რეზონანსი
21.05.2026

გაერო-ს 141 ქვეყანა, მათ შორის საქართველო შეთანხმდა, რომ წიაღისეული საწვავის გამოყენებას შეამცირებენ. წინააღმდეგ გამოვიდნენ აშშ, რუსეთი, ისრაელი, ირანი და საუდის არაბეთი.

კერძოდ, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ქვეყნებს იურიდიულად ავალდებულებს, შეამცირონ წიაღისეული საწვავის გამოყენება და ებრძოლონ კლიმატის კრიზისს. დოკუმენტი ადასტურებს გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს 2025 წლის ივლისის დასკვნას.

რეზოლუციას, რომელიც კუნძულოვანმა სახელმწიფომ ვანუატუმ წარადგინა, მხარი დაუჭირა 141-მა სახელმწიფომ. წინააღმდეგ რვა ქვეყანამ მისცა ხმა. ესენია: აშშ, რუსეთი, ბელარუსი, საუდის არაბეთი, ისრაელი, ირანი, ლიბერია და იემენი.

გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ტემი ბრიუსმა განაცხადა, რომ რეზოლუცია შეიცავს „მიუღებელ პოლიტიკურ მოთხოვნებს, რომლებიც წიაღისეულ საწვავს უკავშირდება“.

როგორც „ასოშიეთედ პრესი“ წერს, თებერვალში დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობდა, სხვა ქვეყნები დაერწმუნებინა, რომ ზეწოლა მოეხდინათ ვანუატუზე, რათა მას რეზოლუცია გაეწვია.

კენჭისყრისას რამდენიმე ქვეყანამ თავი შეიკავა. მათ შორის იყვნენ ქვეყნები, რომლებიც კლიმატის სამიტ COP31-ში მონაწილეობენ, მათ შორის თურქეთი, ინდოეთი, ასევე ნავთობის მწარმოებელი კატარი და ნიგერია.

როგორც „გარდიანი“ წერს, გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს დასკვნა იურიდიულად სავალდებულო არ არის, თუმცა ის უკვე გამოიყენება კლიმატთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებში მთელ მსოფლიოში და მოსამართლეები გადაწყვეტილებების მიღებისას მასზე სულ უფრო ხშირად მიუთითებენ.

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერიში ასამბლეის მიერ რეზოლუციის მიღებას მიესალმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×