
პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ერთ-ერთი პროევროპული ქვეყანა აფხაზეთის ტერიტორიის გამოყენებით ვაჭრობს რუსეთთან. პრემიერი ამ სახელმწიფოს არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ის არც საქართველოს მეზობელია და არც ევროკავშირის წევრი. ანალიტიკოსები სავარაუდო ვერსიებს ასახელებენ და ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებამ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს.
„არის ე.წ. პროევროპული ქვეყანა, ეს არ არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა, რომ ამას რაღაც სპეკულაციები არ მოჰყვეს, რომელიც რუსეთში გზავნის საკუთარ კონკრეტულ პროდუქციას აფხაზეთის გავლით და ეს ქვეყანა არის გამოცხადებული უკიდურესად პროევროპულ და ძალიან დემოკრატიულ ქვეყნად. ასეთი რაღაცები ხდება. ყველამ ყველაფერი იცის სინამდვილეში - აფხაზეთს იყენებს იმისთვის, რომ კონკრეტული პროდუქცია გაგზავნოს ექსპორტზე რუსეთში და ეს არის პროევროპული ქვეყანა და საქართველო არის ანტიევროპული და პრორუსული ქვეყანა. იმდენად სამარცხვინოა ეს ორმაგი სტანდარტები, რომ არ შეიძლება მაინცდამაინც ღრმა შეფასება მივცეთ ამ ყველაფერს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ვარაუდობს, რომ პრემიერი მოლდოვას გულისხმობდა.
„საინტერესო ინტერვიუ ჰქონდა გუშინ პრემიერს. ვიფიქრე რომელია „დიმიტრი ყიფიანი", ის პროევროპულად და დემოკრატიის მაგალითად მიჩნეული სახელმწიფო, თან ევროკავშირის არაწევრი და არც ჩვენი მეზობელი, რომელსაც აფხაზეთის გავლით საკუთარი პროდუქცია შეაქვს რუსეთში - სავარაუდოდ, მოლდოვაზე უნდა იყოს საუბარი.
- ზაალ ანჯაფარიძე: „საინტერესო ინტერვიუ ჰქონდა გუშინ პრემიერს... სავარაუდოდ, მოლდოვაზე უნდა იყოს საუბარი."
„მეორე მნიშვნელოვანი მომენტი - პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროსტრუქტურები თავიანთი ქმედებებით საქართველოს მიმართ „გარკვეულ შედეგს მაინც აღწევენ". და ამ შედეგს ყველა ვხედავთ - ქვეყანაში დაძაბულობის და დაპირისპირების შენარჩუნება. თუ ასეა, და პრობლემა არსებობს, მაშინ ალბათ სხვა დამატებითი ზომების მიღება იქნება საჭირო პრობლემის გადასაწყვეტად.
შემიძლია არაერთი ჩამოვთვალო, მაგრამ დავუტოვოთ ეს საქმე ხელისუფლებას, ის მაინც ხელისუფლებაა...", - წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეშვილი ფიქრობს, რომ საუბარი არა მოლდოვაზე, არამედ უფრო დიდ სახელმწიფოზეა. მისივე აზრით, თუ საქართველოს ხელისიფლებას ამ მიმართულებით ამ დრომდე არაფერი გაუკეთებია, ეს თავისთავად დანაშაულია.
- პაატა ზაქარეიშვილი: „მარჩიელობას არ დავიწყებ, რადგან კობახიძის თამაშებში აყოლა ამორალურია. ალბათ, უფრო მსხვილ სახელმწიფოებზეა საუბარი."
„რებუსებით ლაპარაკი არ გამოვა. კობახიძე აი, ამ ბოლომდე არდასახელებას ძალიან ბოროტად იყენებს. ეს ძალიან უსინდისო და არაკორექტული ქცევაა. ის პრემიერია და არა ვინმე ექსპერტი ან ფილოსოფოსი, რომელიც თავს უფლებას აძლევს ასე ისაუბროს. პირდაპირ უნდა თქვას, რომელ ქვეყანას გულისხმობს. მითუმეტეს, თვითონ საქართველოა ის პროევროპული ქვეყანა, რომელიც აფხაზეთის გამოყენებით ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არღვევს. მისი სიტყვები მე ასე გავიგე - თან თქვას სათქმელი, თან არა.
„არანაირი მორალური უფლება არ გვაქვს რომელიმე ქვეყანას თითი დავადოთ და ვიმარჩიელოთ, რა თქვა ადამიანმა, რომელიც თავს საქართველოს პრემიერად თვლის. პოლიტიკა უნდა იყოს ცხადი და მკაფიო, კობახიძეს კი ბუნდოვანება შემოაქვს.
„მოლდოვას ზღვაზეც კი არ აქვს ნორმალურად გასასვლელი როგორ შეიძლება ის იყოს? სასაცილოა. 100%-ით გამორიცხულია, რადგან ის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მონდომებულია, რომ მისი წევრი გახდეს. ალბათ, უფრო მსხვილ სახელმწიფოებზეა საუბარი. მარჩიელობას არ დავიწყებ, რადგან კობახიძის თამაშებში აყოლა ამორალურია. ალბათ, უფრო მსხვილ სახელმწიფოებზეა საუბარი.
„რასაც ახლა პრემიერი კადრულობს, საქართველოს მართლმსაჯულობის წინაშე დანაშაულია. გამოდის, მან რაღაც იცის. ასევე იცის, რომ საერთაშორისო სამართლის დონეზე რუსეთი დახმარებას ღებულობს, რაც საქართველოს ტერიტორიის გავლით ხორციელდება და ჩვენ ისევ რებუსებით გვეთამაშება. მის წინააღმდეგ შეიძლება უკვე სისხლის სამართლის საქმე შეიკეროს უამრავ სხვა საქმეებთან ერთად. ესე იგი ის დანაშაულს ხელს აფარებს იმის ნაცვლად, რომ მკაფიოდ ისაუბროს, ან თქვას, რომ ჩვენ იმ ქვეყანას ნოტა გავუგზავნეთ. მეტიც, თქვან, რომ ევროკავშირს გაუგზავნეს ნოტა, ან ეს საკითხი საერთაშორისო სამართლის დონეზე უკვე დააყენეს. თუ ამ წუთამდე კობახიძეს ეს არ გაუკეთებია და საკუთარ თავს უფლებას აძლევს საზოგადოების წინაშე ასეთი განცხადება გააკეთოს, უკვე დამნაშავეა. შეიძლება მე ან რომელიმე ექსპერტმა თქვას, რომ აი, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიას იყენებენ ამაში, მაგრამ კობახიძე თავს პრემიერად აცხადებს და რაკი ამას ამბობს, დანაშაულზე მიდის", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".