ნატალია ჯვარიძე
20.05.2026

რუსეთი და ჩინეთი გააგრძელებენ შეიარაღებულ ძალებს შორის მეგობრობის განმტკიცებას და ერთობლივად უპასუხებენ სხვადასხვა გამოწვევასა და საფრთხეს, - ამის შესახებ რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და სი ძინპინს შორის პეკინში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

„ქვეყნები გააგრძელებენ ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის ტრადიციული მეგობრობის განმტკიცებას, სამხედრო სფეროში ურთიერთნდობის გაღრმავებას, თანამშრომლობის მექანიზმების გაუმჯობესებას, ერთობლივი წვრთნების, საჰაერო და საზღვაო პატრულირების პრაქტიკის გაფართოებას, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში კოორდინაციისა და ურთიერთობის გაძლიერებას, სხვადასხვა გამოწვევებსა და საფრთხეებზე ერთობლივად რეაგირებას და გლობალური და რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას", - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში საუბარია უკრაინის საკითხზეც და აღნიშნულია, რომ აუცილებელია „უკრაინის კრიზისის ძირეული მიზეზების სრულად მოგვარება" გაეროს წესდების პრინციპების დაცვის საფუძველზე".

„მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ აუცილებელია უკრაინის კრიზისის ძირეული მიზეზების სრულად აღმოფხვრა გაეროს წესდების პრინციპების სრულად და ურთიერთკავშირში დაცვის საფუძველზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს ურთიერთუსაფრთხოება და საფუძველი ჩაეყაროს მდგრად მშვიდობას", - აღნიშნულია განცხადებაში.

ანალიტიკოსების ნაწილის შეფასებით, მსგავსი ერთობლივი განცხადებები მხოლოდ „დიპლომატიური ჟესტი" აღარ არის - ეს არის სიგნალი, რომ რუსეთი და ჩინეთი უსაფრთხოების, სამხედრო და გეოპოლიტიკური კოორდინაციის უფრო ღრმა ეტაპზე გადადიან.

დასავლეთში ფიქრობენ, რომ მოსკოვი და პეკინი ცდილობენ შექმნან აშშ-ისა და ნატო-ს გავლენის საპირწონე ძალა, რაც შეიძლება გამოიხატოს უფრო ხშირ ერთობლივ სამხედრო წვრთნებში, სადაზვერვო თანამშრომლობაში, კიბერუსაფრთხოებისა და სამხედრო ტექნოლოგიების სფეროს კოორდინაციაში.

ექსპერტები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ჩინეთი აკვირდება დასავლეთის მოქმედებებს უკრაინის ომის ფონზე, ხოლო რუსეთი ცდილობს აჩვენოს, რომ საერთაშორისო იზოლაციაში არ იმყოფება.

ამ ფონზე დასავლეთში შიშობენ, რომ თუ უკრაინის ომი გაგრძელდება და ამავე დროს ტაივანის გარშემოც გაიზრდება დაძაბულობა, აშშ-სა და მის მოკავშირეებს ერთდროულად ორ დიდ კრიზისთან გამკლავება მოუწევთ.

ანალიტიკოსები ასევე საუბრობენ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში სამხედრო აქტივობის ზრდაზე - ერთობლივ საზღვაო პატრულებზე, ბომბდამშენების ფრენებსა და არქტიკის მიმართულებით თანამშრომლობაზე, რაც განსაკუთრებით აშფოთებს იაპონიას, სამხრეთ კორეას და ტაივანს.

დასავლელი ექსპერტების ნაწილი ასევე მიიჩნევს, რომ ჩინეთი რუსეთს ეკონომიკური და ტექნოლოგიური მხარდაჭერის გარკვეულ ფორმებს უწევს, რაც შესაძლოა მომავალში ახალი სანქციებისა და გლობალური ეკონომიკური დაყოფის მიზეზიც გახდეს.

თუმცა, მიუხედავად დაახლოებისა, ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ სრულფასოვანი სამხედრო ალიანსი ჯერ ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან ჩინეთს არ სურს პირდაპირ რუსულ სამხედრო კონფლიქტებში ჩართვა, ხოლო რუსეთს პეკინზე სრულად დამოკიდებულობა. ამიტომ დასავლურ კვლევით ცენტრებში, მათ შორის „რენდის კორპორაციასა" და „სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში" ამ ურთიერთობას უფრო „სტრატეგიულ პარტნიორობას" უწოდებენ, რომლის მთავარი მიზანი დასავლეთზე კოორდინირებული ზეწოლის გაზრდაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×