ადგილობრივი ხელისუფლება, პირველ რიგში, ბიზნესისთვის გადასახადის დაწესების წინადადებით გამოდის
ქეთო გოგოხია
20.05.2026

სვანეთს ჭარბი ელექტრომოხმარების გამო შესაძლოა, შეზღუდვები დაუწესდეს. კონკრეტულად რა ნაბიჯი გადაიდგმება, უცნობია, თუმცა მცდელობაა, რომ ბიზნესს დენის გადასახადის ნაწილობრივი გადახდა დააკისრონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხმარება კატასტროფულად იზრდება და ტენდენცია გაგრძელდება, რაც მთლიანად ენერგოსექტორს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. იმის გამო, რომ კრიპტოვალუტის გამომუშავება დიდ რესურსს მოითხოვს, ხოლო რეგიონი გადასახადისგან თავისუფალია, ენერგოსისტემა შეიძლება გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდეს.  პრობლემას ხელისუფლებაც აღიარებს. როგორც მესტიის მერმა კახა ჟორჟოლიანმა განაცხადა, მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის გადასახადის საკითხი კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. განსაკუთრებით პრობლემურია ე.წ. ბიტკოინის აპარატების მიერ გაზრდილი ენერგომოხმარება და აუცილებელია, რომ ბიზნესებმა და მათ, ვისაც მაინერის დადგმა სურს, დენის საფასურის გადახდა დაიწყონ. 

,,ელექტროენერგიის გადასახადის საკითხის გადაწყვეტის შემდეგ მაინერების მუშაობით გამოწვეული ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარება დასტაბილურდება. ბიზნესმა დენის გადასახადის ნაწილობრივ გადახდა მაინც უნდა დაიწყონ. ამას თუ ჩვენ მოვახერხებთ, შემდეგ უკვე კარგად გვექნება საქმე. მოსახლეობასთან, დეპუტატთან ერთად, ყოველ შეხვედრაზე გვაქვს აღნიშნულ საკითხზე საუბარი და ვეღარ გავურბივართ იმას, რაც სიმართლეა. 

აუცილებელია ბიზნესმა გადასახადი გადაიხადონ, სოციალურს ჩვენ ვუფინანსებთ და ვისაც მაინერის დადგმა უნდა, მათაც უნდა გადაიხადონ. ჩვენ ვამუშავებთ სტრატეგიას, რომელიც შემდეგ რეგიონალური განვითარების სამინისტროს გადაეცემა და დამტკიცების შემდეგ არა მხოლოდ ელექტროენერგიის გადასახადის საკითხი, არამედ მთლიანად ენერგოპოლიტიკა შეიცვლება. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ენერგორესურსებზე კონცეფციის შემუშავებაა", - აღნიშნა  კახა ჟორჟოლიანმა  ,,ბიზნესპარტნიორთან" საუბრისას.

სპეციალისტების მოსაზრებაა, დატა ცენტრების მიერ ელექტროენერგიის მოხმარება   დაიბეგროს ან თუნდაც ლიმიტირებული ტარიფი დაუწესდეთ, თუმცა ენერგეტიკოსების ერთი ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი და არ მალავს, რომ სვანეთში დენის გადასახადის კორექტირებასთან დაკავშირებული ყველა მცდელობა უშედეგოა. ამ პროცესს გავლენიანი პირები ლობირებენ და რაიმე ცვლილების შეტანას გადასახადთან დაკავშირებით რეალურად არ გეგმავენ.

ამის შესახებ ,,რეზონანსთან" ენერგეტიკოსმა მირონ ფირცხელანმაისაუბრა და აღნიშნა, რომ განცხადებები მუდმივად კეთდება, მაგრამ სინამდვილეში არაფერი იცვლება და ზომების მიღებას მთავრობა  არც მომავალში გეგმავს.

,,ფაქტია, რომ სვანეთში ჭარბი ელექტროენერგიის მოხმარების საკითხი ვერ გვარდება. ვერც მოგვარდება, რადგან დიდძალ ფულს შოულობენ და ამ მოგებაზე უარს არავინ იტყვის. კონკრეტული პირებისგან რა განცხადებებსაც ვისმენთ, ეს არის წლების განმავლობაში ერთ წრეზე ტრიალი. იტყვიან, რომ აიკრძალოს და ელექტროენერგიის დეფიციტი მოგვეხსნება, მაგრამ  ჩაივლის დრო და მერე ისევ თავიდან იწყებენ. ვინ როგორ მოიქცევა და რას იტყვის, ბევრს არაფერს ნიშნავს, ხარვეზი სისტემაშია და თუ ეს ხელისუფლებამ სერიოზულად არ მიიღო, მუდმივად პრობლემა გვექნება. ამასობაში უარესობისკენ მივდივართ, ელექტროენერგიის  დეფიციტი გაიზარდა და თან მოსახლეობას 5 თეთრით გაუძვირეს გადასახადი, ანუ მოქალაქეებას კიდევ უფრო დააჭირეს წიხლი - ეს არის კატასტროფა. 

დღეს ყველა პოლიტიკური პარტია გადასულია ერთმანეთის იაფფასიან ლანძღვაზე და სინამდვილეში ქაოსის შექმნას უწყობენ ხელს. საბოლოო ჯამში, ყველა ერთად ხალხს ატყუებს. სისტემაშია ხარვეზი და მაინინგის სფეროშიც ანალოგიურადაა ყველაფერი. ვინ რას იტყვის, მნიშვნელობა არ აქვს, როგორც ჩანს, კარგად ითბობენ ხელს, რადგან მაინინგისგან უზარმაზარი მოგება რჩება და ამას შეგნებულად უწყობენ ხელს. 

კრიპტოვალუტის ბიზნესს სერიოზული ლობი ჰყავს, ხოლო ვინც გავლენის სფეროში არ შედის, მის ნათქვამს რეალურად აზრი არ აქვს. ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ რაიმე შეიცვლება", - აღნიშნა მირონ ფირცხელანმა "რეზონანსთან" საუბრისას.

ცნობილია, რომ მაინერების მიერ ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარების გამო  მაღალმთიან მუნიციპალიტეტს დენი ხშირად ეთიშება. ქალაქში ტურისტულ  ობიექტებს გამართული მუშაობა, ფაქტობრივად, ყველა სეზონზე უჭირს.

ორგანიზაცია ,,მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დირექტორის,  მურმან მარგველაშვილის თქმით, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული პრობლემა დროულად მოსაგვარებელია. არანაირი ეკონომიკური სარგებელი ამისგან სახელმწიფოს არ აქვს, ხოლო ქვეყნის ენერგოდამოკიდებულება უფრო მეტად იზრდება და ხალხი ზარალდება.

,,მაინინგი ენერგეტიკის სექტორისთვის დიდი პრობლემაა. ამ დროს არანაირი ეკონომიკური სარგებელი არ მოაქვს. გადასახადს თუ გადაიხდიან, როგორც ყველა სხვა დანარჩენი და თავის ფასში იყიდიან ელექტროენერგიას, გასაგებია, მაგრამ დღესდღეობით მათი არსებობა რეალურად დიდი ტვირთია ეკონომიკისა და ენერგოსექტორისთვისაც. 

არ მესმის, ჩვენი რესურსი რატომ უნდა მოიხმარონ, ეს ცოტა გაუგებარია. სადაც მიწოდებაა, ყველგან აღრიცხული უნდა იყოს. მით უმეტეს, როცა სვანეთში დენის ჭარბი მოხმარებაა, რაც დარგს საფრთხეს უქმნის. ენერგოპოლიტიკის დოკუმენტშიც წერია, რომ უნდა მოგვარდეს განაწილების პრობლემა, სადაც სვანეთიც არის ნახსენები და აფხაზეთიც, ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯი დროულად უნდა გადაიდგას.

განუსაზღვრელი არაფერი შეიძლება, ალბათ აჯობებს ლიმიტირებული შეღავათი  იყოს. პრობლემა არა მაინინგი, არამედ გამრიცხველიანებაა. მესტიაში უნდა დაწესდეს ზღვარი, რომლის მიღმაც აბონენტს თანხის გადახდა მოუწევს. დროულად არის ზომები მისაღები“, - განუცხადა ,,რეზონანსს“ მურმან მარგველაშვილმა. 

ცნობისთვის, სვანეთის რეგიონის მცხოვრებლები ელექტროენერგიის ტარიფს არ იხდიან. ქვეყნის სხვა მაღალმთიან დასახლებებში მთავრობა სამომხმარებლო ტარიფის 50%-იან სუბსიდირებას ახდენს, ზემო სვანეთში კი მოსახლეობა დენის ტარიფის გადახდისგან გათავისუფლებულია.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წელს საქართველოში კრიპტოვალუტების მაინინგის სექტორი მკვეთრად გაიზარდა. როგორც სემეკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა აჩვენებს, ამ სფეროში მოქმედმა კომპანიებმა 2025 წლის მარტო პირველ სამ თვეში უფრო მეტი დენი მოიხმარეს, ვიდრე ფოლადის საწარმოებმა. კრიპტოვალუტების მაინინგით დაკავებული კომპანიების მოხმარება საქართველოს რკინიგზის მოხმარებასაც აღემატებოდა.

ამასთან, მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ  2024 წელს საქართველოში სასერვერო აპარატურის იმპორტი მკვეთრად გაიზარდა და მან 115 მილიონი დოლარი შეადგინა, ბოლო 5 წელიწადში კი ამ საქონლის იმპორტი საშუალოდ 30 მილიონი დოლარი იყო. ესეც, სავარაუდოდ, ქვეყანაში მაინინგის სფეროს გააქტიურებასთან არის დაკავშირებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×