
ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილი დავამხოთ, არჩევნებით ეს გამორიცხულია, - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ საკუთარ სასამართლო პროცესზე.
ახალაია აცხადებს, რომ ქართველი ხალხი დიქტატურაში ცხოვრობს.
„ხელისუფლება, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს უნდა დავამხოთ, ეს არის ერთადერთი გზა. როდესაც დიქტატურა აწვება, საზოგადოების გზა არის დამხობა. არცერთი ტირანია მთელ ერს არ დაუმხია, მთელი ერი არც მონაწილეობს ხოლმე ამ პროცესში. რეჟიმს მხარდამჭერებიც ჰყავს ხოლმე. რა ძალა, რა ფორმაც არ უნდა გახდეს საჭირო, უნდა მივაღწიოთ რეჟიმის დამხობას და ამ სასამართლო დარბაზებში უნდა გავასამართლოთ. იმ სასამართლოთი უნდა გასამართლდნენ, რომელიც იარსებებს. თქვენ მოგიწევთ „ქოცების“, მოსამართლეების, პროკურორების გასამართლება.
ადამიანებს ეშინიათ ციხის, შეურაცხყოფის, რომელსაც რეჟიმის მხრიდან მიიღებენ, ამიტომ არ საუბრობენ პოლიტიკური აქტორები დამხობაზე. ვიღაცები ამბობენ, არჩევნების გზით ხელისუფლებას შევცვლითო, თავს იტყუებენ და ივანიშვილს ატყუებენ. მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ივანიშვილი დავამხოთ. დარწმუნებული ვარ, გადასცემთ. არსებით განხილვაზე განაჩენსაც გამოიტანთ. ჩემი საუბრის მთავარი მოტივი არაა სასამართლოს დარწმუნება“,- აღნიშნა ახალაიამ.
ბაჩო ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.