსებობს საბაზრო ეკონომიკის პირობებში - კონკურენტული გარემო უნდა შექმნას. ეს არის მთავარი. ამის შემდეგ აღარ დასჭირდება არც ფასების შესწავლა და არც ათასგვარი მაიმუნობა. ჩვენს ქვეყანაში რომ კონკურენტული გარემო იყოს, პროდუქციაზე ფასი იქნებოდა საბაზრო. საბაზრო ფასი ნიშნავს იმას, რომ გამყიდველიც და მყიდველიც შეძენის მომენტში არის კმაყოფილი, ანუ ბაზარზე ისეთი ფასებია, მყიდველისთვისაც მისაღებია და გამყიდველსაც უღირს, რომ ამ ფასად გაყიდოს“, - განუცხადა „რეზონანსს“ სოსო სიმონიშვილმა.
მისი აზრით, მთელ დასავლურ სამყაროს მოედო სოციალიზმის ჭაობი, განსაკუთრებით, ევროპას. ამან გამოიწვია საშინელი დეგრადირებს და ეკონომიკის ვარდნა.
„ხომ ხედავთ, რომ აშშ, ჩინეთი და ასე შემდეგ, დასავლეთ ევროპის ქვეყნებს არაფრად აღარ თვლიან და მოლაპარაკებებზეც არ პატიჟებენ. დამთავრდა „დიდი შვიდეული“, რომელიც თუ ადრე განსაზღვრავდა მსოფლიოს ბედს, ამ შვიდეულში შემავალი ევროკავშირის ქვეყნები ახლა ვერაფერში ვეღარ მონაწილეობენ. ეს გამოიწვია სოციალიზმმა, შემცირდა ამ ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტი და სამხედრო ძლიერება. ამ მავნე სოციალიზმმა გამოიწვია გამაოგნებელი რამ - ის მედიკამენტები, რომლებსაც აშშ აწარმოებდა, სამჯერ და ხუთჯერ უფრო ძვირი ღირდა ამერიკაში, ვიდრე ევროპაში. ტრამპი იძულებული გახდა, პირადად დალაპარაკებოდა ევროპის ქვეყნების პირველ პირებს, რომ წამალი, რომელსაც აშშ აწარმოებდა, გაეყიდათ უფრო ძვირად. აიძულა ლიდერები, რომ ფასები აეწიათ, რათა ამერიკული კომპანიებისთვის კომერციულად მომგებიანი ყოფილიყო, რომ მერე ამერიკაში გაიაფებულიყო ეს წამლები.
სასწაული მოხდა, 500-600%-ით გააიაფა ტრამპმა მედიკამენტები ამერიკაში. ცხადია, ასეთი ჩარევა ცუდია, თუმცა ევროპაში საბაზრო ეკონომიკა, დემოკრატია და თავისუფალი კონკურენცია რომ ყოფილიყო, ტრამპს ეს არ დასჭირდებოდა. ჩვენც სხვა გზა არ გვაქვს, დროებითი ღონისძიების სახით, შეგვიძლია, მოგების მარჟაც კი დავუწესოთ ბიზნესს“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას სოსო სიმონიშვილმა.
სრულიად განსხვავებული პოზიცია აქვს „ხალხის ძალის“ წევრს, თამარ ჩიბურდანიძეს, რომელმაც „რეზონანსს“ განუცხადა, რომ კონტროლის ყველაზე ძლიერი მექანიზმი მონიტორინგია, რასაც კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო აპირებს კიდეც, სპეციალური პლატფორმის შექმნით.
„კონტროლის კიდევ ერთი მექანიზმი ფიზიკური შემოწმება, ანუ მონიტორინგია, რაც სულაც არ არის რთული. რაც შეეხება ფასდაკლებულ პროდუქციას, მაგალითად, „ფრესკოში“ და „სმარტშიც“ არის კუთხე, სადაც განთავსებულია ფასდაკლებული პროდუქცია, სხვა მარკეტებშიც გვხვდება. ზოგადად, ფასდაკლებების ტენდენცია მანამდეც ჰქონდათ სუპერმარკეტებს, რითაც იზიდავდნენ მყიდველებს. ეს იყო ერთგვარი მარკეტინგული ხრიკი, რაც ძალიან მომგებიანია - ერთ ან ორ პროდუქტზე დააკლებდნენ ფასს ხალხის მოსაზიდად და იქ შესული ადამიანი, ერთი და ორი პროდუქტით აღარ გამოდიოდა, სხვასაც იძენდა“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას თამარ ჩიბურდანიძემ.
რაც შეეხება მოგების მარჟის დაწესებას, თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა, რომ პროფესიით ეკონომისტი არ არის და გაუჭირდება ამ თემაზე საუბარი, თუმცა იქვე დასძინა, რომ გარკვეული კონტროლი აუცილებელია.
„მე ახლა სულ სხვა რამ მაინტერესებს და კიდევ ერთხელ ვსვამ კითხვას - რატომ ვაკეთებთ აქცენტს მხოლოდ სუპერმარკეტებსა და კვების პროდუქტებზე და არა აფთიაქებზე? კატასტროფულად გაზრდილია ფასი მედიკამენტებზე, საშინელება ხდება აფთიაქებში. მაგალითად, ევროპიდან შემოსული მედიკამენტი, თუ ადგილზე ღირს 120 დოლარი, საქართველოში მისი ფასი 1800 ლარია. მარტო საკვები პროდუქტების ფასების დარეგულირება არ არის მოსახლეობაზე ზრუნვა, წამლების ფასებიც საკმაოდ მძიმე ტვირთია ხალხისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს აქვს არაჩვეულებრივი ინიციატივა და საგრძნობლად გაზარდა იმ წამლების დასახელება, რაც სიმბოლურ თანხად შეუძლია, ხალხმა იყიდოს, ბევრმა მაინც არ იცის ამის შესახებ და ინდივიდუალურად მიწევს ახსნა, რომ მიმართონ ოჯახის ექიმს, რათა სიმბოლურ ფასად შეიძინონ და ზედმეტი არ გადაიხადონ წამლებში. გარდა ამისა, შეღავათია ისიც, რომ თურქეთიდან შემოიტანეს მედიკამენტები საკმაოდ იაფად. ძალიან კარგია ეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მედიკამენტები კატასტროფულად ძვირია. ბევრი წამალი არ არის ფასდაკლების ჩამონათვალში და არც თურქეთიდან შემოდის, არადა ხალხს სჭირდება. ამიტომ, პროდუქტების შემდეგ, მედიკამენტების ფასებზეც უნდა ვიზრუნოთ“, - განუცხადა „რეზონანსს“ თამარ ჩიბურდანიძემ.