რეზონანსი
21.05.2026

ქვიშის არტისტი, 2012 წლის პროექტ "ნიჭიერი"-ს გამარჯვებული ნონა გიუნაშვილი დღეს საქართველოს საჯარო სკოლების დიდ ნაწილში დარეკილ ბოლო ზარს ეხმიანება: 

"ახალგაზრდებს ვულოცავ სკოლის დამთავრებას... ვუსურვებ გაცნობიერებულ საკუთარ მეს და სრულყოფილ არჩევანის უფლებას ცხოვრების გზებზე...

დღეს ჩემი ბოლო ზარი გამახსენდა. ბოლო ზარი, რომლის ღონისძიებაზეც ჩემმა დამრიგებელმა არ შემიშვა... 2002 წელი. ბოლო ზარის წინსაფარი მე და დედამ შევკერეთ... ჩემი 2 თვის ბავშვიც დედამ დაიტოვა და მე ბოლო ზარზე წავედი. მახსოვს, თან მიხაროდა, თან ძალიან განვიცდიდი. არ ვიცოდი, როგორ შემხვდებოდნენ ჩემი კლასელები. დიდი ხანი არ მენახა და თან მე უკვე გათხოვილი ქალი ვიყავი. 17 წლის გათხოვილი ქალი, 2 თვის ბავშვით... ჩემი კლასელები ძალიან თბილად შემხვდნენ, რაღაც მომენტში მომეჩვენა, რომ არაფერი შეცვლილა, რომ ისევ ისეთი ვიყავი... შემდეგ იყო ჩემთვის ყველაზე დრამატული მომენტი.

სკოლის ბოლო ზარის ღონისძიება იწყებოდა. ყველანი კლასში შევიდნენ. მე არ ვმონაწილეობდი ამ ღონისძიებაში, არ მქონდა არანაირი ტექსტი. მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ კლასელებთან ერთად, მათ გვერდით დავჯდებოდი. და უცებ ჩემმა დამრიგებელმა მითხრა, რომ ჩემი ადგილი არ იყო... ვთხოვე, რომ უბრალოდ დავესწრებოდი, ვუყურებდი ჩემს კლასელებს, მაგრამ კიდევ გამიმეორა, რომ ადგილი არ იყო... ჩემი ადგილი არ იყო და კარები მომიხურა.

წამოვედი სახლში. მოვდიოდი და ფეხები მეკვეთებოდა. ყურებში მესმოდა ხმა, "შენი ადგილი არ არის". და თითქოს ჩემი ადგილი არსად არ იყო. უცნაური განცდა მქონდა, თითქოს არც იქ არ იყო ჩემი ადგილი, სადაც მივდიოდი. სახლში მისვლაც არ მინდოდა. არ მინდოდა ის ცხოვრება, რომელიც მქონდა. და თან დანაშაულის განცდა მაწუხებდა, რომ სახლში ჩემს შვილთან მისვლა არ მიმიხაროდა. მხოლოდ მეტირებოდა, რადგან ვხვდებოდი, რომ ჩემი ადგილი არსად არ იყო.

ალბათ ჩემი დამრიგებელი ვერასოდეს მიხვდება, როგორ მატკინა გული... ბანკეტზე აღარ წავსულვარ. არც კაბა მქონდა და აღარც სურვილი..."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×