
დამოუკიდებელი ორგანიზაციის, International Crisis Group (ICG)-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სადაც მიმოხილულია საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირის ლიდერების წინაშე არსებულ დილემაზეა საუბარი. კერძოდ, სტატიაში აღნიშნულია, რომ ლიდერების წინაშე ორი არჩევანია: გააგრძელონ თუ არა სადამსჯელო ზომები, რათა საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკა კვლავ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დააბრუნონ, თუ წევრობის საკითხი დროებით უკანა პლანზე გადაიტანონ და რეგიონულ თანამშრომლობაზე და უფრო ფართო გეოპოლიტიკურ ინტერესებზე გაამახვილონ ყურადღება.
„ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ საკითხზე გაყოფილნი არიან. დომინანტური ბანაკი, რომელიც ძირითადად ჩრდილოეთის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს მოიცავს, მკაცრ მიდგომას უჭერს მხარს. ისინი იმედოვნებენ, რომ გაზრდილი ზეწოლა აიძულებს „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირისადმი უფრო მეგობრულ კურსს დაუბრუნდეს ან ხელისუფლებაში უფრო დამთმობი მთავრობა მოვიდეს.
მეორე ბანაკი, რომელიც ძირითადად სამხრეთის წევრი სახელმწიფოებისგან შედგება, უფრო პრაგმატულ მიდგომას ირჩევს. ამ ქვეყნებს საქართველოსთან უფრო მჭიდრო ორმხრივი კავშირები აქვთ: ისინი ხშირად ყიდულობენ აზერბაიჯანულ გაზს, რომელიც საქართველოს გავლით მიეწოდებათ; მასპინძლობენ ქართველ მიგრანტ მუშახელს და პოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად, თბილისთან კონსტრუქციული ურთიერთობების შენარჩუნება სურთ. მათი აზრით, ევროკავშირის ამჟამინდელი მკაცრი პოლიტიკა რეგიონში ევროპულ ინტერესებს აზიანებს,“ - აღნიშნულია სტატიაში.
ამავე დროს, ხაზგასმულია ისიც, რომ საქართველოს ლიდერებისადმი ცივი დამოკიდებულება მკვეთრად ეწინააღმდეგება ევროკავშირის თბილ ურთიერთობებს მეზობელ მთავრობებთან, რომლებსაც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხრივ გაცილებით უარესი რეპუტაცია აქვთ, მაგალითად აზერბაიჯანსა და თურქეთთან. თურქეთი კვლავ კანდიდატი ქვეყანაა, მიუხედავად იმისა, რომ მისი გაწევრიანების პროცესი გაყინულია.
ევროკავშირის ოფიციალური პირები ამ განსხვავებულ მიდგომას ორი არგუმენტით ხსნიან. პირველი ის არის, რომ თავად „ქართულმა ოცნებამ“ მოითხოვა უფრო მაღალი სტანდარტებით შეფასება, ევროკავშირში გაწევრიანების სურვილისა და ამ მიზნის რეალისტურად წარმოჩენის გამო. მეორე კი რეალპოლიტიკაზე დაფუძნებული აღქმაა, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანი და თურქეთი ბრიუსელისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია: აზერბაიჯანი - ევროპის არარუსული ენერგომომარაგებისთვის, ხოლო თურქეთი - მიგრაციის, უკრაინის, სირიისა და სხვა კრიტიკული საკითხების მიმართულებით თანამშრომლობისთვის.
თუმცა, როგორც ორგანიზაციის მიმოხლივაში ვკითხულობთ, ყველაზე კრიტიკულად განწყობილ ევროპელებშიც კი იზრდება აღიარება, რომ იზოლაციამ და ზეწოლამ სასურველი შედეგი ვერ მოიტანა და ჩიხიდან გამოსასვლელად ახალი იდეებია საჭირო. მაგალითად, საფრანგეთმა, რომელიც ადრე საქართველოს მიმართ პოზიციის შერბილების სურვილს თითქმის არ გამოხატავდა, ახლა თბილისთან თანამშრომლობისადმი ახალი ინტერესი გამოავლინა.
ICG-ის მოსაზრებით, ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა, საქართველოსთან მიმართებით შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგან: აგრესიული რიტორიკის შემცირება, ევროკავშირის გაფართოებისა და რეგიონულ პრიორიტეტებზე თანამშრომლობის განცალკევება, საქართველოს კვლავ ჩართვა სატრანზიტო საკითხების განხილვაში.